საქმე ბს-859(კ-18) 17 სექტემბერი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 12 სექტემბრის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
გ. მ-მა 2017 წლის 9 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის N001/16-4718 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის N001/16-4718 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
2018 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დავის საგნის არარსებობის გამო) საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და გ. მ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2018 წლის 12 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა საქმის შეწყვეტა დავის საგნის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, რამდენადაც სარჩელის საგანს წარმოადგენდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლება. 2018 წლის 20 ივნისიდან გ. მ-ი გათავისუფლებულია პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით. შესაბამისად, დავის საგანი ამოწურულია. პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მით უფრო, გათავისუფლების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებში ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან არ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;
3. გ. მ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი