Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-878(კ-18) 17 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ხ-ე).

2017 წლის 28 მარტს ა. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 1 მარტის #102 განკარგულებისა და ამავე კომისიის 2017 წლის 9 იანვრის #15 საოქმო გადაწყვეტილების მის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის709,6 კვ. მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 18 კვ.მ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 იანვრის #15 საოქმო გადაწყვეტილება ა. ხ-ის ნაწილში და ამავე კომისიის 2017 წლის 1 მარტის #102 განკარგულება - ,,მოქალაქე ა. ხ-ისათვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ"; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ხ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუში, ... #2-ის მიმდებარედ 709,5 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთისა და 18 კვ.მ. შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება ჩაჰბარდა 2018 წლის 20 ივნისს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 2018 წლის 11 ივლისს იწურებოდა, საკასაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 16 ივლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით. ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულება საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დადასტურების შესახებ. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ორგანიზაციის წარმომადგენელს ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) 2018 წლის 3 აგვისტოს ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 4 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10_დღიანი ვადა 2018 წლის 13 აგვისტოს 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლს სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელს ნ. ბ-ეს (პ/ნ...) ჩაჰბარდა 2018 წლის 20 ივნისს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 2018 წლის 11 ივლისს იწურებოდა, საკასაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 16 ივლისის საქართველოს ფოსტის მეშვეობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – საკასაციო წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნა დატოვებული საკასაციო საჩივრის საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი), თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი