Facebook Twitter
საქმე ბს-377-374 (გ-17) 01 აგვისტო, 2018წ.
ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ. კ-ის, თ. ბ-ას, მ. ო-ის, კ. კ-ას, გ. პ-ის, დ. ძ-ის, კ. გ-ის, ო. ტ-ისა და რ. პ-ას სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. კ-მა, თ. ბ-ამ, მ. ო-ემ, კ. კ-ამ, გ. პ-მა, დ. ძ-მა, კ. გ-მა, ო. ტ-მა და რ. პ-ამ 10.03.2017 წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 09.12.2016 წ. განხორციელებული ქმედების (რომლის ფიქსაცია მოხდა 09.12.2016წ. შემაჯამებელი ოქმით) დისკრიმინაციულად ცნობა და ქმედების დისკრიმინაციულად ცნობის შემთხვევაში, მოპასუხისათვის დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრის დავალება.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2015-2016 წლებში სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალურად საცხოვრებელი ბინის, არაუმეტეს 40 კვ.მ ფართის, საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში, მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებლო წარმოება, თუმცა გადაწყვეტილებები დღემდე არ არის აღსრულებული. 09.12.2016 წ. თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეები და მათ მდგომარეობაში მყოფი სხვა პირები მიიწვია თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში და მოაწყო ბინების განაწილების კენჭისყრა. ადგილზე მყოფთა უმეტესობამ უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, მაგრამ კომისიამ, მათი მონაწილეობის გარეშე, ჩაატარა კენჭისყრა. მოსარჩელეებს წილად ხვდათ ქ. თელავის ... დასახლებაში მდებარე ბინები, თუმცა მათ ეს ბინებიც კი არ გადასცემიათ საკუთრებაში, კომისიამ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა მოსარჩელეებისათვის ქ. თელავში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემაზე.
მოსარჩელეები თვლიან, რომ ადგილი აქვს პირდაპირი სახის დისკრიმინაცია, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების მოთხოვნები. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც არ გააჩნდათ სასამართლო გადაწყვეტილებებით დადასტურებული მოთხოვნა. მოპასუხემ უპირატესობა მიანიჭა სასამართლო გადაწყვეტილების არმქონე პირებს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადასცა მათ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე არსებული ბინები, რომელთა საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10-ჯერ აღემატება თელავში მდებარე ფართების ღირებულებას. თავდაცვის სამინისტროს ქ. თბილისში ჰქონდა საბინაო ფონდი, საიდანაც შეეძლო მოსარჩელეთა დაკმაყოფილება. ქ. თელავში მდებარე ფართებში არ არის გაზიფიცირება, უწყვეტი წყალმომარაგება, არ არის მოწყობილი სათანადო ინფრასტრუქტურა, ბინები განთავსებულია ავარიულ შენობა-ნაგებობაში, იგი ბინები ცხოვრებისათვის შეუფერებელ მდგომარეობაშია, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მოსარჩელეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა არ არის დასაბუთებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2017 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასკ-ის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითადი ელემენტი საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან წარმოშობილი დავის საგანია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელები ითხოვენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 09.12.2016 წ. განხორციელებული ქმედების (რომლის ფიქსაცია მოხდა 09.12.2016 წ. შემაჯამებელი ოქმით) დისკრიმინაციულად ცნობასა და მოპასუხისათვის დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრის დავალებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2016 წ. N ბს-411-406 (გ-16) განჩინებაზე, რომელშიც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარი დისკრიმინაციულ საქმეებთან დაკავშირებით სპეციალური წესებს ადგენს. სსკ-ის 3631 მუხლის თანახმად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს სსკ-ის XLIV9 თავით დადგენილი წესით, თუ სსკ-ით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის თაობაზე სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა უპირობოდ არ განსაზღვრავს საქმის განსჯადობის საკითხს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი წარმოადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.03.2017წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-8 მუხლიდან, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლიდან, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან გამომდინარე, ყოველი ადამიანი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სსკ-ის მე-11 მუხლში განსაზღვრულია სასამართლოს უწყებრივად ქვემდებარე სამოქალაქო საქმეები, ხოლო სასკ-ის მე-2 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავების ჩამონათვალი. ის ქმედება, რომელიც მოსარჩელეთა აზრით დისკრიმინაციულია, განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც აქტის გამოცემისას ასრულებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. სარჩელის არსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, აქტის გამოცემისას დისკრიმინაციული მოტივის არსებობის დადგენას ეხება. აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი, რაც ცდება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უფლებამოსილებას. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკითხის განხილვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია, დავის საგნის ხელოვნურად დაყოფა გამოიწვევს სარჩელის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განხილვაზე მოსარჩელეთა უფლების ხელყოფას.
სასამართლომ მიუთითა, რომ პირის დარღვეული უფლების აღდგენისკენ მიმართული სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტურად. სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ - ცალკე სასამართლო სისტემებს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით საქართველოში მოქმედებს ერთიანი სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს, განმარტოს ნებისმიერი შინაარსის ნორმატიული თუ ინდივიდუალური აქტი, თუმცა აღნიშნული მსჯელობა არ გამორიცხავს საგნობრივი განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტის აუცილებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას დისკრიმინაციული მოტივით. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშნველობა ენიჭება თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვერ შეაფასებს დისკრიმინაციის საკითხს, რადგან ეს უკანასკნელი მჭიდრო კავშირშია სადავო ბრძანების კანონიერების შესწავლასთან. დაუშვებელია საჯარო სამართლებრივი დავის კერძო სამართლებრივად მიჩნევა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თავის საჯარო სამართლებრივ მოთხოვნას ასაბუთებს კერძო სამართლებრივი ნორმების მეშვეობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისგან. ადმინისტრაციულ პროცესში ორგანო ხშირ შემთხვევაში ვალდებულია სრულად ზიდოს მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.09.2016წ. Nბს-610-604 (გ-16) განჩინების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი არ შეიცავს მითითებას, თუ რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს საქმე, ამდენად, დისკრიმინაციულ ქმედებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამართლებრივ სფეროშიც, შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები შესაძლოა იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული საქმეთა კატეგორიის განმხილველი სასამართლოს განსჯადი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან სახეზეა სასკ-ის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა და დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ თ. კ-ის, თ. ბ-ას, მ. ო-ის, კ. კ-ას, გ. პ-ის, დ. ძ-ის, კ. გ-ის, ო. ტ-ისა და რ. პ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი. იგი წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას, სადავო მოქმედების განხორციელების საფუძველს. უკეთუ დავის საგანს არ შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის რომელიმე ფორმის მართლზომიერება, გამოირიცხება დავის ადმინისტრაციული სასამართლოსადმი ქვემდებარობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში ცალკე დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს შუალედური გადაწყვეტილება ან მოქმედება. მმართველობითი აპარატის ოპერატიულობის უზრუნველყოფის მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამგვარი აქტის/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ, მხარისათვის უშუალო შედეგის წარმომშობ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად. ვითარება არ იცვლება ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც აღნიშნული შუალედური ქმედება/აქტი შესაძლოა დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი გახდეს.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეთა მიმართ 09.12.2016 წ. განხორციელებული ქმედების (რომლის ფიქსაცია განხორციელდა 09.12.2016 წ. შემაჯამებელი ოქმით) დისკრიმინაციულად ცნობა და მოპასუხისათვის დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრის დავალება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ჰქონდათ ხელშეკრულებები სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის პირობების შესაბამისად სამინისტრო ვალდებული იყო კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა მოსარჩელეები საცხოვრებელი ბინით, რომელიც გადაეცემოდა მათ საკუთრებაში კონტრაქტის ვადის დამთავრების შემდეგ. კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად სამინისტრომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და მოსარჩელე ფიზიკური პირები არ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ბინებით, რასაც მოჰყვა სასამართლო დავები მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სამინისტროსათვის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალების მოთხოვნით. ამჟამად ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოსარჩელე ფიზიკური პირების უფლება აღიარებულია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიქცეულია იძულებით აღსასრულებლად, თუმცა სარჩელის აღძვრის დროისთვის არ იყო აღსრულებული. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით არ არის განსაზღვრული მოსარჩელეებისათვის გამოსაყოფი კონკრეტული ბინები, კონტრაქტის საფუძველზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა საჭიროებს ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარების შედეგად გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მ/შ-ის 10.01.2017წ. წერილით, მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებითა და კენჭისყრის შედეგების 09.12.2016წ. შემაჯამებელი ოქმით ირკვევა, რომ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო წარმოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისიის 07.09.2016წ. გადაწყვეტილებით რეკომენდაცია გაეწიათ მოსარჩელეებს ქ. თელავში, ... ქუჩაზე, ... N1-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემაზე, 09.12.2016წ. გამართული კენჭისყრის შედეგად მოხდა ბინების იდენტიფიკაცია კონკრეტული საკადასტრო კოდებით, ბინის საიდენტიფიკაციო მონაცემები აისახა კენჭისყრის შედეგების ამსახველ ცხრილში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის (09.12.2016წ.) თანახმად, კენჭისყრას საფუძვლად დაედო ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის 25.11.2016წ. N148 ბრძანება „ბინების განაწილების მიზნით კენჭისყრის პროცესის ორგანიზების შესახებ“. მოსარჩელეები მოითხოვენ - კენჭისყრის შედეგების დისკრიმინაციულად ცნობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 22.11.2013წ. N297 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ 3.3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი უფლებამოსილია შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.04.2014წ. N MOD81400000441 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისია (ბრძანების 1-ლი მუხ.), კომისიის ერთ-ერთ უფლებამოსილებად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემისათვის რეკომენდაციების შემუშავება (მე-2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), დადგინდა, რომ კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურეებისათვის (მათ შორის დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის) კონტრაქტის საფუძველზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემაზე, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე (მე-3 მუხ. „გ“, „დ“ ქვ.პ.), ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა (მე-4 მუხ., „დ“ ქვ.პ.), რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სადავო პერიოდში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბინაო -არასაბინაო ფონდებისა და უძრავ-მოძრავი ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობების უზრუნველყოფა (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.06.2014წ. N44 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ბ“, „ღ“ ქვ.პ.). ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე დგინდება, რომ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისია იღებდა სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ხოლო შემდგომ ღონისძიებებს ახორციელებდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვას ახდენს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.6 მუხ.), ხოლო განკარგვის ფორმების მიხედვით, შესაძლოა განკარგვისათვის აუცილებელი გახდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება (კანონის 18.3 მუხ.). მოსარჩელეები თვლიან, რომ კომისიის 09.12.2016წ. ოქმში ასახული მოქმედებით მათ საცხოვრებელი ბინები არ გადასცემიათ, მხოლოდ რეკომენდაცია გაეწიათ ქ. თელავში მდებარე კონკრეტული ბინების საკუთრებაში გადაცემაზე. მოცემულ შემთხვევაში კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამზადებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარადგენს პროექტს მთავრობაში განსახილველად, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - განკარგულებას „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მმართველი დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული ქმედებით უშუალოდ კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელსაც უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, თუმცა არა სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, არამედ აღნიშნულის გარეშე. შესაბამისად, არასწორია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება სადავო ქმედების/ოქმის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შესახებ.
სადავო მოქმედება ვერ იქნება მიჩნეული აგრეთვე რეალაქტად, რადგან რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისკენ. კომისიის განსახილველი მოქმედება მიმართულია კონკრეტული შედეგის დადგომისკენ, სადავო მოქმედება წარმოადგენს საბოლოო, შედეგის წარმოშობისაკენ მიმართულ ერთ-ერთ პროცედურულ ღონისძიებას, ამდენად, სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ფაქტობრივი შედეგის წარმომშობი, დამოუკიდებელი მოქმედება - რეალაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტი, როგორც წესი არ დგება დამოუკიდებლად, არამედ მას თან ახლავს პირის კონკრეტული უფლების შეზღუდვა, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა კომპლექსურ ხასიათს ატარებს. კანონმდებლობა არ უშვებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრას, ფაქტის დადგენა უნდა უკავშირდებოდეს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტას ან/და მისი შედეგების აღმოფხვრას, ზიანის ანაზღაურებას (სსკ-ის 3632.3 მუხ.). იმ შემთხვევაში თუ ქმედება არის ერთჯერადი, დასრულებული და არა განგრძობადი - სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების ან ასეთი ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, რაზედაც დამოკიდებულია დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. განსახილველ შემთხვევაში არ არის დადგენილი სადავო მოქმედებით მოსარჩელეთათვის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმოშობის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების რაიმე შუალედური, სარეკომენდაციო ხასიათის მოქმედების/გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, დგება სასამართლოსადმი უწყებრივი ქვემდებარეობის და არა განსჯადობის საკითხი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის ფარგლებში საკასაციო სასამართლო წყვეტს არა ქვემდებარეობის, არამედ მხოლოდდამხოლოდ განსჯადობის საკითხს, უკანასკნელის გადაწყვეტა საჭიროებს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას.
ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს შუალედური გადაწყვეტილება ან მოქმედება არ წარმოადგენს დავის საგანს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. დისკრიმინაციის ფაქტი შეიძლება დადგეს ცალკე იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითი უფლება ცალკე აღებული არ დარღვეულა, საქმის გარემოებები თავსდება უფლების ფარგლებში, მაგრამ მისი განვრცობა დისკრიმინაციული სახით ხდება და ამიტომ „ანორმალურია“. ამდენად, იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითი განხილვა არსებული სახით შესაძლებლად იქნება მიჩნეული, სარჩელი ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავა თავისი არსით ეხება სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტის შესრულებას, რაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობა საბოლოო ჯამში უკავშირდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და მის საფუძველზე პრივატიზების ხელშეკრულების დადებას, რაც ასევე ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება აგრეთვე კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, თავის მხრივ აღსრულების პროცესში წარმოშობილი დავები ასევე ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამდენად, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიცხვს განეკუთვნება.
დისკრიმინაციის აკრძალვა, თანასწორობის მოთხოვნა ჩვეულებრივ არ გამოიყენება დამოუკიდებლად და მისი დარღვევა ნაგულისხმები უნდა იყოს რომელიმე სხვა უფლებასთან მიმართებაში. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ბინის ქ. თბილისში გამოყოფის მოთხოვნის კანონიერებას უკავშირდება. ვინაიდან საცხოვრებელი ფართის პირდაპირი ფორმის პრივატიზაცია ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობა ძირითადად უკავშირდება მოსარჩელეთა მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას, მათ ბათილად ცნობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ან აქტების გამოცემის დავალების მოთხოვნას. ყოველი დავის გადაწყვეტა სასამართლოში იწვევს გარკვეული ფაქტების დადგენას, რომელსაც სამართლის ნორმა უდგენს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნობა დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ან უარყოფას. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა გამოიწვევს აქტის (მისი ნაწილის) ბათილად ცნობას. დისკრიმინაციის ფაქტის დამოუკიდებლად განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოიწვევს სადავო აქტის კანონიერებაზე მსჯელობას, რაც სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შესაძლოა გამოვლინდეს აქტის გამოცემით ან გამოცემაზე უარის თქმით, შესაბამისად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა ან აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნა ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნებია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები მოცემულია არა მხოლოდ კერძო-სამართლებრივ, არამედ საჯარო-სამართლებრივ კანონმდებლობაში. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს საქმე, ამასთანავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, ამავე კანონის მე-10 მუხლი უთითებს, რომ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამდენად, დისკრიმინაციულ ქმედებას ადგილი შეიძლება ჰქონდეს როგორც კერძო-სამართლებრივ, ასევე საჯარო სფეროში, როგორც კერძო პირის, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები შესაძლოა იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოს განსჯადი. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის მიერ უნდა მოხდეს. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განხილვისას შესაძლოა მოუწიოს სსკ-ის VII3 კარის დებულებების გამოყენება, არ ცვლის საგნობრივ განსჯადობას. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის VII3 კარით დადგენილი წესების გამოყენების საფუძველი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განხილვისას. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის სრულ კომპეტენციას, საქმის განხილვის პროცესში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი.
საჯარო მმართველობის საქმიანობის კანონიერების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტის სტატუსის, უფლება-მოვალეობების, სამართალურთიერთობებში კანონით განსაზღვრული თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ქცევის წესისა და სტანდარტების სათანადო ანალიზის შედეგად. ამდენად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში მოქცევა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული კატეგორის საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციის სფეროდან. განსჯადობის დავის ამგვარი გადაწყვეტა შედეგად გამოიწვევს თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების მნიშვნელოვანი დავების გადაცემას სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არამართლზომიერი ქმედების ჩადენა, კერძო სუბიექტების მიერ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია. სამართალი აწესრიგებს საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, რომელიც მიემართება პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. დისკრიმინაცია, არაგონივრული დიფერენციაცია აკრძალულია ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. სზაკ-ის 4.2 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. შესაბამისად, დისკრიმინაციის, თვითნებობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, საჯარო მმართველობაში ადმინისტრაციული იუსტიციის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგს განეკუთვნება, თავად ადმინისტრაციული მართლმსაჯულება ეფუძნება კანონის და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, საჯარო სფეროში დისკრიმინიაციის აღმოფხვრა საჭიროებს ეფექტურ სასამართლო კონტროლს, უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს, შესაბამისად მასზე უარის თქმა განსჯადობის საკითხის, პროცესუალური ნორმის განთავსების მიხედვით მცდარია. აღნიშნული შედეგად გამოიწვევს თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის საკითხების ამორიცხვას ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სფეროდან, მისი იურისდიქციის მნიშვნელოვან შეზღუდვას, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უფლებადამცავი პოტენციალის შესუსტებას. ყველა საჯარო-სამართლებრივი დავა, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობის დავებისა, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციას განეკუთვნება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა ინტერესს შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების დავალება, რაც დაუსაბუთებელს ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ სადავო ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან და მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. განსახილველ დავაში შესაფასებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების პროცესში განხორციელებული ღონისძიებების დისკრიმინაციული ხასიათი, რაც ცდება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კომპეტენციას. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (სზაკ-ის მე-5 მუხ.), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს (სზაკ-ის 601 მუხ.). საჯარო სფეროში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვს ადმინისტრაციული თვითნებობის, სახელმწიფო მმართველობაში დისბალანსის, უფლებამოსილების გადაჭარბების, პასუხისმგებლობის შესუსტების ფაქტებზე რეაგირებას. ასეთ ფაქტებზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების რეაგირება ამკვიდრებს კანონიერების რეჟიმს სახელმწიფო მმართველობაში. დისკრიმინაცია უკავშირდება თანასწორობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, მისი აღმოფხვრა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ემსახურება, რაც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების კომპეტენციის უმნიშვნელოვანეს სფეროს შეადგენს. თავისთავად დისკრიმინაციული მოპყრობა არ ცვლის დავის ბუნებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მოთხოვნა არ აქცევს დავას ავტომატურად სამოქალაქო კატეგორიის დავად და არ იწვევს შედეგად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განხილვას. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმმოფხვრის შესახებ“ კანონით აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (2.1 მუხ.) ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან (მე-3 მუხ.). სამოქალაქო საქმეთა განმილველ სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული კომპეტენცია შეაფასოს როგორც კერძო პირთა ქმედებების დისკრიმინაციული ხასიათი, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა მმართველობითი საქმიანობის გამოვლენის ფორმების კანონშესაბამისობა. აღნიშნული მოცემულობა განაპირობებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ დავათა დიფერენცირებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელის მიზანი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სათანადო შესრულება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების დისკრიმინაციულად მიჩნევაა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც დავის განხილვის დაწყებამდე, სარჩელის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრების არსებობის დადასტურების მიზნით, უნდა უზრუნველყოს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტება.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ-ის, თ. ბ-ას, მ. ო-ის და სხვათა სარჩელი მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი