Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-1025 (კ-18) 27 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2018წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2018წ. განჩინებით რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 17.10.17წ. გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ.

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად. სსკ-ის 396.3 მუხლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო პალატის 29.06.2018წ. განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა რ. ჭ-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს ს. ფ-ს (მინდობილობა ტ.1.ს.ფ.26) მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე - დაბა ჩაქვი, … ქ. #.... აღნიშნული გზავნილი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - ი. კ-ეს (ტ.2.ს.ფ.195).

საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაბარდა 11.09.2018წ., რაც დასტურდება საკასაციო საჩივარზე თანდართული გზავნილით (ტ.2.ს.ფ.209). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 10.09.2018წ. 24:00 საათი, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი და არ ემთხვეოდა საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს. ამდენად, ვინაიდან მხარისათვის განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 10.09.2018წ., ხოლო კასატორმა საკასაციო საჩივარი ფოსტაში წარადგინა 11.09.2018წ., დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-397-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2018წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი