Facebook Twitter

საქმე ბს-707-707(კ-18) 08 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შევამოწმე მ.გ-ის, ნ. ჩ-ს, შპს „…“ და შპს „…“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს 21.06.2018წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, კასატორებს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით. ამასთანავე, საკასაციო საჩივარი არ იყო შედგენილი სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად. კასატორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. დადგენილ ვადაში კასატორებმა განცხადებით მომართეს სასამართლოს და იშუამდგომლეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა არასაკმარისი აღმოჩნდა ხარვეზის შესავსებად.

საკასაციო სასამართლოს 02.08.2018წ. განჩინებით გაგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 07 დღით. დადგენილ ვადაში კასატორებმა განცხადებით მომართეს სასამართლოს, წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და იშუამდგომლეს ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლოს 05.09.2018წ. განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალათ სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 05.09.2018წ. განჩინება გაეგზავნათ კასატორებს და 24.09.2018წ. ჩაბარდათ უფლებამოსილ პირებს. საკასაციო პალატაში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელიც ისევ არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას. კასატორ ნ. ჩ-ს სახელით საკასაციო საჩივარი აღარ წარმოდგენილა.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, მ.გ-ის, ნ. ჩ-ს, შპს „…“ და შპს „…“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2018წ. გადაწყვეტილებაზე მ.გ-ის, ნ. ჩ-ს, შპს „…“ და შპს „…“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. მ. ლ-ს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2018წ. N6930306415 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N 300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი