Facebook Twitter

საქმე №ბს-699-699(2კ-კს-18) 05 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებასა და 22.05.2018წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 08.10.2013წ. გადაწყვეტილება მ. კ-ის ქ. ბათუმში, ... ქ. N139-ში რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.05.208წ. განჩინებით მ. კ-ის განცხადება დროებითი განჩინების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მ. კ-ის მიერ. 30.05.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, თუმცა ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს 16.07.2018 წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2018წ. განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 396.1 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, ასევე არ შეიცავდა მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდაგასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებას თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი). საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ. კ-ის სასარგებლოდ არის გამოტანილი, გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კასატორს განემარტა, რომ მ. კ-ის მიერ დაზუსტებას საჭიროებდა საკასაციო განაცხადი და კასაციის მიზეზები, კასატორს კონკრეტულად უნდა მიეთითებინა რა ნაწილში, სარეზოლუციო ნაწილის რომელ პუნქტთან მიმართებით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, მის მიერ დასაბუთებას საჭიროებდა, აგრეთვე მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი ინტერესის არსებობა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ კონკრეტულ მისამართზე პირის რეგისტრაცია არ ადასტურებს აღნიშნულ საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებული პირის საკუთრების უფლებას, ამდენად, თავდაპირველ სარჩელში ბათუმის სამოქალაქო რეესტრის მიმართ ასახული მოთხოვნა უშუალოდ არ არის დაკავშირებული მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან, ინვესტორის მიერ ვალდებულების შესრულებასთან. მ. კ-ე უფლებამოსილია აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით იდავოს ცალკე სასარჩელო წარმოების გზით. პალატამ მიუთითა, რომ მ. კ-ის მიზანი, რომ ინვესტორს ვალდებულებები ჯეროვნად შეესრულებინა, განსახილველი დავის ფარგლებში ვერ მიიღწეოდა, რადგან მ. კ-ეს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია, მას არ მოუთხოვია ინვესტორისათვის ვალდებულების შესრულების დავალება. ამასთან, კერძო პირებს შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დავები არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და იხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. პალატამ აღნიშნა, რომ მ.კ-ის მოთხოვნა თავის სახელითა და გვარით მამის ჩანაცვლების შესახებ აგრეთვე არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რადგან სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული წესით განიხილება. ამდენად, კასატორს დაევალა სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, კასაციის განაცხადის დაზუსტება, დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესის არსებობის დადასტურება. ხარვეზის შესახებ განჩინებაში მიეთითა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2018წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო.

დადგენილ ვადაში მ. კ-ემ ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო პალატაში წარმოადგინა განცხადება, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2018წ. განჩინებით მ. კ-ეს გაუგრძელდა 22.06.2018წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ მ. კ-ემ ვერ შეავსო 22.06.2018წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზი. კასატორს განემარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დგება სწორედ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, თუმცა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ ვერ ხორციელდება, რადგან მ. კ-ეს საკასაციო საჩივარი აქვს შემოტანილი, რაც აბრკოლებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. ამდენად, კვლავ დაზუსტებას საჭიროებდა კასატორის მიერ თავის სასარგებლო გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი ინტერესის არსებობა. კასატორს განმეორებით განემარტა, რომ თავდაპირველ სარჩელში ბათუმის სამოქალაქო რეესტრის მიმართ ასახული მოთხოვნა უშუალოდ არ არის დაკავშირებული მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან, ინვესტორის მიერ ვალდებულების შესრულებასთან, მ. კ-ე უფლებამოსილია აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით იდავოს ცალკე სასარჩელო წარმოების გზით. სასამართლომ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ მ. კ-ის ინტერესი ინვესტორის მიერ ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულებაა, რაც დასტურდება აგრეთვე მოსარჩელის მიერ არაკეთილსინდისიერ შემძენებად მიჩნეული პირების რეგისტრაციების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ჩანაწერში მამის ჩანაცვლების მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ კერძო პირებს შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დავები არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და იხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. პალატამ მიიჩნია, რომ მ.კ-ის მოთხოვნა თავის სახელითა და გვარით მამის ჩანაცვლების შესახებ აგრეთვე არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რადგან სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული წესით განიხილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში კასატორმა კვლავ ვერ დაასაბუთა აღნიშნული მოთხოვნებთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაში მსჯელობის შესაძლებლობა. კასატორს განემარტა რომ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

დადგენილ ვადაში მ. კ-ემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, თუმცა საკასაციო განაცხადი და კასაციის მიზეზები კვლავ ბუნდოვანია, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში კასატორი კვლავ ვერ ასაბუთებს აღნიშნულ მოთხოვნებზე მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაში მსჯელობის შესაძლებლობას, დასაბუთებული კანონიერი ინტერესის არსებობას. ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში აქცენტი ისევ კეთდება ინვესტორის მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საჭიროებაზე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებაზე, სარეგისტრაციო ჩანაწერში მ. კ-ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მამის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქმის მასალების, მათ შორის მ. კ-ის განცხადებების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. კ-ე თავდაპირველი სარჩელით ითხოვდა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 08.10.2013 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ხოლო მოგვიანებით დამატებით მოითხოვა საჯარო რეესტრში მამის ჩანაცვლება და მისი მოსაზრებით არაკეთილსინდისიერი შემძენების უფლებების შესახებ სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.03.2018წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ არსებულ სასარჩელო მოთხოვნაზე. 02.03.2018წ. მ. კ-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, მ. კ-ემ განცხადებაში აღნიშნა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია საჯარო რეესტრში მოსარჩელის მამის ჩანაცვლების საკითხზე, რის გამოც აღნიშნულის შესახებ მიღებული უნდა ყოფილიყო დამატებითი გადაწყვეტილება. მოსარჩელეს არ მოუთხოვია დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მარეგისტრირებელ ორგანოში შემძენების რეგისტრაციების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.03.2018წ. განჩინება, რომელიც კერძო საჩივრით საჩივრდება (სსკ-ის 261.5 მუხ.). ამდენად, მ. კ-ის მოთხოვნა საჯარო რეესტრში შემძენების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის შესახებ ვერ იქნება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული მოთხოვნის მიმართ მისი კანონიერი ინტერესის არსებობა, განსახილველ დავაში აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობის შესაძლებლობა, უფრო მეტიც ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო პალატაში წარმოდგენილ 13.08.2018წ. განცხადებაში მ. კ-ე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო რეესტრში შემძენების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა, რადგან არ მომხდარა მისი მამის ჩანაცვლება ოჯახის წევრებით.

რაც შეეხება მოთხოვნას საჯარო რეესტრში მამის ჩანაცვლების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არაერთხელ განემარტა მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება, მიეცა ვადა მოთხოვნისა და მისი საფუძვლების დასაზუსტებლად, თუმცა მ. კ-ემ აღნიშნული არ განახორციელა. არსებული ფორმულირებით ჩამოყალიბებული მოთხოვნა ფაქტობრივად წარმოადგენს მემკვიდრეობითი სამართლიდან გამომდინარე მოთხოვნას, რადგან სავარაუდო მემკვიდრე ითხოვს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მამკვიდრებლის უფლებამონაცვლედ ცნობას. აღნიშნული საკითხი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას (სასკ-ის მ-2 მუხ.) და წარმოადგენს სამოქალაქო დავას (სსკ-ის მე-11 მუხ.). ამასთან, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თვითონ მოახდინოს დავის განსჯად სასამართლოში გადაგზავნა, რადგან არაერთგზის მითითების მიუხედავად მ. კ-ემ ვერ უზრუნველყო მოთხოვნის სათანადოდ ჩამოყალიბება, მისი დაზუსტება. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე მოსარჩელეთა წრე, რადგან მ. კ-ე 13.08.2018წ. განცხადებაში აღნიშნავს, რომ ითხოვს მამის ჩანაცვლებას არა მარტო თავისი სახელით და გვარით, არამედ ოჯახის წევრების მონაცემებითაც, რომლებიც არ არიან მოსარჩელეები მიმდინარე დავაში, თუმცა შესაძლოა იყვნენ მ. კ-ის მამის მემკვიდრეები.

კასატორის მოთხოვნა ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 08.10.2013 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით. კასატორმა ვერ მიუთითა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის რომელ პუნქტს ასაჩივრებს, ასევე ვერ დაასაბუთა აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესის არსებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის თუ იგი არ გასაჩივრებულა, მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ არ გაუქმდება (სსკ-ის 264.2 მუხ.). კასატორის მიერ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 08.10.2013წ. გადაწყვეტილება მ. კ-ის ქ. ბათუმში, ... ქ. N139-ში რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. ამდენად, გადაწყვეტილება მ. კ-ის სასარგებლოდ არის გამოტანილი, თუმცა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ ვერ ხორციელდება, რადგან მ. კ-ეს საკასაციო საჩივარი აქვს შემოტანილი, რაც აბრკოლებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. სწორედ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უშლის ხელს მ. კ-ის კანონიერი ინტერესის აღსრულებას - მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 08.10.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

მ. კ-ე ვერ ასაბუთებს აგრეთვე დროებითი განჩინების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 22.05.2018წ. განჩინების გაუქმების კანონიერი ინტერესის არსებობას, რადგან მისი სარჩელი დაკმაყოფილებულია, შესაბამისად დღის წესრიგში აღარ დგას საკითხის დროებითი მოწესრიგების საჭიროება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ განსახილველი დავის საგანი იყო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებასა და 22.05.2018წ. განჩინებაზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებასა და 22.05.2018წ. განჩინებაზე მ.კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. მ. კ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.06.2018წ. N16776549 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N 300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი