2კ-39-I-09 7 აპრილი, 2010 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ც-სა და მისი დამცველის ლ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განაჩენით ბ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ბ. ც-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 (ოცდარვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მასვე იმავე განაჩენით, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. 2009 წლის 3 სექტემბერს მსჯავრდებულმა ბ. ც-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ც-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა ბ. ც-მ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით ისინი ითხოვენ საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მსჯავრდებულ ბ. ც-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში. როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, აღნიშნულ ვადაში არც ბრალდების მხარისა და არც დაცვის მხარის წარმომადგენლებს საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. მსჯავრდებულმა ბ. ც-მ თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მას ეგონა, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან, ამასთან, ის და მისი ადვოკატი ვერ შეთანხმდნენ საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაზე, ამიტომ აპირებდა ადვოკატის შეცვლას, რაც ვერ მოახერხა უსახსრობის გამო.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: მსჯავრდებულს, რომელიც ესწრებოდა სასამართლოში საქმის განხილვას, განემარტა საპროცესი კანონით დადგენილი საკასაციო გასაჩივრების წესი და ვადა, რაც აღნიშნულია განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. ამასთან, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მას შეეძლო თავისი ადვოკატისაგან მიეღო ელემენტარული კონსულტაცია გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე, რის გამოც ბ. ც-ის მიერ მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. ც-ეს უარი ეთქვა მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ც-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. ც-ეს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.