Facebook Twitter

საქმე №ბს-241-241 (კ-18) 5 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თ-ამ 2017 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ,,თანამდებობების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №MOD 4 16 00000670 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალება განახორციელოს ქ. თ-ას სასარგებლოდ მის მიერ, სამეცნიერო ხარისხისათვის თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური მიუღებელი დანამატის ანაზღაურება 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე, 2016 წელს მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს სხვაობა, შრომითი სტაჟის საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით, 2016 წელს მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური პროცენტული დანამატი, საერთო ჯამში 8510.32 ლარის ოდენობით, ასევე სამეცნიერო ხარისხისათვის გათვალისწინებული დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ყოველდღიური ოდენობით 2017 წლის 1 იანვრიდან თანხის სრულად ანაზღაურებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ქ. თ-ას სასარგებლოდ, მის მიერ, სამეცნიერო ხარისხისათვის თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური მიუღებელი პროცენტული დანამატის ანაზღაურება 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე, შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით და ყოველთვიური ოდენობით, აღნიშნულ პერიოდში ქ. თ-ასათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ქ. თ-ას სასარგებლოდ, მისთვის სამეცნიერო ხარისხისათვის თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური პროცენტული დანამატის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში, შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის ყოველთვიური პერიოდულობით შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ქ. თ-ას სასარგებლოდ, საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თ-ამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამეცნიერო ხარისხისათვის თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური მიუღებელი პროცენტული დანამატის დაკავებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 1 იანვრიდან თანხის სრულად მიღებამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ქ. თ-ას სასარგებლოდ მისთვის სამეცნიერო ხარისხისათვის თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური პროცენტული დანამატის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზრაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 1 იავრიდან თანხის სრულად მიღებამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ქ. თ-ას სასარგებლოდ მის მიერ საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასრულია, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

კასატორის აღნიშნავს, რომ ქ. თ-ას 2016 წლის 1 დეკემბრამდე არ ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში წარდგენილი თავდაცვის მინისტრის 2007 წლის №560 2/4 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული მისი დიპლომის დოქტორის აკადემიური ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ითხოვს დანამატს. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზე, თუმცა აღნიშნულ საქმეში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული ყოფილიყო თავდაცვის მინისტრის 2007 წლის №560 ბრძანება და მისი შესაბამისი დათქმა, რომლითაც განსაზღვრულია, რომ დანამატები გათვალისწინებულია სამეცნიერო ხარისხისათვის და არა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს უფრო სპეციალურ აქტს, რომელიც მოქმედებს და არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს თავდაცვის სამინისტროსა და მასში დასაქმებულ პირებზე.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა ქ. თ-ას მოთხოვნა დაყოვნებული თანხის 0.07 % ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელის, როგორც საჯარო მოხელის მიმართ უნდა გავრცელდეს საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიც არ ითვალისწინებს ხელფასის დროულად გადაუხდელობისათვის 0.07%-ის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა არც ერთმა სასამართლომ აღნიშნულის თაობაზე არ იმსჯელა და ქ. თ-აზე, როგორც საჯარო მოსამსახურეზე საკმარისი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე გაავრცელა საქართველოს შრომის კოდექსი, რაც უზენაესი სასამართლოს მხრიდან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და განხილული, როგორც გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს იმის თაობაზე, რომ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს შრომის კოდექსი ვრცელდება მოცემულ სადავო ურთიერთობაზე; ხოლო რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას დიპლომის დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულების დაგვიანებით წარდგენის თაობაზე, უსაფუძვლოა, რამდენადაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე ადგენს, რომ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონის ამ ჩანაწერით უნდა ეხელმძღვანელა და მოთხოვნისთანავე დაეწესებინა ქ. თ-ასათვის დანამატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე