#ბს-34-34(კ-18) 5 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 31 მაისს ვ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ 64 494,05 ევროსა და 25 080,80 ევროს (ეროვნულ ვალუტაში ეკვივალენტის) ოდენობით პროთეზების დამზადების ღირებულების ანაზღაურების, თვეში 3000-3000 ლარის ოდენობით 2004 წლის 24 აგვისტოდან მიუღებელი შემოსავლისა და სარჩოს ანაზღაურების, 2004 წლის 24 აგვისტოდან თვეში 5 452,50 ლარის ოდენობით სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურებისა და 500 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პროთეზის ღირებულების - 64 494,05 ევროსა და 25 080,80 ევროს ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს ანაზღაურება 1903 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, 2004 წლის 24 აგვისტოს პერიოდიდან; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურება 1642,5 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, 2004 წლის აგვისტოს პერიოდიდან; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს ვ. ე-ი, მეგობრებთან ერთად, გადაადგილდებოდა ავტომანქანით აჭარაში, …, როდესაც მანქანა აფეთქდა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე. მიღებული დაზიანებების შედეგად საჭირო გახდა მისთვის ქვედა კიდურების ამპუტაცია. ამპუტირებულ იქნა მარჯვენა ფეხის მუხლს ზედა, ხოლო მარცხენა ფეხის მუხლს ქვედა სეგმენტი.
დადგენილია, რომ სახელმწიფოს აღიარება ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის შესახებ, განხორციელდა მას შემდეგ რაც ვ. ე-მა ეროვნულ სასამართლოებში მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა წარუმატებლად დაასრულა და შემდგომ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სახელმწიფოს აღიარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ იქნა ცალმხრივი დეკლარაციის ფორმით, სადაც მთავრობა მომჩივანს სთავაზობდა 8 000 ევროს ანაზღაურებას კონვენციის დარღვევით გამოწვეული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე, მიუთითებდა მომჩივნის უფლებაზე, კვლავ მოეთხოვა პროთეზის განახლება მთავრობის დაფინანსებით, შესაბამისი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით. მთავრობა აქვე აღნიშნავდა, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო ნებისმიერი მორალური ან მატერიალური ზიანის და ყველა ხარჯისა და დანახარჯის ასანაზღაურებლად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციაში არსებული აღიარებების ხასიათი, ასევე, მომჩივნის შესაძლებლობა - მოეთხოვა შესაბამისი შიდა სამართალწარმოების განახლება, შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა და მიიჩნია, რომ საჩივრის შემდგომი განხილვის გაგრძელება აღარ იყო გამართლებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში არ იარსებებდა ვ. ე-ისთვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებისა და პროთეზების დამზადების საჭიროება. შექმნილ ვითარებაში მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, შეუძლებელია აღდგენილ იქნეს პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ - პროთეზების საჭიროების არარსებობა. ასეთ შემთხვევებზე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებს მასზედ, რომ ინციდენტამდე (ნაღმზე აფეთქებამდე) ვ. ე-ი იყო ჯანმრთელი, მუდმივად დასაქმებული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია უზრუნველყოს მოსარჩელის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს მიახლოებული სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვეამდე არსებული გარემოება. აღნიშნულის მისაღწევად, კერძოდ კი, მოსარჩელის დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭიროა კონკრეტული სახეობის პროთეზების დამზადება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პირის მაქსიმალურ ადაპტაციას საზოგადოებასა და გარემოში.
დადგენილია, რომ გერმანიის ორთოპედიული წარმოების კომპანიის O...-ის მიერ დაანგარიშებულ იქნა ვ. ე-ისთვის პროთეზების დამზადებისთვის საჭირო ხარჯი, რამაც ერთი პროთეზის შემთხვევაში შეადგინა 64 494,05 ევრო, ხოლო მეორეს შემთხვევაში - 25 080,80 ევრო.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის, კერძოდ, ახალი პროთეზების დამზადებისათვის საჭირო თანხის - 64 494,05 ევროსა და 25 080,80 ევროს ეკვივალენტი ლარში ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას და მიუთითებს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვის გათვალისწინებით, ამ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას მოცემულ შემთხვევაში 20 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და გონივრული გაანგარიშებაა და გამორიცხავს კომპენსაციის ოდენობის უსაშველოდ გაზრდას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს აღნიშნულ ნაწილში _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და პროთეზის ღირებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ვ. ე-ის სასარგებლოდ სარჩოსა და სამედიცინო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი