საქმე Nბს-1113-1107(2კ-17) 3 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. შპს „...“ (მესამე პირი); 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები: შ. ბ-ე, ი. ჩ-ე (ა. ჩ-ის უფლებამონაცვლე), ბ. კ-ე, გ. ნ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „...“, შპს „ს...“, სს „თ...“
თანამოსარჩელე - გ. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. ბ-ემ, ა. ჩ-ემ, ვ. მ-მა, ბ. კ-ემ, გ. ნ-მა 2015 წლის 16 ნოემბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე უძრავ ნივთზე შპს „...-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2003 წლის 4 დეკემბრის N... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 12 იანვრის N... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით შ. ბ-ის, ა. ჩ-ის, ვ. მ-ის, ბ. კ-ის, გ. ნ-ის სარჩელზე წარმოებულ №3/8858-15 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე ა. ჩ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი. ჩ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/8858-15 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „...“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა შპს „...“ (ს/ნ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის, ი. ჩ-ის (ა. ჩ-ის უფლებამონაცვლე), ბ. კ-ისა და გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ბ-ემ, ი. ჩ-ემ (ა. ჩ-ის უფლებამონაცვლე), ბ. კ-ემ, თ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა სს „თ...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა შპს „ს...“;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის, ი. ჩ-ის, ბ. კ-ისა და თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ბ-ის, ი. ჩ-ის, ბ. კ-ისა და თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ქ. თბილისში, დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარე უძრავ ნივთზე შპს „...-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2003 წლის 4 დეკემბრის N... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 12 იანვრის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 26 თებერვლის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო საავტომობილო გზის არსებობა. ამასთან, კასატორების მოსაზრებით მოსარჩელეებს არ გააჩნიათ კანონიერი ინტერესი, მათი სურვილი, რომ ჰქონდეთ დამატებითი გზა არ შეიძლება გახდეს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული შპს „...-ს“ საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის აშენებისას შპს „...-ს“ გასაჩივრებული აქტების მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა. ამდენად, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობით კერძო სამართლის სუბიექტისთვის მიყენებული ზიანის დათვლა შეუძლებელი იქნება. კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება საფრთხეს უქმნის საჯარო სამართალის ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. რამდენადაც, სადავოდ გამხდარი 2003 წლის 4 დეკემბერს გაცემული მიწის (უძრავი ნივთის) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, უძრავი ნივთის მდებარე მცხეთა, დიღომი, საკადასტრო კოდი N... დაზუსტებული ფართი 7990 კვ.მ. მესაკუთრედ (განაცხადის რეგისტრაციის N...) ფიქსირდება სს „...“. უფლების დამდგენ იურიდიულ დოკუმენტებად სააღრიცხვო ბარათში მითითებულია: 31.10.2003წ. N1-3956, 07.10.2003წ. N1-5316, 16.06.2003წ. N1-2660, 30.07.2003წ. N1-360, 13.06.2003წ. N1-2698 ნასყიდობის ხელშეკრულებები, მცხეთის რაიონის გამგეობის 30.10.2003წ. დადგენილება N171, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 28.11.2003წ. N414 ბრძანება, 30.10.2003წ. შერჩევის აქტი. ამასთან, 2010 წლის 1 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო N... განცხადებით მიმართა თ. ქ-ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ... (1500 კვ.მ.) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 12 იანვარს გამოცემულ იქნა N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. ქ-ის განცხადება. ამასთან, დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 20 თებერვალს N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა შპს „...-მა“ და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2013 წლის 26 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა. შპს „...-ის“ წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა სანოტარო აქტი N... მომიჯნავე მიწის პარამეტრების შეცვლის თაობაზე, რომლის მიხედვით შეიცვალა ურთიერთმომიჯნავე უძრავი ნივთების, მათ შორის N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.
2013 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული N... გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში, გარკვეულწილად შეიცვალა ნაკვეთის ადგილმდებარეობა და გადაინაცვლა ჩრდილოეთით.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით:საქმეში დაცული მტკიცებულებებით: საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 16 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობებში საკადასტრო გეგმებზე აღნიშნულია გზის მონაკვეთები. 2003 წლის 13 მარტის მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს საკადასტრო რუკით, ამავე სამმართველოს მიერ შედგენილ სქემატური ნახაზებით და ნახაზით, 2005 წლის მდგომარეობის ორთოფოტოთი დასტურდება დღეის მდგომარეობით შპს „...-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გზის არსებობის ფაქტი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ თავდაპირველი რეგისტრაციის განხორციელებისას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებითა და მოგვიანებით იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთზე ცვლილებათა რეგისტრაციის შედეგად, იცვლებოდა მიწის ნაკვეთის საზღვრები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით გააჩნდა გადამოწმების ვალდებულება, ხომ არ არსებობდა ამ ფორმით საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ისა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 27.11.2017წ. №32791 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. შპს „...-ს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს 10.11.2017წ. №2149 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე