Facebook Twitter

საქმე №ბს-608-608 (კ-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ. ღ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხეები)

მესამე პირები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ნ. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და

ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ღ-ამ 2015 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მთავრობისა და ე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის №24.19.994 დადგენილების ბათილად ცნობა; 2011 წლის 1 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 დეკემბრის №02/12/02 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 20 მარტის №პ-1896 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ნ. წ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ნ. ღ-ას საკასაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივებს, რასაც სააპელაციო საჩივარი. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლება, რომლის გამოყენების შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ მოპასუხეთა მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტებით ადგება ზიანი და ილახება მისი უფლებები, ვინაიდან ნ. წ-ის სახელზე სახელმწიფომ განკარგა ის ფართი, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა კასატორი, შესაბამისად, სახელმწიფოს პირველ რიგში კასატორისთვის უნდა გადაეცა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ღ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსახილველ საქმეზე განხორციელდა, კერძოდ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-12 პუნქტზე, ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის” პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელთა საფუძველზეც ნ. წ-ს გადაეცა ქ. თბილისში, წყნეთში, ... ქუჩაზე (ნაკვეთი ...) არსებული 113 კვმ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №...), შესაბამისად, დგინდება, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მათი გამოცემისათვის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას, იმის თაობაზე, რომ ნ. ღ-ას მიერ ქონების ფაქტობრივი დაუფლება ქმნიდა მისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირატესად შესყიდვის ვალდებულებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნა არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ღ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე