Facebook Twitter

2კ-8-I-10 18 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შუახევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება შუახევის რაიონულ პროკურატურასა და მ. ბ-ეს შორის.

მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2009 წლის 8 ოქტომბერს მ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა შუახევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით მსჯავრდებულ მ. ბ-ეს უარი ეთქვა შუახევის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ, რომელმაც ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება, სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენა და თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ბ-ის კერძო სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებისა და სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს გაცდენილი სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, მსჯავრდებულ მ. ბ-ის 2009 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული სააპელაციო საჩივრით დასტურდება, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2009 წლის 8 ოქტომბერს. აღნიშნულიდან დგინდება, რომ მსჯავრდებულმა გაუშვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ¹1-15/1588 მიმართვით მ. ბ-ეს ეცნობა, რომ მან ვადის დარღვევით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და განემარტა მას საპატიო მიზეზის შემთხვევაში ვადის აღდგენის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და არ შეიძლება მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიერ მოყვანილი არგუმენტები ჩაითვალოს სააპელაციო გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.