#ბს-519-519(კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 18 აპრილს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „შენობის, ნაგებობის კონსტრუქციული და დაგეგმარების“ გადაწყვეტილების შეფასების ნაწილში, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 25 დეკემბრის #1 სახანძრო ტექნიკური შემოწმებისა და გამოკვლევის აქტის ბათილად ცნობა, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 14 მარტის #34 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის შპს „…“ მფლობელობაში არსებულ და ქ. ქუთაისში, … ქ. #98-ში მდებარე იარაღის სავაჭრო ობიექტის მიმართ მოქმედი ეროვნული სტანდარტებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად (კერძოდ, „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2015 წლის 23 ივლისის #370 დადგენილებით მოქმედი სტანდარტებით) სახანძრო უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 25 დეკემბრის #1 სახანძრო ტექნიკური შემოწმებისა და გამოკვლევის აქტი, კერძოდ, აქტის პირველი პუნქტი - „შენობის, ნაგებობის კონსტრუქციული და დაგეგმარების“ გადაწყვეტილების შეფასების ნაწილში და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მოსარჩელის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე შპს „...“ მფლობელობაში არსებულ ქ. ქუთაისში, ...ქ. #98-ში მდებარე იარაღის სავაჭრო ობიექტის მიმართ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის საერთო მდგომარეობის შეფასების თაობაზე - შენობის კონსტრუქციული და დაგეგმარების გადაწყვეტილებათა შეფასების ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ დირექტორის 2016 წლის 14 მარტის #34 ბრძანება; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში - სახანძრო უსაფრთხოების შემოწმების საკითხის მოქმედი ეროვნული სტანდარტისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადაწყვეტის თაობაზე - არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
მოცემულ საქმეზე სადავოდ ქცეული სახანძრო-ტექნიკური შემოწმებისა და გამოკვლევის 2015 წლის 25 დეკემბრის #1 აქტით დგინდება, რომ შპს „...“ სავაჭრო ობიექტი განთავსებულია შპს „ლ...“ ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე. ამასთან, მანძილი მაღაზიიდან ავტოგასამართი სადგურის საწვავის სარგებელ სვეტამდე წარმოადგენს 12 მეტრს. ამავე აქტის თანახმად, ხსენებული ფაქტის გამო, შპს „...“ მიერ დარღვეულია „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ 2008 წლის 10 ივლისის #123 ფკ ტექნიკური რეგლამენტის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 ცხრილის დანაწესები, რამდენადაც მანძილი ხსენებულ ორ ობიექტს შორის ნაცვლად 12 მეტრისა, უნდა იყოს 25 მეტრი. ამავე გარემოებას ადასტურებს შპს „...“ ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ დირექტორის 2016 წლის 14 მარტის #34 ბრძანებაც, რომლითაც კანონიერად იქნა მიჩნეული 2015 წლის 25 დეკემბრის აქტი #1 და შესაბამისად, უარი ეთქვა შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტების სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა - საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები. ხოლო 2012 წლის 10 ივლისის #123 ფკ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ აქტებს, ცალსახად არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობას. ის მიღებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და იწოდება ფედერაციულ კანონად. შესაბამისად, მისი სამართლებრივი ძალა შემოიფარგლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიით და მისი საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ დირექტორის 2016 წლის 14 მარტის #34 ბრძანებისა და სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 25 დეკემბრის #1 სახანძრო ტექნიკური შემოწმებისა და გამოკვლევის აქტის ნაწილობრივ, კერძოდ, აქტის პირველი პუნქტის - „შენობის, ნაგებობის კონსტრუქციული და დაგეგმარების“ გადაწყვეტილების შეფასების ნაწილში ბათილად ცნობისა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსთვის მოსარჩელის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე შპს „...“ მფლობელობაში არსებულ ქ. ქუთაისში, ...ქ. #98-ში მდებარე იარაღის სავაჭრო ობიექტის მიმართ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის საერთო მდგომარეობის შეფასების თაობაზე შენობის კონსტრუქციული და დაგეგმარების გადაწყვეტილებათა შეფასების ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი