Facebook Twitter

2კ-15-I-10 18 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის განაჩენით ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 Yთვის ვადით;

საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 10 მარტიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ვ. ბ-სათვის სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს სსკ-ის 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა.

ზემოაღნიშნული დადგენილება კერძო სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა, მან ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო პალატის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით კერძო სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილება და მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მოსახდელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ბ-მა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება და მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და შეამოწმა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა, გადაზიდვისათვის.

საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებას და მიიჩნევს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მიხედვით, ამნისტია უნდა შეეხოს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვის ჩამდენ პირს, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა, გადაზიდვისათვის, აღნიშნული კანონი მასზე არ უნდა გავრცელდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მიმართ არ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინება, რომლითაც გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილება და ვ. ბ-ს მოსახდელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.