Facebook Twitter

#ბს-586-586(კ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 17 ოქტომბერს ე. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ნიკოლოზ ნათენაძის მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხეთა მხრიდან ე. ფ-ის მიმართ პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციის განხორციელების დადგენა, ასევე საქართველოს პარლამენტის, სოფიო კილაძისა და ნიკოლოზ ნათენაძისათვის ე. ფ-ის მიმართ დიკსრიმინაციული ქმედების აღმოფხვრისა და პროფესიული ნიშნით მისი შევიწროების შეწყვეტის დავალება და ე. ფ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 22 სექტემბრის #849/1-ე ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში დამატებით მოიხმო დისკრიმინაციის აკრძალვის მარეგულირებელი არაერთი როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო აქტი, აგრეთვე მიუთითა მისი შევიწროების დასადასტურებლად სასამართლოსათვის წარდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე და განმარტა, რომ წარმოდგენილი ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები საკმარისია მტკიცების იმ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რაც მოსარჩელე მხარეს შევიწროების საქმეში ეკისრება. აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას, შევიწროება ითვლება დადგენილად. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო საპირისპიროს დადასტურება. სასამართლო დაეყრდნო მოწმეების ჩვენებას, რომლებიც სოფიო კილაძის ახლო მეგობრები და ამჟამადაც მის დაქვემდებარებაში დასაქმებული პირები არიან.

კასატორის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-101-ე მუხლები ადგენს დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საკითხებს. კერძოდ, კასატორმა მიუთითა, დასახელებული კანონის 87-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ასევე, ამავე კანონის 88-ე მუხლის მე-4 პუნქტსა და 93-ე მუხლის პიირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო სოფიო კილაძის მიერ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისათვის 2017 წლის 25 ივლისს გაგზავნილი წერილი. დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შექმნილმა კომისიამ სოფიო კილაძის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო 2 ფაქტის შესწავლა: 1. დავალების შესრულებაზე უარის თქმა; 2. დავალებების არაჯეროვნად შესრულება.

კასატორის მითითებით, მიცემულ დავალებასთან მიმართებით ხელმძღვანელი პირისათვის დამაზუსტებელი შეკითხვის გაგზავნა არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად, რადგან ეს წარმოადგენს სამუშაო პროცესის ყოველდღიურ შემადგენელ ნაწილს. ამასთან, კასატორმა ყურადღება გაამახვილა დავალების არაჯეროვნად შესრულების ფაქტთან მიმართებით კომისიის მიერ შესწავლილ საკითხებზე და აღნიშნა, რომ კომისიის წარმოდგენილი დასკვნა და შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება სუბიექტურ მსჯელობაზეა დაფუძნებული. საქართველოს პარლამენტში არ არის დადგენილი კონკრეტული ფორმა, რომლის მიხედვითაც, ... ვალდებულია მოამზადოს დასკვნა კანონპროექტზე. ე. ფ-ის მიერ მომზადებულ დასკვნებში ასახულია მოსაზრებები შესაბამის კანონპროექტებზე, დასკვნები არ შეიცავს რაიმე ფაქტობრივ შეცდომასა და უსწორობას. ამდენად, კონკრეტული პირის/პირების სუბიექტური შეფასება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას. კასატორის მოსაზრებით, დისციპლინური გადაცდომის დასადგენად გამოყენებული უნდა იყოს ობიექტური შეფასების კრიტერიუმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო მოხელე რჩება დაუცველი, ასეთ პირობებში კი, მისი სამსახურიდან გათავისუფლება სუბიექტური შეფასებების საფუძვლით ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ე. ფ-ის მიმართ პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციის განხორციელების დადგენა, ასევე საქართველოს პარლამენტის, სოფიო კილაძისა და ნიკოლოზ ნათენაძისათვის ე. ფ-ის მიმართ დიკსრიმინაციული ქმედების აღმოფხვრისა და პროფესიული ნიშნით მისი შევიწროების შეწყვეტის დავალება და ე. ფ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 22 სექტემბრის #849/1-ე ბრძანების კანონიერება.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის #1344/1 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის ... თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ...: ა) ხელს უწყობს კომიტეტს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში; გ) ამზადებს კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე დასკვნების პროექტებს; დ) კომიტეტის აპარატის სახელით პასუხს აგებს კომიტეტის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველად გატანილ კანონპროექტებზე, აღნუსხავს პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს; ე) ხელს უწყობს კომიტეტს საკონტროლო ფუნქციების შესრულებაში; ვ) მონაწილეობს კომიტეტის მიერ მოქალაქეთა წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და განხილვაში; ზ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებებს; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, კომიტეტის დებულებითა და კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. ამავე ინსტრუქციის თანახმად, ... თანამდებობრივად ექვემდებარება კომიტეტის თავმჯდომარეს, კომიტეტის აპარატის უფროსს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. ... შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობით ანგარიშს წარადგენს ყოველკვარტლურად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 31 დეკემბრის #246/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ...: ა) ახორციელებს კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში; გ) უზრუნველყოფს კანონპროექტების დახვეწას იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით; დ) ამზადებს დასკვნების პროექტებს კომიტეტში განსახილველად შესულ კანონპროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე; ე) ხელს უწყობს კომიტეტის მიერ საკონტროლო ფუნქციების განხორციელებას; ვ) კომიტეტის აპარატის სახელით პასუხს აგებს კომიტეტის მიერ პარლამენტის სხდომებზე განსახილველად გატანილ კანონპროექტებზე, აღნუსხავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს; ზ) მონაწილეობს მოქალაქეთა წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და განხილვაში; თ) პასუხს აგებს კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და თანამდებობრივ მოვალეობათა სრული მოცულობით, კვალიფიციურად შესრულებისათვის; ი) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის აპარატის უფროსის სხვა დავალებებს.

დასახელებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების გათვალისწინებით, ყველა ის დავალება, რაც ე. ფ-ს, როგორც კომიტეტის ... , კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძისაგან მიეცა, სრულად შეესაბამებოდა ... ბრძანებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის ... ვაკანტურ თანამდებობაზე 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირებისათვის (რომელშიც მონაწილეობდა ე. ფ-ი) განსაზღვრული საკონკურსო თემატიკა, რომელიც შედგება სხვადასხვა საკანონმდებლო და სასამართლო აქტებისაგან, კერძოდ: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) 1948 წლის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“; გ) რომის 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“ და მისი ოქმები - გ.ა.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმები; გ.ბ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-4 ოქმი (იმ უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის შესახებ, რომლებსაც არ მოიცავს კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი; გ.გ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 ოქმი (სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ); გ.დ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 ოქმი; გ.ე.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 ოქმი; გ.ვ.) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 ოქმი (ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ; დ) სტრასბურგის 1995 წლის ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენცია; ე) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი; ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია; ზ) საქართველოს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; მ) პატიმრობის კოდექსი; ნ) საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; ო) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი; პ) საქართველოს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ; ჟ) საქართველოს კანონი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ; რ) საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ; ს) საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ; ტ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო 10 წლის ძირითადი პრეცედენტული გადაწვეტილებები; უ) საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება; ფ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულება; ქ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის დებულება; ღ) საქართველოს პარლამენტის საქმის წარმოების ინსტრუქცია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის #1344/1 ბრძანებით და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 31 დეკემბრის #246/3 ბრძანებით საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის ... განსაზღვრული ვალდებულების გათვალისწინებით, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ ვინაიდან იგი პროფესიით იურისტი არ არის, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისთვის მიცემული დავალებების თემატურობა, რაც დაკავშირებული იყო საკანონმდებლო აქტების კანონპროექტებზე დასკვნების მომზადებასთან, წარმოადგენდა მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას.

საკასაციო სასამართლო დისციპლინური წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2017 წლის 4 მაისის #7211 მიმართვა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისადმი მასზედ, რომ კომიტეტის ... ჯეროვნად ვერ ასრულებდა დაკისრებულ დავალებებს, ადგილი ჰქონდა დავალების შესრულებაზე უარსაც, რის გამოც კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვდა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მოპასუხის მიერ დისციპლინური წარმოების დაწყების დასაბუთებულ საფუძვლად არ განხილულა და აღნიშნულის გამო ე. ფ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიღებულა. რაც შეეხება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ის გამოცემულია დისციპლინური წარმოების საფუძველზე, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2017 წლის 25 ივლისის #12430 მიმართვის შედეგად, რომელიც მიჩნეული იქნა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის შემცველ ინფორმაციად და მასზე რეაგირება განხოციელდა მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ამავე კანონით დადგენილი ვადების დაცვით.

საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ პრემიების გაცემასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საპირისპიროდ, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ფულადი ჯილდოს შინაარსს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ, მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური წახალისება. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე უკმაყოფილო იყო მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2017 წლის განმავლობაში კომიტეტში დასაქმებული სხვა პირებისაგან განსხვავებული ოდენობის პრემიები მიიღო (მარტში - 30%, ივნისში 20%, სექტემბერში - 0%), არ შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციის ფაქტად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 24 მაისის #460/4 ბრძანებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ფ-ის 16 მაისის განცხადება და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის ანაზღაურებადი შვებულება 16 კალენდარული დღის ოდენობით 2017 წლის 1 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებშია, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 23 აგვისტოს #1472/4 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ფ-ის 22 აგვისტოს #13529 განცხადება და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით 2017 წლის 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებში, ასევე, მოიპოვება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2017 წლის 8 სექტემბრის #1627/4 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ფ-ის #13530 განცხადება და მოსარჩელეს მიეცა 2017 წლის ანაზღაურებადი შვებულება 7 სამუშაო დღის ოდენობით 2017 წლის 11 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.

მითითებულ ბრძანებებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კუთვნილი შვებულების გამოყენების შესახებ ე. ფ-ის ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია კანონის შესაბამისად და აპარატის უფროსის მიერ მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვას ან/და სხვა თანამშრომლებისაგან განსახვავებულ დამოკიდებულებას ადგილი არც ამ შემთხვევაში ჰქონია. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ 2017 წლის 16 მაისის განცხადებაზე ბრძანების 24 მაისს გამოცემა წარმოადგენს დისკრიმინაციას. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ე. ფ-ს შვებულება 16 კალენდარული დღის ოდენობით მისი განცხადების შესაბამისად 2017 წლის 1 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით მიეცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს უსაფუძვლოდ მოსარჩელის მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი