#ბს-634-634(2კ-17) 3 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 27 აპრილს დ. კ-მა და მ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. კ-ს შორის 2012 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის #17/09/01 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. კ-ი და ნ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დ. კ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 17.09.12წ. #17/09/01 განკარგულება იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს დ. კ-ისა და მ. კ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. კ-ს შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დ. კ-ისა და მ. კ-ის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორმა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის #124 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის #4 განკარგულებაზე მითითებით აღნიშნა, რომ დევნილთა ოჯახისა და მისი შემადგენლობის საკითხის განსაზღვრა წარმოადგენდა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტროსა და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კომპეტენციას. კასატორმა ასევე არასწორად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინეს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. კ-ი, მ. კ-ი, ლ. მ-ა, გ. კ-ი, მ. მ-ა, დ. კ-ი და მ. კ-ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერთ ოჯახად ნომრით ... . ნ. კ-ის, მ. კ-ის, ლ. მ-ას, გ. კ-ის, მ. მ-ას, დ. კ-ის და მ. კ-ის სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით ირკვევა, რომ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - თბილისი, ჩუღურეთი, ... .
საქართველოს პრეზიდენტის 17.09.2012წ. #17/09/01 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ დანართშივე მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს). აღნიშნული განკარგულების მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებული იყო განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირები (ოჯახის წევრები) უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. კ-ს შორის 2012 წელს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. კ-ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ჩუღურეთი, ... #138, ფართი 52.09 კვ.მ (ს/კ ...). ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ნ. კ-მა აიღო ვალდებულება მ. კ-ი, ლ. მ-ა, დ. კ-ი და მ. კ-ი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ სადავოა დ. კ-ისა და მ. კ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. კ-ს შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ნ. კ-ისთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 17.09.12წ. #17/09/01 განკარგულება. შესაბამისად, სადავოა საკითხი იმის შესახებ, დ. კ-ი და მ. კ-ი, როგორც დევნილები, ითვლებიან თუ არა სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც ნ. კ-თან გაფორმდა საცხოვრებელი ფართის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ნ. კ-მა აიღო ვალდებულება დ. კ-ი და მ. კ-ი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ბინაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულებით დ. კ-ს (პირადად და როგორც მ. კ-ის კანონიერ წარმომადგენელს), ისე აეკრძალა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან, ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია დ. კ-ისთვის და შესაბამისად, არ არსებობდა დ. კ-ისა და მისი, როგორც მ. კ-ის კანონიერი წარმომადგენლის, არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების გაფორმებით დ. კ-ისა და მისი, როგორც მ. კ-ის კანონიერი წარმომადგენლის მიმართ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რა დროსაც აუცილებელია მისი მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის #17/09/01 განკარგულება თარიღდება 2012 წლის 17 სექტემბრით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. კ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება კი გაფორმებულია 2012 წელს, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე; ხოლო მოსარჩელეებმა უფლების რეალიზაციის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს 2015 წლის 27 აპრილს, რაც ასევე გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი