Facebook Twitter

საქმე Nბს-1083-1077(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. კ-ა (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ. კ-ას მიმართ. მოსარჩელემ ქ. სენაკში, ... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 70.00 კვ/მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სენაკის ზონის სახელმწიფო რეგისტრატორის 1998 წლის 29 დეკემბრის №441998000020 (განაცხადის რეგისტრაციის №20/98) სააღრიცხვო ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 1998 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. სენაკში, ... ქ №20-ში (ყოფილი №14) მდებარე 69.50 კვ/მ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და დაევალა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სენაკის სარეგისტრაციო სამსახურს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან მიმართებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 1998 წლის 29 დეკემბრის

გადაწყვეტილება ქ. სენაკში, ... ქ №20-ში (ყოფილი №14) მდებარე 36.35 კვ/მ

მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის

ნაწილში; დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. სენაკში, ... ქ. №20-ში (ყოფილი №14) მდებარე 36.35 კვ/მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე; სარჩელი გ. კ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე (33,15 კვ.მ.) და შენობის მეორე სართულის საყრდენი კოლონების (ბოძების) მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავდე ტროტუარზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციას დღევანდელისგან განსხვავებით. რა იძლეოდა შესაძლებლობას რეკონსტრუქციის მიზნით დამატებით მიეღო მიწის ნაკვეთი და მიღებული მიწის ნაკვეთი მოქცეულიყო წითელ ხაზებში. ამასთან, 1998 წლის 28 ოქტომბრამდე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე თვითმმართველი ერთეული არ არსებობდა, როგორც საკუთრების სუბიექტი. 2005 წელს „ადგილობრივი თვითმმართელი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა თვითმმართველი ერთეულისთვის, რა დროსაც სადავო ქონება უკვე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და ამდენად კასატორის მოსაზრებით მოსარჩელეს სადავო ქონების მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი და არც 1998 წელს გააჩნდა.

კასატორი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის უფლებაზე და მიიჩნევს, რომ სარჩელზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით უძრავი ნივთების მიმართ გათვალისწინებული - 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ათვლილ უნდა იქნეს 2005 წელს თვითმმართველობისათვის ქონების გადაცემის მომენტიდან, როცა უნდა სცოდნოდა უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, რამდენადაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, რომ ქ. სენაკის მერიის გამგეობის სხდომის 1997 წლის 30 აპრილის №4/11 გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ას ნება დაერთო ეწარმოებინა მის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ვაჭრობის მაღაზიის (ობიექტის) რეკუნსტრუცია, არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე (ტროტუარზე) უფლების დამდეგენ დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამოქალაქო კოდექსისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად გ. კ-ას სახელზე სადავო - 36,35 კვ.მ მიწაზე რეგისტრაციის საფუძველი.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - გ. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 25.09.17წ. №12 საგადახდო დავალებით გ. ფ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე