Facebook Twitter

საქმე Nბს-65-65(2კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე); 2. ჯ. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჯ. ხ-მა 2016 წლის 15 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 25 ივლისის №76647-2016/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჯ. ხ-ისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) დანიშვნის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ჯ. ხ-ისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურებისა და 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 25 ივლისის N76647-2016/1 გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ჯ. ხ-ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; მოსარჩელის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ჯ. ხ-ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ჯ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ჯ. ხ-ისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ხ-მა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორმა - ჯ. ხ-მა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება რომ ჯ. ხ-ს პენსია შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბერს იმავე მიზეზით რა მიზეზითაც გამოსცა 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად სამართლიანად ბათილად იქნა ცნობილი ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების თაობაზე, არასწორი განმარტება გააკეთა და არასწორად მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ თითქოსდა კასატორ - ჯ. ხ-ისთვის ცნობილი იყო იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე, რომლითაც მას შეუწყდა ასაკობრივი პენსია 2013 წლის 1 დეკემბრიდან. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ჯ. ხ-ს 2013 წლის 1 დეკემბერს პენსია შეუწყდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. უფრო მეტიც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზედ, რომ კასატორ ჯ. ხ-ს ჩაბარდა ის ადმინისტრაციული აქტი, რის საფუძველზეც მას შეუწყდა პენსია. კანონმდებლობით მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მტკიცებულების წარმოდგენის ნაცვლად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი შემოიფარგლა ზეპირი განცხადებით, რომ მოსარჩელეს პენსია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, რომელზეც გამოცემულია ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ჯ. ხ-ი ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო კვლევით ცენტრ „დელტაში“ 2010 წლიდან იგი იღებდა ასაკობრივ პენსიას, 2013 წელის 1 დეკემბრიდან მას შეუწყდა პენსია ისე, რომ მას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ჩაბარებია და არც ოფიციალური ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოდან არ მიუღია, რის გამოც კასატორი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა, იმ სამართლებრივ საფუძველზე, თუ რატომ და რა საფუძველზე მოხდა ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა „დელტას“ მისი დაარსებიდან არ შეუცვლია პროფილი და არც კანონში „პენსიის შესახებ“ ცვლილება არ შესულა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს, ასევე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში ზეპირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან სამი დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. ამავე კოდექსის 54 მუხლის მიხედვით თუ კანონით სხვა რამ დადგენილი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ჯ. ხ-ს არ ჩაბარებია და ოფიციალურად არ მომხდარა აღნიშნული ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მხრიდან არ იქნა სამართლებრივად შეფასებული ის გარემოება, რომ ჯ. ხ-ს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს ამ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ქმედების გამო 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიადგა ზიანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით სახელმწიფო არის გარანტი ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, რის გამოც სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიმართ. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან დაირღვა ჯ. ხ-ის უფლებები და ზიანი მიადგა მის კანონიერ ინტერესებს, როგორც სამართლებრივად, ასევე მატერიალურად, რის გამოც, მას უნდა აღუდგეს ის უფლებები, რაც უკვე მოპოვებული ჰქონდა და მით უფრო იმ პირობებში როცა პენსიის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა.

კასატორმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მის მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებსაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით ჯ. ხ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ ჯ. ხ-მა 2016 წლის 20 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილებამ 2016 წლის 25 ივლისს მიიღო №76647-2016/1 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ჯ. ხ-ი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ჯ. ხ-ის მიერ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ განხორციელებული საქმიანობა არ წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის №ბს-77-75(კ-15) საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე მითითება.

ჯ. ხ-ი საკასაციო საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რაც ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე ვერ გახდება მსჯელობის საგანი, რამდენადაც იმ პირობებში, როდესაც ძალაშია გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ხ-ს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიუღებელი პენსიის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ხ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე