Facebook Twitter

საქმე №ბს-187-187 (2კ-18) 1 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), ე. ბ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ე. ბ-ა (მოსარჩელე) , საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)

მესამე პირები - რ. კ-ი, დ. ც-ე, გ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ბ-ამ 2015 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2015 წლის 22 აპრილის №... განცხადებაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება, რომლითაც განხორციელდება ე. ბ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი გლდანი „…“ , ს/კ №...

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნენ რ. კ-ი და დ. ც-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ე. ბ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ს-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილება გ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლად დადებული დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოეცა კანონის ნორმების შესაბამისად დასაბუთებული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - ე. ბ-ამ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ე. ბ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ე. ბ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივებს, რასაც სააპელაციო საჩივარი და მიიჩნევს რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რაც მისი გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.

კასატორის - ე. ბ-ას განმარტებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე №3/366-15 განჩინება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ე. ბ-ას საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე. ბ-ამ 2007 წლის 21 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი შეიძინა გ. ტ-ისგან და შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 23 თებერვალს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ (ს/კ ...) და გაიცა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამასთან დადგენილია, რომ 1996 წლის 08 მარტს გაცემული №440 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, გ. ი. ტ-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოეყო ,,...” მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართულ ნახაზზე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არ არის დატანილი. უფლების დამდგენი დოკუმენტის №440 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გ. ტ-ის სახელზე გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიიდან და 2006 წლის 09 ოქტომბერს მესაკუთრედ დარეგისტრირდა გ. ტ-ი, სარეგისტრაციო ზონა: ... სექტორი: ... კვარტალი №... ნაკვეთის №088. 2015 წლის 22 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში ე. ბ-ს მიერ წარდგენილ განაცხადზე №..., რომლითაც ითხოვდა მცხეთის რაიონის სოფელ გლდანში მდებარე 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრისა და ფართობის დაზუსტებას, მარეგისტრირებელმა ორგანომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (23.04.2015) გადაწყვეტილება, რითაც განმცხადებელს განუმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები: ... და ... ) საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე დაზუსტებული 1000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...), 1993 წლის 24 აპრილს გაცემული №492 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დარეგისტრირდა გ. (გა.) ს-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრების უფლება, მისამართი: თბილისი, სოფელი გლდანი, ზონა მცხეთა ... სექტორი ... კვარტალი ... ნაკვეთი 619. №492 მიღება- ჩაბარების აქტის მიხედვით, მიწის რეფორმის კომისიის მიერ გა. ბ. ს-ს გამოეყო ,,...“ მიწის ნაკვეთი ფართობით სულ 0,10 საფუძველი სოფ. გლდანის მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 23 მარტის №1 ოქმით. წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, მასზე დატანილია მოსაზღვრე ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელები: 1. გზა; 2. გზა; 3. ნ. ფ-ი ;4. რ-ი.

მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებით, 2015 წლის 30 მარტს გ. ს-სა და რ. კ-სა და დ. ც-ეს შორის გამორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი დარეგისტრირდა რ. კ-ისა (პირადი ნომერი ...) და დ. ც-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრება: ს/კ ...; დაზუსტებული ფართობი 1000,00 კვ.მ. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი დაიყო შემდეგ საკადასტრო ერთეულებად: ... (მესაკუთრე დ. ც-ე) და ... (მესაკუთრე რ. კ-ი).

საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ 2014 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების მიღებისას გ. ს-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორცილების დროს დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული 2014 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას იმის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებისას, ჰქონდა თუ არა ადგილი დაინტერესებული პირის ვინაობის დადგენას, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაინტერესებულ პირთა დადგენა შესაძლებელი იყო საარქივო ცნობის მეშვეობით, ადგილის დათვალიერებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული ინფორმაციების შესწავლით. მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. არ შეუდარებია მესამე პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი რამდენად შეესაბამებოდა ტექ. ბიუროში რეგისტრირებულ საინვენტარიზაციო გეგმას, არ დაუდგენია ტექნიკური არქივის მონაცემების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრეები. მართალია, გ. ტ-ის მიმართ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №440 აქტში, რომლის უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ე. ბ-ამ მომიჯნავე მიწის ნაკვთის მესაკუთრეები არ არიან მითითებულნი, მაგრამ სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-ის მიმართ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-ის მიმართ გაცემული მიღება - ჩაბარების №492 აქტზე თანდართული ნახაზის მიხედვით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთ- ერთ მოსაზღვრედ მითითებულია რ-ი, როგორც გაირკვა სასამართლოს სხდომაზე ლაპარაკია თ. რ-ზე, რომელიც გ. ს-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ ვერ იქნებოდა მითითებული, რადგან გ. ს-ის სახელზე მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტი გაცემულია 1993 წლის 24 აპრილს, ხოლო თ. რ-ის სახელზე მიღება -ჩაბარების №439 აქტი კი გაცემულია 1996 წლის 8 მარტს. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება.

რაც შეეხება მესამე პირების მიმართ განხორციელბული რეგისტრაციის შესახებ ე. ბ-ას საკასაციო პრეტენზიას, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი დანაწესიდან გამომდინარე, მხოლოდ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა მოსარჩელის მიზანი - სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საკუთრების უფლების აღდგენა, რამდენადაც დ. ც-ისა და რ. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დღეის მდგომარეობით ძალაშია და არ გაუქმებულა და განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ბ-ას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - ე. ბ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 26.02.2018წ. №45 საგადახდო დავალებით თ. კ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს 23.02.2018წ. №05289 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე