საქმე №ბს-333-333 (კ-18) 12 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,…“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - აღსრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 2016 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 აპრილის №32069 გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 25 მარტის №1216 ბრძანების ბათილად ცნობა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც 2015 წლის 01 აპრილის №A14086549-012/002, №A14086549-012/004 და 2015 წლის 02 აპრილის №A14086549-012/005 განკარგულებებში შევა შესწორებები, კერძოდ: დასახელებულ განკარგულებაში მიეთითება ქონების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, … ქ. №1 და სიტყვები ,,მოძრავი ქონება” შეიცვლება სიტყვებით ,,უძრავი ქონება“ და 2015 წლის 01 აპრილის №A14086549-012/002 განკარგულების პირველ პუნქტში დაამატება სიტყვა ,,ღობე“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელე შპს „…“ 2016 წლის 19 აპრილის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - რუსთავის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნულის შესახებ ეცნობა მოსარჩელე შპს „…“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 მარტის №1216 გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ასევე შპს „…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შპს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და მიიჩნევს, რომ N A14086549-012/002, N A14086549-012/004 და N A14086549-012/005 განკარგულებებით აუქციონზე შეიძინა სს ,,…" საკუთრებაში არსებული დამონტაჟებულ მდგომარეობაში მყოფი ქონება, რაც ადასტურებს, რომ აუქციონზე შეიძინა არა მოძრავი, არამედ უძრავი ქონება და ამასთან აუქციოზე არსად იყო დაფიქსირებული, რომ მყიდველს გააჩნდა დემონტაჟის ვალდებულება. კასატორი აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შუამდგომლობს დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, კერძოდ საკასაციო საჩივარზე დართულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 იანვრის წერილი. აღნიშნულ მტკიცებულებაზე მითითებით კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მან ქონება შეიძინა დემონტაჟის ვალდებულების გარეშე, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისთვის გადაცემული ქონება წარმოდგენს უძრავ ნივთს და არსებობს სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემულ განკარგულებებში შესაბამისი შესწორების შეტანის წინაპირობები.
კასატორი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით შპს „…“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 01 აპრილის №A14086549-012/002 განკარგულებით, სს ,,...” საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ერთიანი კონსტრუქცია (დამონტაჟებულ მდგომარეობაში) 2015 წლის 30 მარტს პირველ იძულებით აუქციონზე შემძენი გახდა შპს ,, ...". (...) შპს ,,..." ქონება შეიძინა 7,5 ლარად. ნივთის დასახელება ელექტრონულ აუქციონზე გაყიდვისას მითითებულია, როგორც ერთიანი კონსტრუქცია (ღობე) ასევე გამოქვეყნებულია ერთიანი კონსტრუქციის ფოტომასალა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 02 აპრილის №A14086549- 012/005 განკარგულებით, სს ,,...” საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების ავზის (ბეტონის კონსტრუქცია) დამონტაჟებულ მდგომარეობაში, 2015 წლის 30 მარტს პირველ იძულებით აუქციონზე შემძენი გახდა შპს ,,...", რომელმაც ქონება შეიძინა 180 ლარად. ნივთის დასახელება ელექტრონულ აუქციონზე გაყიდვისას მითითებულია, ავზი (ბეტონის კონსტრუქცია). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 01 აპრილის №A14086549- 012/004 განკარგულებით, სს ,,...” საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების ბეტონის ფილის (სინკარული) 8 ცალი, დაზიანებული დამონტაჟებულ მდგომარეობაში, 2015 წლის 30 მარტს პირველ იძულებით აუქციონზე შემძენი გახდა შპს ,,...", რომელმაც ქონება შეიძინა 12 ლარად. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აპრილს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა 2015 წლის 01 აპრილის №A14086549-012/004 და №A14086549-012/002, 2015 წლის 02 აპრილის №A14086549-012/005 განკარგულებებში შესწორების შეტანა, კერძოდ, დასახელებული განკარგულებებიდან არასწორად მითითებული სიტყვა ,,მოძრავის“ ამოღება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შეძენილი ნივთები მყარადაა დაკავშირებული მიწასთან. ამასთან აუქციონში მითითებული არ იყო დასახელებული ქონების გატანის ან დემონტაჟის ვალდებულება. სამივე განკარგულებაში მიეთითოს ქონების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, ... ქ. №1, ხოლო №A14086549-012/002 განკარგულებაში დაემატოს სიტყვა ღობე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. სამართლებრივი თვალსაზრისით ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა, მის მიერ გამოცემულ აქტში განახორციელოს ცვლილებები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის გასწორებას ან/და ითვალისწინებდეს არსებითი ხასიათის შესწორების განხორციელებას. თუმცა, ყველა ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს აქტში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი, რომლის არსებობასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ანუ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო შპს ,,..." საკასაციო საჩივრის საფუძველზე ამოწმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით და შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი მოქმედი კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, რის გამოც, არ არსებობს შპს ,,..." შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.
კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „...“ შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. კასატორს - შპს „…“ (ს/ნ…) დაუბრუნდეს 12.03.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე