№ბს-78-78(კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ კ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 27 თებერვალს კ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა მისი დედა - პ. ა-ი, რომელსაც სსიპ სოციალური მომსახურების ახმეტის რაიონული განყოფილებიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია. პ. ა-ს 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილ პირზე გაცემული მინდობილობის ვადის გასვლის გამო, ხოლო 2016 წლის 1 ნოემბრიდან შეუწყდა პენსიის გაცემა, გარდაცვალების გამო.
მოსარჩელის განმარტებით, მის მეუღლეს - ზ. ც-ას (პ. ა-ის მინდობილი პირი) პენსიის გაცემაზე ეთქვა უარი. ასევე, პ. ა-ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ნოტარიუსმა უარი განაცხადა ახალი მინდობილობის გაცემაზე, ამიტომ ზ. ც-ამ მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი მხარდამჭერად ცნობა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, პ. ა-ი გარდაიცვალა. კ. მ-მა დედის გარდაცვალების შემდეგ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გარდაცვლილი დედის 4 თვის მიუღებელი პენსიის გაცემა, მაგრამ სააგენტომ 2017 წლის 1 თებერვლის №04/5767 წერილობითი პასუხით უარი უთხრა პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ პ. ა-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის #04/5767 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პ. ა-ის მემკვიდრე - კ. მ-ისთვის მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხის (2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის #04/5767 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პ. ა-ის მემკვიდრე - კ. მ-ისთვის მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხის (2016 წლის 1 აგვისტოდან - 2016 წლის 1 ნოემბრამდე) ანაზღაურება დაევალა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კ. მ-ის დედას - აწ გარდაცვლილ პ. ა-ს, როგორც ასაკით პენსიონერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, რომელიც გაიცემოდა მინდობილ პირზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. 2015 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პ. ა-მა სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) აღების უფლება მიანდო ზ. ც-ას. 2016 წლის 1 აგვისტოდან პ. ა-ს შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო.
2017 წლის 9 იანვრის ცნობის თანახმად, თელავის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ზ. ც-ას 2016 წლის 5 ოქტომბრის განცხადება, დედამთილის - პ. ა-ის მიმართ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე. პ. ა-ი გარდაიცვალა 2016 წლის 1 ნოემბერს, რაც დასტურდება 2016 წლის 21 ნოემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობით.
2016 წლის 24 ნოემბერს ზ. ც-ამ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა, ეცნობებინათ როდის და რა მოტივით შეუჩერდა პ. ა-ს პენსია, რამდენს შეადგენს გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსია და რა დოკუმენტი უნდა წარედგინა აღნიშნული პენსიის მისაღებად. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების 2016 წლის 30 ნოემბრის №04-10-02/2933 წერილით, ზ. ც-ას განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოქალაქე პ. ა-ს, ბანკის ინფორმაციის საფუძველზე, მინდობილობის ვადის გასვლის გამო 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა, რადგან მის სიცოცხლეში არ მომხდარა სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის განახლებაზე განცხადების წარდგენა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის №04/5767 წერილობითი პასუხით კ. მ-ს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ პ. ა-ს 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ პ. ა-ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კ. მ-ი წარმოადგენდა გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს, მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დანართის №1-ის მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერება-განახლების საფუძვლები, კერძოდ, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მეორე წინადადების თანახმად, პენსია შეჩერდება ასევე იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან მოსარჩელე კ. მ-ის დედას - პ. ა-ს შეუჩერდა პენსიის მიღება მინდობილობის ვადის გასვლის გამო. ამასთან, 2016 წლის 1 ნოემბერს პ. ა-ი გარდაიცვალა, რის გამოც 2016 წლის 1 ნოემბრიდან მის მიმართ პენსიის გაცემა შეწყდა.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
საქმის მასალების თანახმად, კ. მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის – პ. ა-ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის №04/5767 წერილობითი პასუხით კ. მ-ს განემარტა, რომ პ. ა-ს 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ პ. ა-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამიტომ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დანართი №1-ის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
საქმის მასალებით დადგენილი იყო და მოსარჩელეც არ ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ პ. ა-ის მინდობილ პირს ან თავად აწ გარდაცვლილ პ. ა-ს მის გარდაცვალებამდე არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სამსახურისათვის. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ კ. მ-ი წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი პ. ა-ის მემკვიდრეს, რომელიც ითხოვდა აწ გარდაცვლილი დედის მიმართ გაუცემელი პენსიის თანხის მიღებას და ეს გარემოება სადავო არ იყო. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს ზ. ც-ამ განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს დედამთილის - პ. ა-ის მიმართ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე პ. ა-ი გარდაიცვალა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სახელწმიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებასთან მიმართებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ კ. მ-მა მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, კ. მ-ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გააჩნდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიიჩნია, რომ სასამართლომ მათ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-13, მე-14 და მე-17 მუხლების მიხედვით, პენსია ინიშნება მასზე უფლებამოსილი პირის მიერ კომპეტენტურ ორგანოში შესაბამისი განცხადების კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარდგენის საფუძველზე, ხოლო წყდება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
რაც შეეხება პენსიის გაცემის შეჩერებას, პალატის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მისი საფუძველია პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა და პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ კი წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შეჩერებიდან არა უმეტეს 1 წლის პერიოდისათვის. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე განმარტა, რომ პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის მემკვიდრეებზე იმ შემთხვევაში გაიცემოდა, თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ განხორციელებული იყო პენსიონერის სიცოცხლეში. საქმეზე დადგენილია, რომ გარდაცვლილ პ. ა-ს მის გარდაცვალებამდე არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სამსახურისათვის. ამდენად, გაუცემელი საპენსიო თანხის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია ქალებისათვის 60 წლის ასაკის მიღწევა და გარდაცვალებამდე კანონით მინიჭებული ამ უფლების წართმევა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დღისთვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს თუ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც პ. ა-ს და არც მის ნდობით აღჭურვილ პირს არ მიუმართავთ სადავო თანხის მოთხოვნით სოციალური სააგენტოს შესაბამისი სამსახურისათვის. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელში გარკვევითაა მითითებული, რომ ზ. ც-ას უარი უთხრეს პ. ა-ის კუთვნილი პენსიის გაცემაზე მინდობილობის ვადის გასვლის გამო. ამის შემდეგ ნოტარიუსმაც პ. ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ახალი მინდობილობის გაცემაზე უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კასატორსა და მის მეუღლეს პ. ა-ის სახელით რაიმე სახის განცხადების შეტანის უფლება არ ჰქონდათ არც სააგენტოში და არც სასამართლოში, ზ. ც-ამ მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს პ. ა-ის მხარდამჭერად ცნობის თაობაზე, რაც უპირველეს საჭიროებას წარმოადგენდა მიუღებელი პენსიის ასაღებად. აღნიშნული ქმედებები განხორციელდა პ. ა-ის სიცოცხლეშივე, თუმცა იგი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გარდაიცვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით კ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კასატორის დედა - პ. ა-ი იყო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტი - პენსიონერი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით დაენიშნა სახელმწიფო პენსია ასაკის გამო. იგი გაიცემოდა მინდობილ პირზე - ზ. ც-აზე, 2015 წლის 6 აგვისტოს სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 2016 წლის 1 აგვისტოდან პენსიონერს - პ. ა-ს შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება მინდობილობის ვადის გასვლის გამო. 2016 წლის 5 ოქტომბერს ზ. ც-ამ მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და დედამთილის - პ. ა-ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა მოითხოვა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე პ. ა. გარდაიცვალა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს ზ. ც-ამ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა, ეცნობებინათ როდის და რა მოტივით შეუჩერდა პ. ა-ს პენსია, რამდენს შეადგენდა გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსია და რა დოკუმენტი უნდა წარედგინა აღნიშნული პენსიის მისაღებად. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების 2016 წლის 30 ნოემბრის №04-10-02/2933 წერილით, ზ. ც-ას განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოქალაქე პ. ა-ს, ბანკის ინფორმაციის საფუძველზე, მინდობილობის ვადის გასვლის გამო 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა, რადგან მის სიცოცხლეში არ მომხდარა სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის განახლებაზე განცხადების წარდგენა. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის №04/5767 წერილობითი პასუხით კ. მ-ს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ პ. ა-ს 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა პენსიის მიღება მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ პ. ა-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კ. მ-ი წარმოადგენდა გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს, მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის №04/5767 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. სადავო აქტის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ პენსიის გაცემაზე უარი უკანონოდ ეთქვა. კასატორის მეუღლეს ზ. ც-ას (პ. ა-ის მინდობილი პირი) უარი ეთქვა პენსიის გაცემაზე მინდობილობის ვადის გასვლის გამო. ამასთან, პ. ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნოტარიუსმა უარი განაცხადა ახალი მინდობილობის გაცემაზე, რის გამოც ზ. ც-ამ მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და პ. ა-ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა მოითხოვა. ამდენად, სსიპ სპეციალური სააგენტოს უარი პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ პ. ა-ის მემკვიდრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ, უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო ამავე ქარტიის მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშვირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს. კერძოდ, შეჩერების საფუძველია პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ კი წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება შეჩერებიდან არა უმეტეს 1 წლის პერიოდისათვის. ამავე კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია აგრეთვე პენსიის შეწყვეტის წესი და პირობები, კერძოდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება პ. ა-ისათვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებები, თუმცა სადავოა მხოლოდ პენსიის შეჩერება, რადგან პ. ა-ისათვის პენსიის შეწყვეტას საფუძვლად დაედო მისი გარდაცვალება, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე #ბს-365-360(კ-16)) თანახმად, განიმარტა, რომ „სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა“.
„ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებითსამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. საქმის მასალებით არ დასტურდება პ. ა-ის მიმართ პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ასევე არ დასტურდება მისი არც ადრესატისათვის და არც მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების ფაქტი, რაზეც სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძირითადი პროცედურული ვალდებულების შესრულების შემდეგ პ. ა-ისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის აქტის ჩაბარების შემთხვევაში ადგილი ექნებოდა პენსიის შეჩერების საფუძველს და დადგებოდა იგივე შედეგი, არ დასტურდება, რომ პ. ა-ის წარმომადგენელი არ მიმართავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და არ აღმოფხვრიდა სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველს და შეჩერების აქტის გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამარტივებული წარმოება, პროცედურის ეკონომიურობისა და ეფექტურობის მოთხოვნები, არ გულისხმობს ადრესატისათვის აქტის გამოცემის საფუძვლებისა და გამოცემული აქტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას, მით უფრო სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების მოთხოვნის, აგრეთვე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საყოველთაობის, მუდმივობის, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის პრინციპების (მე-3 მუხ.) გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ზ. ც-ამ პენსიის გაცემაზე უარის მიღების შემდეგ მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც უარი განაცხადა ახალი მინდობილობის გაცემაზე პ. ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამის შემდეგ ზ. ც-ამ მიმართა სასამართლოს პენსიონერისათვის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის მოთხოვნით, თუმცა პ. ა-ი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გარდაიცვალა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზეპირად გამოცემული აქტისაგან განსხვავებით, წერილობითი აქტის მიმართ მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-58-ე მუხლების მოთხოვნები. ამავე კოდექსის 54-55-ე მუხლებიდან გამომდინარე, დადგენილია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, რადგან პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მისთვის პენსიის ჩარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს. სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესის - პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება, შესაბამისად, არ დასტურდება აგრეთვე მისი ძალაში შესვლაც.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სადავო აქტის ბათილად ცნობით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილება სამართლებრივად სხვაგვარად დაასაბუთა. სააპელაციო სასამართლომ კი სრულიად დაუსაბუთებლად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არგუმენტირებული მსჯელობის გარეშე დააკმაყოფილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ძირითად მოტივს წარმოადგენს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ პენსიის შეჩერების საკითხი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით უნდა გადაწყდეს. რაც კანონით დადგენილი წესით უნდა გაეცნოს (ჩაბარდეს) პირს, მხოლოდ ამის შემდეგ იძენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერ ძალას.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. საქმის მასალების თანახმად, კ. მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დედის - პ. ა-ის გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის N04/5767 წერილობითი პასუხით კ. მ-ს განემარტა, რომ პ. ა-ს 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ. მ-მა მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია. მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გააჩნდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ ამ გარემოების გათვალისწინებითაც კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნები კ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთან, კ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, რის გამოც მას ეკუთვნის დედის - აწ გარდაცვლილი პ. ა-ის მიერ გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხა 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის №04/5767 გადაწყვეტილება;
5. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს პ. ა-ის მემკვიდრეს - კ. მ-ს აუნაზღაუროს მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხა 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი