საქმე Nბს-461-461(გ-18) 17 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - ლ. ბ-ა
მოპასუხეები - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 16 აპრილს ლ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N82 ოქმის ბათილად ცნობა, ლ. ბ-ასათვის გალის რაიონის სოფელ … 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 6 მარტის N149/03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხისათვის დავალება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს აქტი 1993 წლამდე მოსარჩელის გალის რაიონის სოფელ … მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით ლ. ბ-ას სარჩელი მოპასუხეების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელზე მოპასუხეებად მითითებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ტერიტორიაზე. თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ქ. თბილისი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ადგილსამყოფელი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.07წ. 1/150-2007 გადაწყვეტილების 381–ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განსაზღვრულია ასევე ქ. თბილისი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი, განსჯადობის განსაზღვრის საერთო წესისაგან განსხვავებული, განსაკუთრებული წესი და ლ. ბ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ას სარჩელი, მოპასუხეების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით ლ. ბ-ას სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამ მუხლით დადგენილი სარჩელის განხილვის განსჯადობის წესი მოქმედებს მაშინ, თუკი ორივე მხარე იძულებით გადაადგილებული პირია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ლ. ბ-ას მიერ, რომელიც არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მართალია, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
ამდენად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების იურისდიქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთის სასამართლოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ არა მარტო ტერიტორიული პრინციპით, არამედ დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების დროებითი, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია მოსარჩელეზე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირზე, რაც გამორიცხავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ბ-ამ დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართა სასამართლოს და არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.
განსახილველ შემთხვევაში ლ. ბ-ა ითხოვს საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N82 ოქმის ბათილად ცნობას, ლ. ბ-ასათვის გალის რაიონის სოფელ … 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; ასევე ითხოვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 6 მარტის N149/03 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და აქტის გამოცემის დავალებად 1993 წლამდე მოსარჩელის გალის რაიონის სოფელ … მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ტერიტორიაზე. თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის N 49 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი N16.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ბ-ას, რომელსაც სარჩელის შეტანისას არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, აღნიშნული გამორიცხავს მისი სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისთვის დაქვემდებარების შესაძლებლობას, რა დროსაც გამოყენებულ უნდა იქნეს არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები, ანუ სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯად სასამართლოს.
,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურიდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ლ. ბ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ას სარჩელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე