Facebook Twitter

საქმე Nბს-521-521(კ-18) 17 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის ანაზღაურების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხე ვ. გ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 499.20 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. გ-ეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაევალა, მის მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 499.20 ლარის ოდენობით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ვ. გ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 345.2 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, მოპასუხე ვ. გ-ეს თავდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად ჩაერიცხა ნოემბრის თვის ხელფასი, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მოპასუხე ვ. გ-ეს ჩაერიცხა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, დაკავებული არ იქნა საშემოსავლო გადასახადი, თუმცა დაკავებულ იქნა ზედმეტად ჩარიცხული 3 დღის ხელფასი - 2016 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე - 231.01 ლარის ოდენობით და საბოლოოდ მოპასუხე ვ. გ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩაერიცხა 2.264.99 ლარი, რეალურად მისაღები თანხა კი იყო 1765.79, შესაბამისად ვ. გ-ის მიერ ბიუჯეტში დასაბრუნებელ თანხას წარმოადგენს 499.20 ლარი. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამართლებრივი შედეგი - ვ. გ-ის განთავისუფლება, წარმოიშვა მხოლოდ მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის მომენტიდან.

კასატორი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დადგენილია, რომ ვ. გ-ე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. იგი დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით, 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან დაწესებულების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო. აგრეთვე დადგენილია, რომ ვ. გ-ე 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობებს და ვინაიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა 2016 წლის 29 ნოემბერს მოხდა, მისთვის ბრძანების გამოცემამდე, ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, ვ. გ-ე უფლებამოსილი იყო, მიეღო კუთვნილი ხელფასი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსთვის 2 დღის ანაზღაურების ოდენობით, რამაც შეადგინა 154 ლარი.

სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ ვ. გ-ისათვის გაცემული თანხა -154 ლარის ოდენობით, არ უნდა დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე