საქმე Nბს-524-524(კ-18) 17 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-მა 2015 წლის 26 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 აგვისტოს N35956 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 24 დეკემბრის N9309/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N9309/2/14); საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 აგვისტოს ბრძანება N35956 და დაევალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს შემოსავლების სამსახურს - საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება; ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მოსაზრებით მისთვის სათანადოდ არ განუმარტავთ მისი უფლებების შესახებ და მის მიერ დეკლარაციის სათანადოდ შეუვსებლობა გამოწვეულია გაუგებრობით. რამდენადაც, ჩანთაში აღმოჩენილი დაუდეკლარირებელი საიუველირო ნაკეთობები ეკუთვნოდა მოსარჩელის თანმხლებ პირებს, ს. ა-ის მეუღლეს და მის მეგობარს, რომლის ჩანთაში მოთავსების შესახებ არ იყო ცნობილი დეკლარანტისთვის. კასატორის განმარტებით მას არ ჰქონდა ჩანთაში მოწყობილი სამალავი და არც ინტერესი ქონდა დაემალა ნივთები, რადგან საქონლის დროებითი შემოტანა გათავისუფლებულია გადასახადისაგან, რაც კასატორის მოსაზრებით სამართალდარღვევის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით ს. ა-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
რამდენადაც საქმეზე დადგენილია, რომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 12 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ სასაზღვრო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე ს. ა-ი. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა განახორციელა აღნიშნული მგზავრის ინტერვიურება დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებით. ს. ა-მა განაცხადა, რომ მას მხოლოდ პირადი ნივთები მიჰქონდა, რის შემდეგაც განხორციელდა მისი კუთვნილი ხელბარგის სკანირება, რომლის დროსაც მიღებულ გამოსახულებაზე ოფიცერმა შენიშნა საეჭვო ნივთები და მგზავრს, ხელახლა ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ძვირფასეულობა ან ოქროს სამკაულები, რაზეც კიდევ ერთხელ, უარყოფითი პასუხი მიიღო. ს. ა-ს გადაეცა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია და განემარტა მისი შევსების წესი, თუმცა მან მხოლოდ პირადი ნივთები დაადეკლარირა. ს. ა-ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, კერძოდ: ოქროს ბეჭედი - 11 ცალი, ოქროს მედალიონი - 7 ცალი, ოქროს ყელსაბამი - 4 ცალი, ოქროს სამაჯური - 4 ცალი, ოქროს საყურე - 6 წყვილი და ერთი ცალი, ოქროს საათი ოქროს სამაჯურით - 2 ცალი, ვერცხლის ბეჭედი -1 ცალი და სხვა. საქონლის საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანისათვის შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N EL025341, ს. ა-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.10. მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100% ოდენობით, 14 696.14 ლარი (ექსპერტის დასკვნა N004362). მოსარჩელე ს. ა-ის განაცხადებით, თან ჰქონდა პირადი ნივთები, მებაჟემ მისი კუთვნილი ხელბარგის სკანირების შედეგად მიღებულ გამოსახულებაზე შენიშნა საეჭვო ნივთები და მგზავრს ხელახლა ჰკითხა ხომ არ ჰქონდა ძვირფასეულობა ან ოქროს სამკაულები, რაზეც კიდევ ერთხელ უარყოფითი პასუხი მიიღო. ს. ა-ს გადაეცა ფიზიკური პირის დეკლარაცია და განემარტა მისი შევსების წესი, თუმცა მან მხოლოდ პირადი ნივთები დაადეკლარირა. 2014 წლის 12 ივნისს სგპ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე მოსარჩელესთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი პირი მისი მეუღლე ო. ა-ი (რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილითაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა მგზავრებმა). მებაჟეებმა დაათვალიერეს, ავტომანქანა და მგზავრების ხელბარგი . მოსარჩელის განმარტებით , ამ ნივთების არსებობის შესახებ მან არ იცოდა, ნივთები წარმოადგენს მისი მეუღლისა და თანმხლები პირების საკუთრებას, ჩანთაში მოათავსა მისმა მეუღლემ. (მგზავრები მიდიოდნენ თურქეთში ქორწილში). ს. ა-ის მეუღლის განმარტებით, მან ნივთები მოსარჩელესთან შეუთანხმებლად ჩაალაგა ჩანთაში, სხვა პირად ნივთებთან ერთად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ა-ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“, რომლის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - მ. ყ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 17.05.18წ. საგადასახადო დავალებით ს. ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 734 ლარის და 81 თეთრის, 70% - 514 ლარი და 367 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე