Facebook Twitter

#ბს-320-320(კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 მარტს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის #3920 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 12 ნოემბრის #145844 და 13 ნოემბრის CB583959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა „...“ ... ფილიალი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლზე, აგრეთვე, 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, თუკი კასატორმა პატიების შუამდგომლობით უარი თქვა საჩივრის სხვა მოთხოვნებზე, მაშინ დავის განმხილველი ორგანო დააკმაყოფილებდა მის შუამდგომლობას და სხვა ნაწილებში განუხილველად დატოვებდა საჩივარს. დავის განმხილველმა ორგანომ კი არსებითად განიხილა საჩივრის სხვა ნაწილებიც და უარი უთხრა მას საჩივრის აღნიშნული ნაწილების დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მითითებით, შემოსავლების სამსახურის #3920 ბრძანების ვრცელი მსჯელობაა იმაზე, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირება კანონს შეესაბამება. ყოველივე აღნიშნული იძლევა იმის საფუძველს, რომ შემოსავლების სამსახურმა ზუსტად ისე მიიღო კასატორის პატიების შუამდგომლობა, რა კონტექსტითაც იგი იყო დაწერილი - სანქციის მოხნის თხოვნით, რაც სრულებით არ გამორიცხავს დანარჩენ ნაწილში საკითხის სადავოდ დატოვებას.

კასატორის განმარტებით, შპს „...“ პატიების შუამდგომლობაში არსად არ დაუფიქსირებია უარი საკუთარ პოზიციაზე. ხსენებულ შუამდგომლობაში აღინიშნა, რომ მომხდარიყო ჯარიმის პატიება, თუმცა უარი უნდა იყოს პირდაპირი და ცალსახა, ასეთი უარი კი მათ არ უთქვამთ. ამასთან, საგადასახადო კოდექსში არსად არის მითითებული, რომ პატიების შუამდგომლობა ავტომატურად საჩივარზე უარს გულისხმობს. კასატორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საჩივარი სხვა ნაწილებში არ დაკმაყოფილდა, ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივარი სხვა ნაწილში განუხილველი დაეტოვებინა, თუკი იგი პატიებას საჩივარზე უარად მიიჩნევდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის #3920 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 12 ნოემბრის #145844 და 13 ნოემბრის #CB583959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 13 ნოემბრის #CB583959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა. შპს „...“ 2016 წლის 12 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა #24961/21-11 და #24956/21-11 განცხადებები, სადაც მიუთითა, რომ წარდგენილ საჩივრებზე აზუსტებს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 12 ნოემბრის #145844 და 13 ნოემბრის #CB583959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების პატიებას.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის #3920 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...“ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 12 ნოემბრის #145844 და 13 ნოემბრის #CB583959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან; საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითია, შესაფასება მიეცეს სწორედ შპს „...“ საჩივარს 2015 წლის 13 ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე და მოგვიანებით შედგენილ დაზუსტებულ განცხადებას. ამ ორი დოკუმენტის გაანალიზებით უნდა დადგინდეს, საბოლოოდ რა მოთხოვნა დააყენა შპს-მ ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას შპს „...“ 2016 წლის 12 თებერვლის დაზუსტებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ცალსახად და არააორაზროვნადაა მითითებული, რომ განმცხადებელი აზუსტებს თავის მოთხოვნას და ითხოვს პატიებას - სანქციისგან გათავისუფლებას. მოცემულ განცხადებაში მოთხოვნა ალტერნატიულად არ არის დაყენებული, სადაც ამოიკითხებოდა განმცხადებლის სურვილი, იმ შემთხვევისათვის, თუ ბათილად არ იქნებოდა ცნობილი სადავო აქტი, მხოლოდ მაშინ მიეღო გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურს სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე. განცხადებაში არაორაზროვნადაა გამოხატული მისი ავტორის ნება, მოთხოვნის დაზუსტების, კერძოდ, არა აქტის ბათილად ცნობის, არამედ პატიების - სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის #3920 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თაობაზე, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის #3920 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით წარმოადგენს სადავო აქტის ტექნიკური ხასიათის ხარვეზს, არ გულისხმობს აქტის კანონიერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან თავად სადავო ბრძანებაში აღინიშნა, რომ დავების განხილვის საბჭომ განიხილა შპს „...“ საჩივარი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების პატიების თაობაზე (და არა სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარეზოლუციო ნაწილი უნდა განიმარტოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან ერთად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...“ საკასაციო საჩივარზე თ. ნ-ს 07.05.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. შპს „...“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ნ-ის მიერ 07.05.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი