#ბს-487-487(კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა. მ-ას მიმართ.
მოსარჩელემ ა. მ-ასთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მის მიერ 649.60 ლარის ოდენობით უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ა. მ-ას 649.60 ლარის ოდენობით უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას კომპენსაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე ა. მ-ა 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან დაწესებულების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ა. მ-ას ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1394 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგო - 1115.2 ლარს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109.1 მუხლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების გამო, ა. მ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 281 პუნქტის საფუძველზე, ჩაერიცხა 2650.49 ლარი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის განკუთვნილი ერთჯერადი გასასვლელი დახმარება. ასევე, ა. მ-ას სრულად ჩაერიცხა ნოემბრის თვის ხელფასი.
მითითებული ნორმის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №23-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, შესაბამისი ოდენობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ა. მ-ასთვის ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ჩარიცხვა იყო უსაფუძვლო, ვინაიდან ა. მ-ა თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბიდან ან სახმელეთო ჯარებიდან, არამედ იგი განთავისუფლდა როგორც სამოქალაქო პირი, რაც მხარეებს შორის არ არის სადავო.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ ა. მ-ასთვის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ხელფასის ჩარიცხვა იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მას სრულად ჩაერიცხა ნოემბრის თვის ხელფასი მიუხედავად იმისა, რომ ა. მ-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 28 ნოემბრიდან. ამასთან, ა. მ-ას მიერ არ გასაჩივრებულა სამსახურიდან მისი განთავისუფლების ბრძანება თარიღის ცვლილების თვალსაზრისით, ამდენად, არსებული ფორმით (სადაც განთავისუფლების თარიღად მითითებულია 28 ნოემბერი) იგი შესულია კანონიერ ძალაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დარიცხული თანხის სხვაობის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი