Facebook Twitter

1საზ ქ. თბილისი

22 თებერვალი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ ო. დ-ს

პროკურორ _ ქ. ჩ-ს

ადვოკატ _ ს. მ-ს

მონაწილეობით განიხილა საქართველოს მთავარი პროკურორის _ მ. ზ-ს წარდგინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენების, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 სექტემბრის განაჩენით გ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (პირველი ეპიზოდი) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2008 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ გ. ჯ-ს განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2008 წლის აპრილში (ზუსტი დრო დადგენილი არ არის) იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, თავისი ძმის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც შენიშნა ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად მოთამაშე მცირეწლოვანი _ 9 წლის ა. ნ-ა და განიზრახა მის მიმართ ჩაედინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. ჯ-ა მივიდა ა. ნ-სთან და მოტყუებით, სათამაშოებით გართობის მოტივით, შეიყვანა საცხოვრებელ ბინაში. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ არავინ დაინახავდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით დააწვინა ა. ნ-ა საწოლზე, გახადა შარვალი და უკანა ტანიდან ძალადობით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი. მას შემდეგ, რაც გ. ჯ-მ დაიკმაყოფილა სექსუალური მოთხოვნილება, ა. ნ-მ მოახერხა საწოლიდან წამოდგომა და გაქცევა.

რამდენიმე დღის შემდეგ გ. ჯ-მ კვლავ განიზრახა ა. ნ-სთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენა. ამ მიზნით 2008 წლის 22 აპრილს ა. ნ-ა და მისი მეზობელი ნ. ნ-ე ბანქოს თამაშის მოტივით შეიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში. როდესაც გ. ჯ-ა ბანქოს ეთამაშებოდა ნ. ნ-ს, ა. ნ-ა დაიმალა მეორე ოთახში. გ. ჯ-მ მოძებნა იგი, ფეხზე ხელის მოკიდებით გამოათრია სამალავიდან, ხელი საყელოში ჩაავლო, გაიყვანა გვერდით ოთახში, ძალის გამოყენებით სახე დაადებინა საწოლზე და სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით, ჩახადა შარვალი. ამის დანახვაზე ნ. ნ-ე გაიქცა ოთახიდან, ხოლო გ. ჯ-მ ძალის გამოყენებით უკანა ტანიდან დაამყარა სექსუალური კავშირი მცირეწლოვან ა. ნ-სთან.

2008 წლის 30 აპრილს აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა ა. ნ-ს დედის _ მ. ნ-ს, რომელმაც დასახმარებლად მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის მიმართულების პატრულ-ინსპექტორებს და მიუთითა გ. ჯ-ზე, რის შემდეგაც იგი დააკავეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ჯ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, მოინანია ჩადენილი დანაშაული და დაადასტურა, რომ მცირეწლოვან ა. ნ-ნ სექსუალური კავშირი ორჯერ ძალადობით დაამყარა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ მოითხოვა I-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებების შეტანა იმ მიმართებით, რომ მას მცირეწლოვან ა. ნ-ნ სექსუალური კავშირი ორჯერ არ დაუმყარებია და ერთ ეპიზოდში უნდა გამართლებულიყო.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

2009 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ-მ. მან ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო მოითხოვა გ. ჯ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 სექტემბრის განაჩენის გაუქმების საკითხის განხილვა, რადგან გ. ჯ-ა გასამართლებულია როგორც სრულწლოვანი და მისი დაბადების თარიღად განაჩენში მითითებულია 1989 წლის 2 ოქტომბერი. გ. ჯ-ს დაბადების მოწმობით _ ნკ ¹ (გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურის მიერ) კი ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი დაბადებულია - წლის - დეკემბერს, ე.ი. დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი იყო არასრულწლოვანი.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე გ. ჯ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე აღიძრა წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. საქმე გამოძიების ჩასატარებლად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის პროკურატურას. ჩატარდა გამოძიება, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მოპოვებულ იქნა: 1. - წლის - დეკემბერს წალენჯიხის რაიონში დაბადებული გ. ჯ-ს სახელზე გაცემული დაბადების მოწმობის ასლი და ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნული დაბადების მოწმობის გაცემას; 2. ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით რეგისტრირებულ ყველა გ. ჯ-ს პიროვნების შესახებ (დაბადების ადგილი და დრო, რეგისტრაციის მისამართი, მშობლების დემოგრაფიული მონაცემების მითითებით); ასევე გადამოწმდა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღმზრდელობითი ცენტრის, საჯარო სკოლისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მონაცემები, რათა დადგენილიყო, ხომ არ სწავლობდა გ. ჯ-ა რომელიმე საბავშვო ბაღში ან სკოლაში. აგრეთვე გამოთხოვილ იქნა ინფორმაციები შპს „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანებიდან“, სს „ცენტრალური საავადმყოფოდან“, მრავალპროფილიანი კლინიკური სააადმყოფო „რესპუბლიკიდან“ და წალენჯიხის რაიონში არსებული ყველა სამშობიარო დაწესებულებიდან, თუმცა რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვება გ. ჯ-ს შესახებ ვერ მოხერხდა. 2009 წლის 22 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის» ტერიტორიული ორგანოს არქივიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრები გ. ჯ-ა 1991 წლის 17 აპრილიდან 25 აპრილამდე (შვიდი დღე) იწვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში „მწვავე რესპირატორული დაავადებით“.

მოწმის სახით დაიკითხნენ გ. ჯ-ს მშობლები _ ლ. ფ-ა და ზ. ჯ-ა, ასევე დეიდა _ ზ. თ-ა, ნ. გ-ი, რომლებმაც დაადასტურეს გ. ჯ-ს - წლის - დეკემბერს დაბადების ფაქტი. დაიკითხა აგრეთვე თავად გ. ჯ-ა, რომელმაც აჩვენა, რომ იგი დაბადებულია 19- წლის - დეკემბერს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე იმიტომ იცრუა, რომ ვითომდა დაბადებული იყო 1989 წლის 2 ოქტომბერს, რომ მას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, არ სურდა გამჟღავნებულიყო მისი ნამდვილი ვინაობა. მან კიდევ ერთხელ აღიარა ჩადენილი დანაშაულები და მოითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება.

2010 წლის 16 თებერვალს ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარადგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენების, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინების გადასინჯვის მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატისათვის მიმართვა.

2010 წლის 17 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შემოვიდა საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინება, რომლითაც ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენების, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინების გადასინჯვას. წარდგინების თანახმად, წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ გ. ჯ-ა დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო არასრულწლოვანი, რაც განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო. აღნიშნულმა კი გამოიწვია ის, რომ გ. ჯ-ს სასჯელი დაენიშნა არა საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლით დადგენილი შეღავათებით, არამედ _ როგორც სრულწლოვან მსჯავრდებულს. საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლი იძლევა საშუალებას, ისეთი ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობის გამო გადაისინჯოს განაჩენი, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო სასამართლოსათვის და სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების არგავრცელების შემთხვევა, თუმცა საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში გ. ჯ-ს მიმართ კანონის ანალოგიით გამოყენება არათუ ლახავს მის უფლებას, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის მდგომარეობას, რადგან მას, როგორც სრულწლოვანს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაენიშნა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როცა წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნობის პერიოდში და მასზე, როგორც არასრულწლოვან მსჯავრდებულზე, უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი შეღავათი (დანიშნული სასჯელის 1/4¼-ით შემცირება და არაუმეტეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა).

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ქ. ჩ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა წარდგინების დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ-მ ითხოვა წარდგინების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინება უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილია გარემოება, რომელიც განაჩენის ან განჩინების გამოტანის დროს სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, ხოლო თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული განმარტება არ გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც აღმოჩნდება ისეთი ახალი გარემოება, რომლითაც დგინდება, რომ სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ დაინიშნებოდა, თუკი მისთვის ცნობილი იქნებოდა აღნიშნული გარემოება, ვინაიდან მისი არსებობის შემთხვევაში კანონი ადგენს სასჯელის სავალდებულო შემცირებას შესაბამის ფარგლებში. ის გარემოება, რომ საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული ჩამონათვალი არ ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შორის ისეთ გარემოებას, რომელიც, მართალია, გავლენას არ ახდენს პირის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციასა და მის ბრალეულობაზე, მაგრამ აუცილებლად იწვევს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას, ამასთან, არ უკავშირდება პროცესის მონაწილეთა უკანონო ქმედებას, ანდა რომელიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, საკასაციო პალატის აზრით, უნდა ჩაითვალოს მითითებული საპროცესო კანონის ხარვეზად, რომლის გამოც გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგია, რადგან მოცემულ შემთხვევაში ამით არ ილახება ადამიანის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ ზემოაღნიშნული პრინციპის გამოყენება არათუ ლახავს მის უფლებებს, არამედ პირიქით _ ეს მის მიმართ არსებული სისხლის სამართალწარმოების შედეგის გამოსწორების საშუალებაა, რითაც არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული გ. ჯ-ა დაბადებულია - წლის - დეკემბერს და, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროისათვის იგი იყო არასრულწლოვანი _ 17 წლისა, რაც მის მიმართ განაჩენის დადგენისას ცნობილი არ იყო სასამართლოსათვის და რამაც გამოიწვია უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნა, ვიდრე კანონით არის გათვალისწინებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის. აღნიშნულის გამო სასამართლოებმა გ. ჯ-ს სასჯელი დაუნიშნეს, როგორც სრულწლოვანს და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება ერთი მეოთხედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს.

მითითებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსასწორებლად მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი ანალოგიით და ამის საფუძველზე მის მიმართ გამოტანილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება მის სასიკეთოდ.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები, კერძოდ: მის მიმართ დანიშნული სასჯელი _ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე მუხლის შესაბამისად, უნდა შეუმცირდეს 15 წლამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მეოთხე ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინება დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მსჯავრდებული გ. ჯ-ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (პირველი ეპიზოდი), 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2008 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (პირველი ეპიზოდი) _ 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2008 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) _ 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბოს და გ. ჯ-ს ერთობლივად განესაზღვროს 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი _ 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 22 (ოცდაორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, აღნიშნული მუხლის იმავე ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 30 აპრილიდან.

სასამართლო გადაწყვეტილებები გ. ჯ-ს მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.