2საზ-10 18 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით:
გ. ს-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული.
გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ», «ე» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის «ე» და მეშვიდე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის «ე» და მეშვიდე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. ს-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული.
დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ», «ე» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულებს _ გოგიტა გ-სა და დ. ს-ს მსჯავრიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამ ნაწილში გამართლდნენ.
მსჯავრდებულებს _ გ. გ-ს, დ. ს-სა და გ. ს-ს მსჯავრიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტი და ამ ნაწილში გამართლდნენ.
გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 აპრილიდან.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ», «ე» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის «ე» და მეშვიდე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 აპრილიდან.
დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ», «ე» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 18 აპრილიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებული გ. ს-ი საჩივრით ითხოვს 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის 1/4-ით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ს-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანს დანაშაულისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს ჩვეულებრივი წესით, ხოლო კანონში დიფერენცირებული მისი ასაკის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს შემდეგი ზომით: თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა განახევრდება, ამასთან იმ პირობით, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შვიდ წელს; ზემოხსენებული წესით თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით, ხოლო საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს; თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით, საბოლოო სასჯელის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს.
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრული შეღავათები არ შეიძლება გავრცელდეს მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ, რადგან განაჩენის შესავალ ნაწილში მითითებულია მსჯავრდებულის დაბადების წელი, თვე და რიცხვი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლომ მის მიმართ განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა მისი არასრულწოვანება და სასჯელი კანონის შესაბამისად დაუნიშნა, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულ, თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის ახალი წესი ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებად, რის გამოც არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომის გადასინჯვის საფუძველი.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების – დ. ს-ისა და გ. გ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ს-ის, დ. ს-ისა და გ. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ს-ის, დ. ს-ისა და გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.