3საზ-10 ქ. თბილისი
30 მარტი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ის ადვოკატ გ. დ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ ი. ს-ეს შორის, რომლის თანახმად, ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით. მას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 6 იანვრიდან იმავე წლის 8 იანვრამდე.
ადვოკატი გ. დ-ი საჩივრით ითხოვს 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ი. ს-ის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის _ 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას ერთი მესამედით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოების გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ პროკურორსა და ი. ს-ეს შორის საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთ საფუძველს ამ უკანასკნელის არასრულწლოვნება წარმოადგენდა (ს.ფ. 83). ი. ს-ისათვის დანიშნული სასჯელი არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქციით) განსაზღვრულ, თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რის გამოც აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებად გასაჩივრებული განაჩენის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 6797-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ს-ის ადვოკატ გ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი ი. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.