#ბს-692-692(კ-18) 20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 27 მაისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. კ-ის მიმართ.
მოსარჩელემ უძრავი ქონების (64204 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფ. ... (...), ს/კ ...) სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ ი. კ-ის განცხადების ბათილად ცნობა და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ შპს „...“ ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ი. კ-ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აგვისტოს #05/17877 მიმართვის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის განჩინებით მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ხოლო მოსარჩელის მხარეს შპს „...“ და შპს „...“ ჩართვის თაობაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა; სამოქალაქო საქმეში შპს „...“ სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ი. კ-ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ გარიგების, ასევე უფლების დამადასტურებელი საბუთის ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ მოპასუხის მხარეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო მოსარჩელის მხარეს - შპს „...“ და შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით შპს „...“ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ი. კ-ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ გარიგების, ასევე უფლების დამადასტურებელი საბუთის ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, 2012 წლის 20 აგვისტოს #05/17877 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოპასუხედ განისაზღვრა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მესამე პირად - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს რაიონი, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აგვისტოს #05/17877 მიმართვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, აქტის კანონიერების შემოწმება დამოუკიდებელი, ცალკე სასამართლო განხილვის საგანია და შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სარჩელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ უნდა შემოიფარგლოს სხვა, დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოების ფარგლებში, განსხვავებული გარიგების მიმართ დადგენილი იურიდიული ინტერესით. კასატორმა სადავო აქტთან მიმართებით განმარტა, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა არსებობდა თუ არა მოსარჩელის უფლების განხორციელების შესაძლებლობა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, თუმცა სასამართლოს მოსარჩელის ინტერესის სწორად შესაფასებლად სწორედ ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონის 7.4 მუხლის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აგვისტოს #05/17877 მიმართვის კანონიერება, რომლის საფუძველზეც, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ... არსებული უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობით: 61204.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #01/4 საცხოვრებელი განაშენიანების ფართი - 687.00 კვ.მ; #02/1 საკონფერენციო - 1056.0 კვ.მ; #03/1 სასადილო - 726.0 კვ.მ; #04/2 კანტორა - 207.0 კვ.მ; #05/1 სააბაზანო - 321.0 კვ.მ; #06/1 საქვაბე - 167.0 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ...) 2012 წლის 21 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აგვისტოს #05/17877 მიმართვის საფუძველია ი. კ-ის 2012 წლის 17 აგვისტოს განცხადება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი მიმართვით მან განმარტა, რომ არ იყო წინააღმდეგი შპს „...“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფ. ... მდებარე 6 3054 ჰა მიწის ნაკვეთზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულიყო სახელმწიფო საკუთრებად.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2005 წლის 13 ივნისის პერიოდიდან ი. კ-ი წარმოადგენს შპს „...“ დამფუძნებელს, ხოლო შპს „...“ წყვეტს არსებობას. შესაბამისად, თუ რაიმე უფლება-მოვალეობები გააჩნდა შპს „...“, გადაეცა მის უფლებამონაცვლეს - შპს „...“. ამავე პერიოდიდან, შპს „...“ დირექტორად რეგისტრირებულია გ. კ-ი. შესაბამისად, მხოლოდ ის იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილებები იურიდიული პირის სახელით, მათ შორის იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელიც გააჩნდა შპს „...“. 1998 წლის 17 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრედ რეგისტრაციის უფლება 2005 წლის 13 ივნისამდე გააჩნდა მხოლოდ შპს „...“ (დირექტორი - ი. კ-ი), ხოლო მას შემდეგ - შპს „...“ (დირექტორი - გ. კ-ი), რეგისტრაციამდე კი ქონება წარმოადგენს მისი გამსხვისებლის (რეგისტრირებული მესაკუთრის) საკუთრებას.
განსახილველი საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ივლისის ნაწილობრივი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ი. კ-ის 2012 წლის 17 აგვისტოს განცხადება უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი 61204 კვ.მ მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ ... (...) - ს/კ ...) სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი სადავო აქტის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აგვისტოს #05/17877 მიმართვის საფუძველი, სახეზეა თავად აღნიშნული მიმართვის კანონშეუსაბამობაც, რის გამოც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად ცნეს ბათილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აგვისტოს #05/17877 მიმართვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი