5საზ-10 ქ. თბილისი
8 აპრილი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ვასილ როინიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით: დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით _ 4 წლის საგამოცდო ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2000 ლარი. აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და დავით ბიჩელაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ა. ტ-ე _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 171-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით _ 5 წლის საგამოცდო ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 5000 ლარი.
აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოში ჩადებულ, ადიგენის რაიონის სოფელ დიდ სმადაში მცხოვრებ უ. ტ-ის უძრავ ქონებას _ მიწის ნაკვეთებს მოეხსნა ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში და დაუბრუნდა მის მფლობელს სრულად.
აღნიშნულ განაჩენში ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ივლისის დადგენილებით აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ: სარეზოლუციო ნაწილის _ პირველი და მეშვიდე ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და დაპატიმრების ვადა _ 2007 წლის 2 მარტის 11 საათიდან _ 2007 წლის 19 ივლისის 11 საათამდე, სულ 4 თვე და 17 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 4 წელი, 7 თვე და 13 დღე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით _ 4 წლის საგამოცდო ვადით.
ა. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 2007 წლის 3 მარტის 22:10 საათიდან _ 2007 წლის 25 მარტის 23 საათამდე, სულ 22 დღე და 50 წუთი და დარჩენილი სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით _ 5 წლის საგამოცდო ვადით.
ადიგენის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით, მსჯავრდებულ დ. ბ-ს «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მის მიმართ ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი _ 4 წელი დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 7 თვე და 13 დღე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ დ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, დ. ბ-ს 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 4 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულ დ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ს-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, დავით ბიჩელაშვილის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენის გადასინჯვას, მის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. ბ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნის წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, არასრულწლოვანს დანაშაულისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს ჩვეულებრივი წესით, ხოლო კანონში დიფერენცირებული მისი ასაკის შესაბამისად დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს შემდეგი ზომით: თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა განახევრდება, ამასთან იმ პირობით, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შვიდ წელს; ზემოხსენებული წესით თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით, ხოლო საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს; თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით, საბოლოო სასჯელის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს.
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრული შეღავათები არ შეიძლება გავრცელდეს მსჯავრდებულ დავით ბიჩელაშვილის მიმართ, რადგან სასამართლომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უკვე გაითვალისწინა მისი არასრულწლოვანება და დაუნიშნა შემსუბუქებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში, რომელიც არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რის გამოც არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის გადასინჯვის საფუძველი.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ტ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების _ დ. ბ-სა და ა. ტ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი შეცვლისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების _ დ. ბ-სა და ა. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.