Facebook Twitter

6/საზ-10 ქ. თბილისი

31 მაისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინების გადასინჯვისა და სასჯელის შემცირების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

ზ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას მიესაჯა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 1 თვე, 27 დღე და საბოლოოდ ზ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაენიშნა ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულების _ ზ. დ-სა და ლ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

ზ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას მიესაჯა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 1 თვე, 27 დღე და საბოლოოდ ზ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაენიშნა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ლ. ჩ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელად დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით _ გაუნახევრდა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ზ. დ-ს მოსახდელად განესაზღვრა 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 1 თვე, 27 დღე და საბოლოოდ ზ. დ-ს მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით, 7 თვით, 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.

,,ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ასევე მესამე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით გაუნახევრდა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და საბოლოოდ ლ. ჩ-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინებაში ზ. დ-ს მიმართ შევიდა ცვლილება:

ზ. დ-ე მთლიანად გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის _ 1 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და საბოლოოდ სასჯელის სახით დაურჩა 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. ზ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 თებერვლიდან. სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. დ-ე საჩივრით ითხოვს სასჯელის შემცირებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. იგი საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2010 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შეკრებითობის კანონთან დაკავშირებით, რაც უნდა გავრცელდეს მის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 59-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

,,11. თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს რამდენიმე დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელის გარდა, ხოლო თუ ინიშნება თანაბარი სიმძიმის რამდენიმე სასჯელი, _ ერთ-ერთი მათგანის გარდა, დანარჩენი ძირითადი სასჯელი (სასჯელები) ინიშნება ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე ვადით და ისე ხდება მათი შეკრება საბოლოო სასჯელის დანიშვნისას».

ამავე კანონის მეორე მუხლის თანახმად, ,,ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული».

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებული კანონით დადგენილი წესის მსჯავრდებულ ზ. დ-ს მიმართ გავრცელების თაობაზე, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. დ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.