#ბს-566-566(2კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. დ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 18 ივლისს მ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 14 ივნისის #A16023165-017/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. გ-ი, რ. დ-ი და სს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 14 ივნისის #A16023165-017/001 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. დ-მა და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით რ. დ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. დ-მა და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორ რ. დ-ის მითითებით, იგი ენდობოდა იმ გარემოებას, რომ აუქციონის ჩატარება და მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების რეალიზაცია ხდებოდა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობდა მის მიერ საკუთრების მოპოვების დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, უდავოა, რომ იგი წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.
კასატორის აღნიშვნით, საკუთრების უფლება არის ძირითადი უფლება, რომელიც მჭიდრო კავშირშია ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან. საკუთრების უფლება, სხვა სანივთო უფლებებისაგან განსხვავებით, აბსოლუტურია და, ამდენად, ფარდობით უფლებებთან კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ რ. დ-ის საკუთრების უფლებასთან მიმართებით უპირატეს უფლებად მიიჩნია მ. ნ-ის იპოთეკის უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებთან და წარმოშობს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ/სამართლებრივ საფუძველს.
კასატორმა - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ კანონი ადგენს ნორმის გამომყენებელი სუბიექტის ვალდებულებას - თუ პირველად გაგზავნისას ვერ ხერხდება ადრესატისათვის კორესპონდენციის ჩაბარება, მას გზავნილი დამატებით ერთხელ მაინც უნდა გაეგზავნოს იმავე ან სხვა ცნობილ მისამართზე.
კასატორის აღნიშვნით, უდავოა, რომ მ. ნ-ისათვის განკუთვნილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 18 აპრილის #16023165-011/001 წერილი პირველად გაიგზავნა მისი რეგისტრაციის მისამართზე - ახმეტა, ... ქუჩა (...) #4, თუმცა გზავნილი გამგზავნთან ჩაუბარებელი სახით დაბრუნდა, რის გამოც იგი ხელმეორედ გაიგზავნა ამავე მისამართზე - ახმეტა, ... ქუჩა (...) #4.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ ქუჩის ძველი დასახელების მითითებით მისამართზე გაგზავნა დასახელებული ნორმის მიზნებისათვის არ ითვლებოდა გაგზავნის მცდელობად, რაც არსებითად არასწორია, ვინაიდან იმ ეტაპისთვის ნორმის გამომყენებელი სუბიექტისათვის (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის) ცნობილი იყო სწორედ ეს მისამართი და მან გამოიყენა ის რესურსი, რაც გააჩნდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გზავნილი ჩაუბარებელი სახით დაბრუნდა გამგზავნთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაზუსტდა მისამართი და ხელმეორედ გაიგზავნა ადრესატთან. მითითებული მცდელობის უშედეგოდ დასრულების შემდგომ წარმოების მონაწილე პირის ინფორმირებისათვის გამოყენებული იქნა საჯარო გამოქვეყნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. დ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრები დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის14 ივნისის #A16023165-017/001 განკარგულების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 18 აპრილის #A16023165-011/001 წერილის თანახმად, იპოთეკარ მ. ნ-ს ეცნობა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განემარტა, რომ ინტერესის არსებობის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა მიეღო აუქციონში მონაწილეობა. აღნიშნული წერილი მ. ნ-ს გაეგზავნა მისამართზე: ახმეტა, ... ქუჩა #4, საიდანაც კორესპონდენცია დაბრუნდა არასწორი მისამართის გამო, მითითებით, რომ ქ. ახმეტაში აღნიშნული მისამართი არ არსებობს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 21 აპრილის #A16023165-011/003 წერილის თანახმად, იპოთეკარ მ. ნ-ს კვლავ ეცნობა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განემარტა, რომ ინტერესის არსებობის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა მიეღო აუქციონში მონაწილეობა. აღნიშნული წერილი მ. ნ-ს გაეგზავნა მისამართზე: ახმეტა, ... ქუჩა #4, საიდანაც კორესპონდენცია დაბრუნდა იმის გამო, რომ არავინ დახვდა მისამართზე, მითითებით: დავტოვე შეტყობინება, ... რკინის კარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 აპრილის #A16023165-012/003 განკარგულებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა საჯარო შეტყობინება გარდამავალი უფლებებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელი პირების აუქციონის შესახებ ინფორმირების მიზნით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქმის მასალების საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია მ. ნ-ის ინფორმირება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. კანონი ადგენს, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში, მ. ნ-ს მხოლოდ ერთხელ გაეგზავნა კორესპენდენცია მის საცხოვრებელ მისამართზე, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა საჯარო შეტყობინების საფუძველზე რიგით მეორე იპოთეკარის ინფორმირება იძულებითი აუქციონის თაობაზე. საქმეზე დადგენილი ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ მ. ნ-ი არ იყო სათანადო წესით გაფრთხილებული აუქციონის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. „იძულებით აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5%-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ რადგანაც მ. ნ-ი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. #6) სს „...“ შემდეგ წარმოადგენდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მეორე რიგის იპოთეკარს, ამავდროულად, საქმეში არსებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ მას სესხის სახით გაცემული ჰქონდა 33500 აშშ დოლარი, შესაბამისად, კანონის მიზნებისათვის იგი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ წარმოადგენდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირს, რომელსაც აუქციონების შესახებ ეცნობება კანონით დადგენილი წესით. იპოთეკარს კანონი აძლევს უფლებას და შესაძლებლობას, იძულებითი აუქციონის გზით, სრულად ან ნაწილობრივ დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამდენად, მ. ნ-ისთვის ამ უფლების შეზღუდვა არის კანონის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გამგზავნის მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი ჩაბარების წესის გამოყენება უნდა განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ იმგვარად, რომ მხარისათვის მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი გზავნილის ჩაბარება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი კორესპონდენციის დამატებით ერთხელ გაგზავნის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას წარმოადგენს უწყების ადრესატისათვის ჩაბარების შეუძლებლობა. თავის მხრივ, ასეთ შეუძლებლობად მიიჩნევა ისეთი ვითარება, როდესაც გზავნილი მხარის მისამართზე სწორად გაიგზავნა და მხარეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ჩაებარებინა იგი, თუმცა მისამართზე მისი არყოფნისა თუ სხვა მიზეზების გამო აღნიშნული ვერ განხორციელდა. რაც შეეხება კორესპონდენციის არარსებულ მისამართზე გაგზავნას, ასეთ დროს უწყების ადრესატამდე მიღწევა ვერ ხერხდება, რაც გამორიცხავს გზავნილზე ადრესატის ხელმისაწვდომობას. აღნიშნული ვითარება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარისათვის უწყების ჩაბარების შეუძლებლობად, რადგანაც იგულისხმება, რომ ასეთ დროს ადრესატისათვის კორესპონდენციის გაგზავნა საერთოდ არ განხორციელებულა.
რაც შეეხება კასატორ რ. დ-ის მითითებას მისი კეთილსინდისიერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ეს გარემოება განსახილველ საქმეში სადავო არ არის, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევით ჩატარებული აუქციონის შედეგები და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რა დროსაც თუკი დადგინდება, რომ აქტის გამოცემისას არ იქნა დაცული ზოგადი მოთხოვნები, არსებობს ასეთი აქტის ბათილობის საფუძველი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც აქტი აღმჭურველია, მაგრამ იგი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს, რაც ამ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზე გვაქვს. ამდენად, კასატორის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლზე მითითებას და იმას, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გახდეს არა სადავო განკარგულების გაუქმების, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ზიანის მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი, საკასაციო სასამართლო, მოცემულ პირობებში, ვერ გაიზიარებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ. დ-ის საკასაციო საჩივარზე ლ. ა-ს 24.04.2018წ. საგადახდო დავალებით, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 07.05.2018წ. #07106 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რ. დ-ს (პ/ნ ...) და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. დ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. რ. დ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ა-ის მიერ 24.04.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.05.2018წ. #07106 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი