#ბს-495-495(2კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. უ-ისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 2 სექტემბერს ი. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ი. უ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის #MCLA91500001421 ბრძანებისა და ი. უ-ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს #MCLA21500003161 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ი. უ-ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის კინოლოგიური მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის დავალება და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის - 2015 წლის 15 აგვისტოდან თანამდებობაზე აღდგენამდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ი. უ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის #MCLA91500001421 ბრძანება და ი. უ-ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს #MCLA21500003161 ბრძანება და მოპასუხეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. უ-ის მოთხოვნა პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით ი. უ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა 2016 წლის 7 მარტის დამატებით გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, 2016 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება, 2016 წლის 6 ივნისის განჩინება, 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინება, ასევე ზეპირი მოსმენის სხვა დროისთვის გადადების შესახებ და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლოს სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე საოქმო განჩინებები გაასაჩივრა ი. უ-მა, რომელმაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. უ-ის სააპელაციო საჩივარი და კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯისა და პროცესის სხვა ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 300 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება; უცვლელად დარჩა ზეპირი მოსმენის სხვა დროისთვის გადადების შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლოს სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებები; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის და 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებები; აპელანტის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. უ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო აუცილებელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება და რატომ იყო სასამართლოსთვის შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო. კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია რა საკითხებია გამოსარვევი ადმინისტრაციულ ორგანოში.
კასატორი ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილებას ადვოკატის დახმარებისთვის განკუთვნილი ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
ამასთან, კასატორმა საკასაციო ინსტანციის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ი. უ-მა პირველად გამოცხადების შემდეგ, სამსახურში სიარულზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გაფრთხილებულ იქნა სამსახურში გამოცხადებასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, რაზეც კვლავ წინააღდმეგი იყო. კასატორის მითითებით, სამინისტროს მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება დადასტურებულია მოხსენებითი ბარათებით, გენერალურ ინსპექციაში მიცემული ახსნა-განმარტებით, გ. ბ-ის და ამავე შტაბის უფროსის მოადგილის ლ. მ-ის ახსნა-განმარტებებით, გ. ბ-ისა და ამავე სამმართველოს უფროსის გ. მ-ის მიერ შედგენილი პატაკებით და სხვა მოძიებული დოკუმენტაციით.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამინისტროსთვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. უ-ისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. უ-ისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა აქტი ი. უ-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ, რომ არ გამოუკვლევია, თუ რამდენად გააჩნდა მას შესაძლებლობა, შეესრულებინა ამ თანამდებობისათვის განსაზღვრული ფუნქციები და დაეკმაყოფილებინა ნორმატივები. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ ი. უ-ისათვის ახალი თანამდებობის შეთავაზება განხორციელდა მის სამუშაო გამოცდილებასთან, კვალიფიკაციასთან, უნარებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე უგულებელყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ თანამდებობის შეთავაზებისას ი. უ-ს არ განემარტა, თუ რა მოეთხოვებოდა ახალ თანამდებობაზე საქმიანობისათვის. შესაბამისად, ი. უ-ის თანხმობაც, დაეკავებინა ახალი თანამდებობა, ვერ მიიჩნევა ნების იმგვარ გამოვლენად, რაც კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიმართ გააზრებული პოზიციის გამოხატვას გულისხმობს. მსგავსი სახით ნების გამოვლენა კი არ შეიძლებოდა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გამხდარიყო.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის #MCLA91500001421 ბრძანებით ი. უ-ი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კინოლოგიური მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან იქნა გადაყვანილი ახალ თანამდებობაზე. პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 1 ივლისს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ამის გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო 2015 წლის 1 ივლისიდან აღარ არსებობს ის თანამდებობაც, რომლიდანაც მოსარჩელე სადავო ბრძანებით გათავისუფლდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის კინოლოგიური მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უარყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირის თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და 112-ე მუხლზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ განაცდურის ნაწილში სარჩელი ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ამ ეტაპზე უსაფუძვლოა, ამდენად, არ არსებობს ყოველთვიურად მისაღები განაცდური ხელფასის 10%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების ვალდებულება.
ამასთან, ი. უ-ის წარმომადგენლის მიერ გაწეული სამუშაოს მოცულობის, აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ი. უ-ის სასარგებლოდ 300 ლარის ოდენობით ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროცესის სხვა ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
რაც შეეხება კასატორის - ი. უ-ის შუამდგომლობას საკასაციო ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ი. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოში გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. უ-ისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ი. უ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი