Facebook Twitter

#ბს-536-536(კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 25 აგვისტოს თ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ 2015 წლის კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, თ. ხ-ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის # MCLA 6 15 00002139 ბრძანების ბათილად ცნობა, აგრეთვე, მოპასუხისათვის თ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დავალება, მოსარჩელე თ. ხ-ის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება და 3000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის # MCLA 6 15 00002139 ბრძანება თ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად თ. ხ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე და 116-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანია არსებული ვითარების გათვალისწინებით შეფასდეს, რეალურად რამდენად ჰქონდა ადგილი ლიკვიდაციას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოქმედი დებულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა შორისაც გენერალური ინსპექცია არის მონიტორინგის სამსახურის ანალოგი იმავე ფუნქცია-მოვალეობებით. კასატორის განმარტებით, შესაძლოა ფორმალურად განხორციელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია, თუმცა აღნიშნული, ფაქტობრივად, წარმოადგენდა გარკვეული სახის რეორგანიზაციას. შესაბამისად, არსობრივი საფუძველი მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თ. ხ-ის 2015 წლის კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, თ. ხ-ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის # MCLA 6 15 00002139 ბრძანების კანონიერება, აგრეთვე, მოპასუხისათვის თ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დავალება, მოსარჩელე თ. ხ-ის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება და 3000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ხ-ე 2012 წლიდან 2015 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ... . პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სრულად ლიკვიდირებული იქნა აღნიშნული სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მასში შემავალი მონიტორინგის სამმართველოც, სადაც თ. ხ-ე მუშაობდა.

ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თ. ხ-ეს ჰყავს 3 წლამდე მცირეწლოვანი ბავშვი და, ასევე, თ. ხ-ისათვის ზეპირი ფორმით იქნა შეთავაზებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ თ. ხ-ე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო გათავისუფლდა. კანონმდებლობის შესაბამისად, თ. ხ-ე გაფრთხილებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ლიკვიდაციის პირობებშიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ თ. ხ-ისათვის შეთავაზებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ 3 წლის ასაკამდე ბავშვის აღზრდის პერიოდში მოხელე ქალის გათავისუფლების აკრძალვის პირობებში არ შედის დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევა, რაც გამორიცხავს თ. ხ-ის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის გამოყენებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. ხ-ეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან, განსახილველი დავა განთავისუფლებულია ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, თ. ხ-ეს (პ/ნ ..) სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. თ. ხ-ეს (პ/ნ ...) სრულად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი