Facebook Twitter
#ბს-541-541(2კ-18) 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. შ-ისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 აგვისტოს ნ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ ნ. შ-ის განაცხადისა და დოკუმენტაციის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017-ის“ კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017-ის“ კონკურსში ნ. შ-ის განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. შ-ის სასარგებლოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში (LSE) ევროპულ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე (European Studies (MSc)) მის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნ. შ-ის განაცხადისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017-ის“ კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ნ. შ-ისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში დატოვება გამოიწვევს ბათილად ცნობილი 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების აღუსრულებლობას.
კასატორის - ნ. შ-ის მოსაზრებით, მას უკანონოდ ეთქვა უარი კონკურსში მონაწილეობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო და არამართლზომიერი მოქმედებები დადგენილია ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, მაგრამ არ არის წარმოდგენილი სწორი სამართლებრივი დასკვნები. კასატორის განმარტებით, შესაძლებელია, სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა მხარის მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნები იმ საფუძველზე მითითებით, რაც გულისხმობს კონკურსის მეორე და მესამე ეტაპების სავალდებულოდ გავლის მდგომარეობას, თუმცა არ უნდა დაეტოვებინა კასატორი სასამართლო დაცვის გარეშე და მოეხდინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, რაც იქნებოდა მართლმსაჯულების განხორციელების სწორი და კანონიერი შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისისა და 25 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. შ-ისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში ნ. შ-ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მისი განაცხადისა და დოკუმენტაციის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017-ის“ კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ ნ. შ-მა ვერ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალური) შემოწმებას. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში სამაგისტრო პროგრამა იყო ნაწილობრივ აკადემიური დატვირთვის მქონე პროგრამა, რაც ცენტრის მიერ მიჩნეულ იქნა დისტანციური/დაუსწრებელი სწავლების ფორმად, ვინაიდან სასტიპენდიო პროგრამა აფინანსებდა მხოლოდ სრული აკადემიური დატვირთვის ე.წ. „Ful Time“ საგანმანათლებლო პროგრამებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის #201 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის #10-16 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017-ისა“ და ამავე ბრძანებით დამტკიცებული #1 დანართის გაანალიზების შედეგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის #10-16 ბრძანებაში არსად არ არის მითითებული იმის თაობაზე, თუ რა სახის (სრული, ნაწილობრივი) პროგრამებისათვის არის სწავლების დაფინანსება გათვალისწინებული. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა იმ საფუძვლით, რომ პროგრამა არ აფინანსებს ნაწილობრივი აკადემიური დატვირთვის სასწავლო პროგრამას, ვერ იქნება გაზიარებული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) წერილებით დასტურდება, რომ ნელი შიოლაშილის მიერ არჩეული სამაგისტრო პროგრამა არ არის დისტანციური/დაუსწრებელი სასწავლების პროგრამა, რადგან სტუდენტს მოეთხოვებოდა კვირის განმავლობაში 16 საათი ლექციებზე დასწრება, ხოლო ლექციაზე დასწრება უნდა მომხდარიყო პირადად.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017-ის“ კონკურსში ნ. შ-ის განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. შ-ის სასარგებლოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში (LSE) ევროპულ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე (European Studies (MSc)) მის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ანაზღაურების დავალების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაფინანსების გაცემა უნდა განხორციელებულიყო კონკურსის წესით, რომელიც შედგებოდა სამი ეტაპისაგან, რომლის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალური) შემოწმებას. არასრული განაცხადი განხილვას არ ექვემდებარებოდა. მეორე ეტაპი - ელექტრონული განცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელექტრონული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი გადადიოდა კონკურსის მესამე ეტაპზე შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნებოდა დადგენილი. მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი იყო საზღვარგარეთ, გასაუბრება ჩატარდებოდა ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. შ-ის აღნიშნულ მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველია ის გარემოება, რომ კონკურსის მხოლოდ პირველი ეტაპის გადალახვა არ წარმოშობს გრანტის მიღების უპირობო საფუძველს, რამდენადაც საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების საფუძველს წარმოადგენს კონკურსის სამივე ეტაპის წარმატებით გავლა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ იმ პირობებში, როდესაც უცნობია კონკურსის მეორე და მესამე ეტაპების მიმდინარეობის შესახებ, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას ნ. შ-ისათვის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017-ის“ კონკურსში მისი განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში. ამავე საფუძვლით, მართებულია ნ. შ-ისთვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში ევროპულ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე (European Studies (MSc)) გადახდილი სწავლის საფასურის ანაზღაურებაზე უარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ნ. შ-ის მითითება განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. შ-ის საკასაციო საჩივარზე ა. კ-ს 01.05.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. შ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. შ-ისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება;
3. ნ. შ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. კ-ის მიერ 01.05.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი