საქმე №ბს-636-636(კ...8) 17 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები: ვ. ც-ე, შპს „ს...“; შპს „კ...“
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. გ-მა 2016 წლის 15 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №3150 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მოსარჩელე თ. გ-ის სასარგებლოდ ნოტარიუს, ბ. შ-ას მიერ 2016 წლის 21 აპრილს გაცემულ №1604171621 სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის - 873 870 აშშ დოლარის 9% წლიურად მიუღებელი შემოსავლის სახით, 2016 წლის 10 აგვისტოდან 2016 წლის 21 აპრილს გაცემული №1604171621 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „ს...“ და ვ. ც-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს „...“ საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს „კ...“; ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმულ იქნა შპს „ი...“ მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ 2017 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „...-მა“ გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ... გამზ. N23ა-ში (ს/კ....), შპს „კ...“. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება თ. გ-ის სასარგებლოდ არის იპოთეკით დატვირთული. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი საქმის მასალებიდან გამომდინარე, შპს „...-ის“ საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ უნდა იქნეს შპს „კ...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება შპს „...-ის“ საპროცესო უფლებამონაცვლედ შპს „კ...“ დადგენის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...-მა“.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს „კ...“ მიერ შეძენილ იქნა უძრავი ქონება, რომელზეც შეწყვეტილია სააღსრულებო წარმოება და რადგან აპელანტმა 2015 წლის 1 ივნისის სააღსრულებო ფურცელზე წარმოების შეწყვეტით უარი განაცხადა 2014 წლის 8 მაისის განჩინებით წარმოშობილ მოთხოვნაზე, ხოლო მხარეთა შორის 2015 წლის 13 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება სწორედ ამ ძირითადი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იქნა გაფორმებული, ამიტომ ასეთ პირობებში 2016 წლის 21 აპრილის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არის დაუშვებელი.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლოს მიერ შეცვლილი იქნება ზემოაღნიშნული გარემოებები, ასეთ შემთხვევაში, სამომავლოდ შესაძლებელია აღნიშნული დავიდან გამომდინარე შპს „კ...“ გაუჩნდეს რაიმე სახის მოთხოვნის უფლება შპს „...-ის“ მიმართ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით აღნიშნულ დავაში მესამე პირებს წარმოადგენენ, როგორც შპს „კ...“, ისე შპს „...“ და უფლებამონაცვლეობის დადგენა არის დაუშვებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს „...-ის“ კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დაადგინა მესამე პირი შპს „...-ის“ უფლებამონაცვლედ შპს „კ...“ და ეს უკანასკნელი ჩერთო საქმეში საპროცესო უფლებამონაცვლედ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო. რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელით გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №3150 ბრძანებით შპს „...-ის“ წარმომადგენლის - ქ. უ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ A 16038947 სააღსრულებო საქმეში კრედიტორს, თ. გ-ს, დაუბრუნდა ამავე ბიუროს წარმოებაში არსებული ნოტარიუს - ბ. შ-ას მიერ გაცემული 2016 წლის 21 აპრილის №1604171621 სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი სახით. სადავო აქტის გამოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად ღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2016 წლის 21 აპრილის №1604171621 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალეს წარმოადგენს შპს „...“, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა 873 770 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია: იპოთეკის საგანია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ... №23ა; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1342.00 კვ.მ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სადავოდ გამხდარი აღსრულების საგნის - ქ. თბილისში, ... N23ა-ში (ს/კ....) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე შპს „...-სა“ და შპს „კ...“ შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა შპს „კ...“. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ქონების გასხვისებით განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის - შპს „...-ის“ გასვლა, რაც ქმნიდა მის უფლებამონაცვლედ შპს „კ...“ დადგენის პროცესუალურ საფუძველს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ მითითება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველზე არ იძლევა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს მოცემულ დავაზე არსებითი მსჯელობის საგანს და გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს „...-ის“ უფლებამონაცვლედ შპს „კ...“ დადგენის საკითხთან მიმართებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, შპს „...-ის“ უფლებამონაცვლედ დაადგინა შპს „კ...“, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე