#ბს-234-234(2კ-18) 27 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ნ. კ-ე (მოსარჩელე), ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ამჟამად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია) (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 21 ივლისს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის ბრძანებით დაინიშნა გამგებლის ... თანამდებობაზე სოფელ ... . ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დაუსაბუთებელი დასკვნით, რაც გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანების ბათილად ცნობა, გამგებლის ... თანამდებობაზე აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის #41206 ბრძანებით დაინიშნა გამგებლის ... თანამდებობაზე, მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი ... . იგი 2015 წლის 10 მარტიდან მუშაობდა გამგებლის ... ... ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ ნ. კ-ე მუშაობის პერიოდში ადმინისტრაციული წესით არ ყოფილა დასჯილი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. კ-ე გათავისუფლდა გამგებლის ... თანამდებობიდან. ამავე ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის #6 დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2017 წლის 21-23 მარტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების შესახებ შემოწმებული იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი .... დასკვნის თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მცხოვრებთა საერთო კრების გადაწყვეტილებით 2014 წლის ზაფხულში სოფელ ... ე.წ. უ-ეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებისას სამუშაოს მწარმოებელმა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით სავალი ნაწილისათვის ზედაპირული წყლების მოსაცილებლად დაიწყო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი გადამკვეთი ბეტონის სანიაღვრე არხის და მასზე ლითონის ცხაურის მოწყობა. ბეტონის არხის მოწყობის შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელებულა, რამაც სირთულეები შეუქმნა როგორც ტრანსპორტს, ისე ფეხით მოსიარულეებს. იმავე წლის შემოდგომაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სოფელ ... მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით დაიგეგმა ცხაურის მოწყობის სამუშაოების დასრულება. 2014 წლის 28 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #187 ხელშეკრულებით დაევალა ინდ.მეწარმე მ. ჩ-ეს, რომელსაც აუნაზღაურდა ცხაურის მოწყობის ღირებულება, რომელიც უკვე მოწყობილი იყო სხვა სამუშაოთა მწარმოებლის მიერ გაკეთებულ ბეტონის არხზე, მიტანილი იქნა 6 გრძივი მეტრის მილი, რომელიც არხს არ მოერგო, ამის გამო იგი არხში არც ჩადებულა.
ამასთან, დასკვნის თანახმად, 2015 წლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ისევ სოფლის დეპუტატის ძალისხმევით, კვლავ დაიგეგმა ცხაურის მოწყობის დასრულება, ამჯერად უკვე არა უ-ეების უბნად, არამედ იგივე გზა კ-ეების უბნის სახელწოდებით. აღნიშნული ერთხელ კიდევ ანაზღაურდა სრულად ისე, რომ ცხაური არ მოწყობილა. ცხაურის მოსაწყობად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 8448 ლარი იქნა გადარიცხული. ზედმეტად გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 2999 ლარი. ასევე ... ადმინისტრაციული მართვის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული იყო და არის სს „...“ წარმომადგენლის ოფისი, რომელსაც 2014 წლამდე გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება ბაღდათის მუნიციპალიტეტთან. 2015 წლიდან კი აღნიშნული ქონების გადაცემასათან დაკავშირებით არ არსებობდა რაიმე ხელშეკრულება.
შპს „ჯ...“ 2015 წლის 27 ივლისის #94 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის სოფლებში: ..., ... და ... დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობის არგუმენტით ერთი თვით, 2015 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა სამუშაოთა მიწოდების ვადა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება, ანგარიშსწორების პირობები, ხელშეკრულების სხვა პირობებთან ერთად, დარჩა უცვლელი. 2015 წლის 11 ნოემბერს შპს „ჯ...“ #5610-40 წერილის საფუძველზე სოფელ ..., ... და ... წვიმიანი ამინდების შედეგად სამშენებლო ობიექტებზე გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კვლავ მოითხოვა დამატებითი ვადა - 14 დღე, რითაც თავად დაადასტურა ობიეტებზე ხარვეზების არსებობა. მუნიციპალიტეტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამუშაოთა წარმოების ვადის კიდევ ერთხელ დამატებით გაზრდა და ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულების ამოქმედება. 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით ობიექტზე დამატებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა დაადასტურა თავად შპს „ჯ...“, მაგრამ სოფელ ... გამგებლის ... 2015 წლის 8 დეკემბრის #6162/42 მოხსენებით ბარათში სამუშაოთა დასრულების თარიღად მითითებულია 10 ნოემბერი, თუმცა ის დღემდე დაუსრულებელია.
აუდიტის სამსახურმა შეამოწმა სოფელ ..., ე.წ. ლ-ეებისა და ს-ების არხები. არხების გამაგრებითი სამუშაოების დათვალიერებისას გაირკვა, რომ სამუშაოები მართლაც არის დაწყებული და ნაწარმოები, მაგრამ უხარისხოდ. აღნიშნულ მდგომარეობას კი, შეეძლო დაეზიანებინა სახლში მარტოხელა მოხუცი ქალბატონი პარკისონის დაავადებით.
დასკვნის თანახმად, სოფლის რამდენიმე უბანში გაყვანილი იქნა ბუნებრივი აირის მილები, რომელიც პროექტის მიხედვით უნდა განთავსებულიყო მიწის საფარში. გაიჭრა მიწა და ჩაიდო მილი, მაგრამ სამუშაოთა მწარმოებელმა არ დაასრულა საქმე. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, ნალექის მოსვლისას გზა ხდება გაუვალი როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე ტრანსპორტისთვის.
ამასთან, შიდა აუდიტის სამსახურმა გადაამოწმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში სოფელ ... ტერიტორიული ორგანოდან შემოსულ განცხადებაზე რეაგირების დროულობა. აღმოჩნდა, რომ 2016 წლის 1 ივლისს სოფელ ... მცხოვრებმა ვ. ო-ემ განცხადებით მიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს - გ. მ-ეს. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2015 წლის ნოემბერში ძლიერმა ქარმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრება არ შეიძლება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ა. გ-ის სახელზე სოფლის ... დაწერა მოხსენებითი ბარათი 5 თვის დაგვიანებით, რომელშიც დაადასტურა მოქალაქის განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, მაგრამ არც მოქალაქის განცხადებაში და არც ... მოხსენებით ბარათში არ არის მითითებული, იყო თუ არა აღნიშნული სახლი სტიქიის მოხდენის პერიოდში შეყვანილი სტიქიით დაზარალებულთა სიაში. განმცხადებელმა მიმართა 8 თვის დაგვიანებით, ხოლო სოფლის ... ერთი წლის შემდეგ წერს მოხსენებით ბარათს. ამასთან, მოქალაქე ვ. ო-ე არის სოფელ ... მკვიდრი და ჩაწერილია დედის ოჯახში, ხოლო აღნიშნული სახლი არის რეგისტრირებული თ. და თ. დ-ეების სახელზე.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს აღნიშვნით, ზოგადად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომლებიც თავმოყრილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად, წინამდებარე დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.
სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, აღნიშნული კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
სასამართლოს განმარტებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გამგეობის სტრუქტურა განისაზღვრა მხოლოდ სტრუქტურული, ანუ დარგობრივი პრინციპით. კერძოდ, მითითებული ორგანული კანონის 50-ე მუხლის თანახმად, გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას. გამგეობის/მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს; ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით, ხოლო 1012.2 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობიდან პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანებით გათავისუფლდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობიდან მასზედ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მოტივით. ვინაიდან განსახილველი დავა შეეხება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, სასამართლო ამ აქტის კანონშესაბამისობას ამოწმებს ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმების ჭრილში.
სასამართლოს აღნიშვნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონითაა დადგენილი მოსამსახურეთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში, წარმოადგენს საჯარო სამსახურის სახეს, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპი - კანონიერების პრინციპი მოიცავს ორ ასპექტს - გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და გადაწყვეტილების მიღება კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება გააჩნდა გამგებელს, ვინაიდან, მითითებული ნორმების თანახმად, გამგებელი (მერი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს.
სასამართლოს აღნიშვნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული გადაცდომისათვის. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ხოლო იმავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია, როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. აღნიშნული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმად, 2017 წლის 21-23 მარტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების შესახებ შემოწმებული იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი .... აღნიშნული დასკვნის თანახმად, გამოვლენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები. აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოსაზრება, რომ აღნიშნულ დასკვნაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნამდვილად ხარისხიანად და ჯეროვნად იყო შესრულებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის მოთხოვნის იმგვარად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლოა გამხდარიყო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, არ გამოვლენილა და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას და დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტის დასაბუთება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გარკვევით და გასაგებად გამოკვეთოს ის გარემოებები, რამაც გავლენა მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არა მარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასც უწყობს ხელს.
სასამართლოს აღნიშვნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის როგორც ფაქტობრივ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება), ისე სამართლებრივ (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) საფუძვლებს.
სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად და გასაგებად იყო ასახული ის ფაქტობრივი წინაპირობები და სამართლებრივი საფუძვლები, რამაც განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის გასაჩივრებული აქტი ნ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, ამ აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, არ დადგენილა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე პირდაპირ დაკავშირებული იყო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენასთან და მისი დადასტურების შემთხვევაში წარმოადგენდა თანმდევ შედეგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ დგინდებოდა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, მისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანება ნ. კ-ის გამგებლის ... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; დანარჩენ ნაწილში ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადგენილად იყო მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ზუსტად ყოფილიყო დადგენილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში მოყვანილ დარღვევებთან მოსარჩელის კავშირი და ბრალეულობა, ასევე გამოყენებული დისციპლინური სახდელის პროპორციულობა; შესაბამისად, უნდა შეფასებულიყო, რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის იმგვარი დარღვევა, რაც მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით, ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება მით უფრო მაშინ, როდესაც ბრძანების შედეგს პირის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები (გამგებლის/მერის უფლებამოსილება), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მისაღები პირები) და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის #6 დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი (გამგებლის არყოფნისას გამგებლის მოადგილის უფლებამოსილება).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული არცერთი სამართლებრივი ნორმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს არ აძლევდა უფლებას, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, უმოტივაციოდ დაერღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მოსარჩელის შრომის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშია რეგლამენტირებული, დიდწილად გამომდინარეობს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებათა სპექტრიდან, საქართველოს კონსტიტუციიდან.
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმად (გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007) კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი კი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის და შენარჩუნების უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის #6 დადგენილების (შემდგომში დებულება) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის ... . გამგებლის ... უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრულია გამგებლის ... უფლება-მოვალეობები; კერძოდ, გამგებლის ... თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან, აცნობს მათ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, გამწვანების, გარე განათებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზე; ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს; საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამიდან სოციალური დახმარების მიღების მიზნით; მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავეებაში და ახორციელებს კონტროლს ამ პროგრამების განხორციელებაზე და სხვა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ბრძანებით არ დგინდება, თუ რა ფაქტობრივი გარემოება დაედო საფუძვლად ამ აქტის გამოცემას, ასევე არასწორადაა მითითებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. მოპასუხის განმარტებით, მისი გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა. დასკვნის თანახმად, 2017 წლის 21-23 მარტს შემოწმებული იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი ... სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების შესახებ. დასკვნის მიხედვით, დარღვევად მიჩნეული იქნა: ა) სოფელ ... ე.წ. უ-ეების უბანში 2014 წლიდან დაწყებული გზის და არხების რეაბილიტაციის სამუშაოების ხელშეკრულებით დაქირავებული პირის მიერ უხარისხოდ წარმოება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა; ბ) ... ადმინისტრაციული მართვის ადმინისტრაციული შენობის სს „...“ იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზე რეაგირების განუხორციელებლობა (ვადა ამოიწურა 2014 წელს); გ) სოფლის რამდენიმე უბანში ბუნებრივი აირის მილების არასწორად გაყვანა და სამუშოს დასრულების გაჭიანურება; დ) სოფელ ... მცხოვრები ვ. ო-ის განცხადებაზე არადროული რეაგირება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფელ ... მიმდინარე სხვადასხვა სახის სამუშაოების ხარისხის შეფასება არ წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადასტურებდა გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტრაქტორების მხრიდან ჩაბარებას და იმასაც, რომ რაიმე სახის ზიანი სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შესახებ გამგეობას დაქირავებული კერძო პირების მიმართ არ მოუთხოვია. საყურადღებოა, აგრეთვე, ისიც, რომ აუდიტის დასკვნაში გამოვლენილი დარღვევების დროს მოსარჩელე არ მუშაობდა გამგებლის ... თანამდებობაზე, ამასთან, სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ აცნობა შესაბამის თანამდებობის პირებს, რომელთა მიერაც მოხდა ვითარების ადგილზე შესწავლა, რა გარემოებაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით. რაც შეეხება მოქალაქის განცხადებაზე რეაგირების საკითხს, სააპელაციო სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ მითითებული განცხადება დაგვიანებით დაეწერა რეაგირებისთვის მოსარჩელეს, რამაც გამოიწვია განცხადების განხილვის გაჭიანურება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიექტურად უნდა გამოეკვლია, რაც უზრუნველყოფდა მოსამსახურის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, კადრების სტაბილურობის, როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც არ განუხორციელებია. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ ისეთი სახის არსებით დარღვევას წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ მისი საქმიანობის პერიოდში რაიმე სახის დისციპლინური ზომა გამოყენებული არ ყოფილა, მხოლოდ ერთ დღეში მომზადებულ დაუსაბუთებელ აუდიტის დასკვნაში მოყვანილი გარემოებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან გაანალიზების პირობებში არ იძლეოდა ისეთი მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას, რასაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და განაცდურის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საკითხი ამ ეტაპისთვის არ ექვემდებარება სასამართლოს კონტროლს, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნული თავად საჯარო დაწესებულების კომპეტენციაა. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა საკმარისია მოსარჩელის იმ უფლებებში აღსადგენად, რაც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას წარმოადგენდა, რის გამოც დამატებით ამ მოთხოვნაზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლო უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, თუმცა არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემდგომ მოპასუხე თავად იყო ვალდებული აღედგინა პირვანდელი მდგომარეობა, რომელშიც მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლებამდე იმყოფებოდა.
კასატორის მითითებით, სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაუკმაყოფილებლობამ გააუარესა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივლისიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია დასახელებული კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის არა ზემოხსენებული რედაქცია, არამედ ის რედაქცია, რომელიც მისი უფლების დარღვევის პერიოდში მოქმედებდა.
ამასთან, კასატორის განმარტებით, მოპასუხისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის დავალდებულებასა და იძულებითი განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით სასამართლო უწყების მხრიდან მსჯელობაზე კომპეტენციის არარსებობა წარმოადგენს არა სასარჩელო მოთხოვნის განხილვისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ აღნიშნულ ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნდა ნ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის და, ამავე დროს, არასწორად განმარტა კანონი.
ამასთან, კასატორის აღნიშვნით, ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით, არის იურიდიულად გამართული და დასაბუთებული და ზუსტად პასუხობს კანონის მოთხოვნებს. თავის მხრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არასწორია, ვინაიდან ბრძანების გამოცემის დროს არ დარღვეულა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტისა და 16 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. კ-ისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ნ. კ-ე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის #41206 ბრძანებით დაინიშნა გამგებლის ... თანამდებობაზე, მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი .. . იგი 2015 წლის 10 მარტიდან მუშაობდა გამგებლის ... ... ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ ნ. კ-ე მუშაობის პერიოდში ადმინისტრაციული წესით არ ყოფილა დასჯილი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. კ-ე გათავისუფლდა გამგებლის ... თანამდებობიდან. ამავე ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის #6 დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი. მოპასუხის განმარტებით, სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა. დასკვნის თანახმად, 2017 წლის 21-23 მარტს შემოწმებული იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი ... სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების შესახებ. დასკვნის მიხედვით, დარღვევად მიჩნეული იქნა: ა) სოფელ ... ე.წ. უ-ეების უბანში 2014 წლიდან დაწყებული გზის და არხების რეაბილიტაციის სამუშაოების ხელშეკრულებით დაქირავებული პირის მიერ უხარისხოდ წარმოება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა; ბ) ... ადმინისტრაციული მართვის ადმინისტრაციული შენობის სს „...“ იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზე რეაგირების განუხორციელებლობა (ვადა ამოიწურა 2014 წელს); გ) სოფლის რამდენიმე უბანში ბუნებრივი აირის მილების არასწორად გაყვანა და სამუშაოს დასრულების გაჭიანურება; დ) სოფელ ... მცხოვრები ვ. ო-ის განცხადებაზე არადროული რეაგირება.
ამდენად, განსახილველი დავის საგანს ნ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანების კანონიერების დადგენა, სამუშაოზე აღდგენა და მთელი მოცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 მარტის #41317 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით, ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა.
საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის, 30-ე მუხლი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომის უფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ზუსტად ყოფილიყო დადგენილი, ნ. კ-ის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიექტურად უნდა გამოეკვლია, რაც უზრუნველყოფდა მოსამსახურის სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, როგორც საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის შესრულებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ ისეთი სახის არსებით დარღვევას წარმოადგენს, რომელიც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ნ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურიდან განთავისუფლება, წარმოადგენს საჯარო სამსახურის უმკაცრეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რომლის გამოყენება საჯარო დაწესებულების, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, გამართლებული და მყარად დასაბუთებული უნდა იყოს როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლებით. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოსარჩელე ნ. კ-ის მიმართ სადავო აქტის გამოცემამდე სხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოუყენებლობის ფაქტი და საქმეში არსებული ერთ დღეში მომზადებული შიდა აუდიტის დასკვნა ერთობლიობაში არ იძლეოდა ნ. კ-ის მიმართ უმკაცრესი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს, რის გამოც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და განაცდურის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმად, მოცემული საკითხი ამ ეტაპისთვის არ ექვემდებარება სასამართლოს კონტროლს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა საკმარისია მოსარჩელის იმ უფლებებში აღსადგენად, რაც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას წარმოადგენდა, რის გამოც დამატებით ამ მოთხოვნაზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლო უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს სასამართლოსათვის მიმართვის ძირითად უფლებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას გულისხმობს, შინაარსობრივად კი, ადამიანის სრულყოფილ, ყოვლისმომცველ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. დასახელებული მუხლის მე-9 პუნქტის დებულება კი პირისათვის უკანონოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურების გარანტიას ადგენს, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ზემოხსენებულ ნორმასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მოხელის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ წარმოადგენს ექკლუზიურ, გამომრიცხველი ხასიათის კომპეტენციას. აღნიშნული ვალდებულების ექსკლუზიურობას არ ადგენს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მხოლოდ აღნიშნული ვალდებულების დაკისრების ფაქტი არ გულისხმობს სასამართლო კომპეტენციის გამორიცხვას, იმსჯელოს მოსარჩელის პირვანდელ, უფლების შელახვამდე არსებულ მდგომარეობაში აღდგენის საკითხზე და გადაწყვიტოს იგი. სააპელაციო სასამართლოს შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული კომპეტენციის ექსკლუზიურობასა და მოხელის აღდგენის თაობაზე სასამართლო კომპეტენციის გამორიცხვასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, საჯარო დაწესებულების მხრიდან ხსენებული ვალდებულების განხორციელება/განუხორციელებლობისა და ჯეროვანი თუ არაჯეროვანი შესრულების კონტროლის შესაძლებლობის გამორიცხვას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის საფუძველზეც, სასამართლო ხელისუფლება კონტროლს უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ საჯარო სამსახურის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის პრინციპი, რომლის მიღწევა საჯარო სამსახურის უკონტროლობის პირობებში წარმოუდგენელია. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით გაკეთებული შეფასების მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სასამართლო წესით ბათილად ცნობის შემდგომ საჯარო სამსახურის მხრიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა მოხელეს, ფაქტობრივად, მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან მან თავიდან უნდა მიმართოს სასამართლოს უფლებაში აღდგენის მიზნით, რაც არაეფექტურს ხდის მართლმსაჯულებას.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტების პარალელურად, წინააღმდეგობრივია ასეთი განმარტების პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის. აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის განხილვის მიმართ კომპეტენციის არარსებობა არა სასარჩელო მოთხოვნის განხილვისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ, აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, თუკი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების საკითხის განხილვა სასამართლო უწყების კომპეტენციას არ მიეკუთვნებოდა, იგი ვალდებული იყო ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეეწყვიტა საქმის წარმოება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოხელის თანამდებობაზე აღდგენის საკითხთან მიმართებით სასამართლო უწყების კომპეტენციის არსებობა დასტურდება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული არაერთი საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო.
ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ სადავო ბრძანების ბათილად ცნობამდე და აღდგენის საკითხის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაქვემდებარებამდე, სასამართლოს შეუძლია მხარის განცხადების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების შესაძლებლობა და მხარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი განჩინების მიღების გზით აღადგინოს თანამდებობაზე. აღნიშნული საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტის გამოყენებას სასამართლოს არ უზღუდავს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღდგენის ნაწილში სასამართლო უწყების კომპეტენციის გამორიცხვის თაობაზე გაკეთებული განმარტება ცალსახად წინააღმდეგობრივია ზემოხსენებული ნორმის დანაწესებთან მიმართებით, რადგანაც მოხელის თანამდებობაზე აღდგენაზე საჯარო დაწესებულების კომპეტენციის ექსკლუზიურობა იმთავითვე გულისხმობს სასამართლოს მხრიდან საკითხის შუალედური, წინასწარი მოწესრიგების შესაძლებლობის გამორიცხვასაც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საშუალებებით, ამდენად, საკითხის დროებითი, წინასწარი მოგვარებისა და მხარის უფლებებში დროებითი აღდგენის შესაძლებლობის არსებობა, ავტომატურად, გულისხმობს მისი არსებითად განხილვის და სრული მოწესრიგების შესაძლებლობასაც.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არ განსაზღვრავს მოხელის გათავისუფლების ბრძანების ბათილობის შემთხვევაში მისი თანამდებობაზე აღდგენის ვადებს. აღნიშნული დანაწესი, ცალსახად, რისკის ქვეშ აყენებს მოხელის სამართლებრივ მდგომარეობას, არაეფექტურს ხდის მისი მხრიდან სასამართლო წესით პირვანდელი, უფლების შელახვამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის სურვილს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა საკმარისია მოსარჩელის იმ უფლებებში აღსადგენად, რაც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხსენებული ვალდებულების შესრულებისათვის ვადების განუსაზღვრელობა ქმნის მომეტებულ რისკს იმისა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე აღდგენა საჯარო დაწესებულების მხრიდან მნიშვნელოვნად დაყოვნდება. აღნიშნული რისკი, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მოხელის დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტურობას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის სახელმწიფოებრივი რესურსის ზედმეტი ხარჯვის საშიშროებას, რაც დაკავშირებულია, როგორც იძულებითი განაცდურის პერიოდული მატებით მოხელის მიმართ სახელმწიფოს ეკონომიკური ტვირთის გაზრდასთან, ასევე მოხელის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში პროცესის ეკონომიურობის პრინციპის მნიშვნელოვან დარღვევასთან.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ შეჩერებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, როგორც უშუალოდ სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებით, სასამართლო, უფლებაშელახული პირის პირვანდელი, გასაჩივრებული თუ ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას ახდენს. განსახილველ დავასთან მიმართებით კი, გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობილი ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე საბოლოო/დროებით აღდგენას. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლოს აქვს მთელი რიგი პროცესუალურ-სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც მას უფლებას აძლევს გადაწყვიტოს პირის უფლებაში აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული აქვს შესაძლებლობა, წარდგენილი რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნიდან ერთ-ერთის თაობაზე გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება იმ პირობით, რომ სხვა მოთხოვნაზე/მოთხოვნებზე პასუხი გაცემული იქნება სხვა დროს და სხვა გადაწყვეტილებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანით ბათილად ცნოს სადავო ბრძანება, ხოლო იძულებითი განაცდურისა და თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში შეაჩეროს საქმის წარმოება და საჯარო დაწესებულებას განუსაზღვროს ვადა მისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისათვის. ნაწილობრივი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სასამართლოს რჩება საშუალება, განაახლოს საქმის წარმოება და იძულებითი განაცდურისა და თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში თავად გამოიტანოს გადაწყვეტილება. საკითხის ამგვარი მოწესრიგება გამორიცხავს მოხელის უფლებათა სამომავლო შელახვის ყოველგვარ რისკს და, თავის მხრივ, ქმნის აღნიშნულ უფლებათა დაცვის ეფექტურ, ქმედით მექანიზმს, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას.
საკასაციო სასამართლო ზემოთმითითებულ პროცესუალურ მექანიზმებთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებულ ნორმათა საწინააღმდეგო დანაწესებს არ ითვალისწინებს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტები, რომელიც გამორიცხავდა სასამართლოს მხრიდან ხსენებულ საპროცესო საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიმართ კანონმდებლის ნებას წარმოადგენს აღნიშნული დანაწესით არა უფლებამოსილებათა გამიჯვნა საჯარო დაწესებულებასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, არამედ, თავად საჯარო დაწესებულებისათვის დამატებითი მექანიზმებისა და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რითაც იგი შეძლებს, თავადვე უზრუნველყოს უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა უფლებებში აღდგენა და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების ეფექტური აღმოფხვრა, რაც არ გამორიცხავს, ერთი მხრივ, მხარის შესაძლებლობას, სასამართლო დაცვის წესით გაიმყაროს სამართლებრივი მდგომარეობა და დამატებით ეძიოს უფლებაში აღდგენის მექანიზმები, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაში დაავალდებულოს საჯარო დაწესებულება, შეასრულოს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნ. კ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი