Facebook Twitter

#ბს-767-767(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 20 დეკემბერს თ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ „თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 21 ოქტომბრის #კ/276 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის თ. ხ-ის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ... უბნის სამსახურის (განყოფილების) უფროსის - გამგებლის წარმომადგენლის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, თ. ხ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2015 წლის 12 მარტიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებისა და თ. ხ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის 1 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 21 ოქტომბრის #კ/276 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ... უბნის სამსახურის (განყოფილების) უფროსის - გამგებლის წარმომადგენლის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას თ. ხ-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან, 2015 წლის 12 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2014 წლის პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე თ. ხ-თან ერთად საუბნო სამსახურში მუშაობდა სულ ოთხი თანამშრომელი, რომელთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ არც ერთ მათგანს არ უსარგებლია ავტომანქანით და არასროს განუხორციელებიათ დროის მცირე მონაკვეთში ბენზინის ავზის ორჯერ ან მეტჯერ შევსება სრული მოცულობით. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ყოფილი თანამშრომლის - ლ. ე-ის განმარტება, რომელმაც განაცხადა, რომ ინსპექტირებისას, მისამართზე სიარულის დროს, ავტომობილის საჭესთან, როგორც წესი, ყოველთვის თ. ხ-ი იჯდა და უშუალოდ მას ჰქონდა საწვავის ბარათი, როგორც ... და ხელმძღვანელ პირს. კასატორმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია ავტომანქანით ესარგებლა ვინმეს, გარდა ქვემო საუბნო სამსახურის თანამშრომლისა, კონკრეტულად კი - თ. ხ-ისა, და თუკი ვინმემ ისარგებლა აღნიშნული ავტომანქანით, ეს უნდა მომხდარიყო მისი უშუალო მითითებით ან თანხმობით. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ 2014 წლის 7 აგვისტოს უშუალოდ თ. ხ-მა 2014 წლის მიღება-ჩაბარების აქტით ჩააბარა ავტომანქანა გამგეობის აპარატის უფროსს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 21 ოქტომბრის #კ/276 ბრძანების კანონიერება, რომლის საფუძველზეც თ. ხ-ი 2015 წლის 12 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 21 ოქტომბრის #კ/276 გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო სამსახურებრივი შემოწმების 2016 წლის 20 ოქტომბრის დასკვნა, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ თ. ხ-მა ბოროტად გამოიყენა მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი მდგომარეობა, უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები და ზარალი მიაყენა თვითმმართველ ერთეულს, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას, რისთვისაც მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.

მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ გაურკვეველია, რაში მდგომარეობს გადაცდომა, კერძოდ, პასუხისმგებლობა თ. ხ-ისთვის დაკისრებულია იმ საფუძვლით, რომ მან უშუალოდ მოახდინა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, თუ მან, როგორც ხელმძღვანელმა პირმა ვერ შეასრულა ხელმძღვანელობითი ფუნქცია და ვერ უზრუნველყო თანამშრომელთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენცირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. 17.2 მუხლის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არც ერთი არ ქმნის სადავო აქტის გამოცემის საკმარის საფუძველს, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ საწვავის ჩასხმა მოხდა უშუალოდ თ. ხ-ის მიერ. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება განპიროვნებული იყო პირადად თ. ხ-ზე, გამგეობაში არ ინახება საწვავის ხარჯვის ჟურნალი, საქმეში არ არის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საწვავი გაიხარჯა არამიზნობრივად.

იმ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ამტკიცებდა, რომ სამსახურის მიერ სადავო პერიოდში შესრულებული სამუშაო ამ რაოდენობის საწვავს არ საჭიროებდა საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ვარაუდს და მას სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. შესაბამისად, პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საწვავი ჩაასხა და არამიზნობრივად მოიხმარა თ. ხ-მა, საქმის დამატებითი გამოკვლევის მიზნით დაბრუნების მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოძიებული და წარმოდგენილი ვერ იქნა.

ამავდროულად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ თ. ხ-მა, როგორც ხელმძღვანელმა პირმა ვერ უზრუნველყო ხელმძღვანელობითი ფუნქციის განხორციელება, ვინაიდან საქმეში დაცული არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ თ. ხ-ი წარმოადგენდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, რამდენადაც, ხელმძღვანელობით უფლებამოსილება თავის თავში უცილობლად არ მოიაზრებს მატერიალურ პასუხისმგებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა სამსახურის რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, ასევე ვერ დაადასტურა ქონებრივი ზიანის არსებობა, რაც გამორიცხავს ხელმძღვანელი პირის მიმართ პასუხისმგებლობის იმ ტიპის ღონისძიების გამოყენებას, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ ვერ იქნა გაბათილებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი