საქმე №ბ-1388-3(გან-18) 16 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ე-ემ 2015 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N5/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი - გ. ე-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2002 წლის 17 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ლ. ე-ემ, როგორც გ. ე-ის მეუღლემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა ოჯახის წევრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად საჭირო აქტის გამოცემის მოთხოვნით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N5/15 გადაწყვეტილებით ლ. ე-ის მოთხოვნა - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შსს-ს მოსამსახურე გ. ე-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურებაზე, არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მისი მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე სრულ შესაბამისობაშია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლ პუნქტთან და დაუსაბუთებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი მისი უფლების დადასტურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ე-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N5/15 გადაწყვეტილება; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ე-ეს დაუდასტურდება მისი მეუღლის გ. ე-ის (დაბადებული 19.01.1963წ.) გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლი პუნქტი) სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ლ. ე-ის 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 21 სექტემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების, აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად განმარტება მოითხოვა.
განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით სამინისტროს დაევალა ლ. ე-ის 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებაზე პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სამინისტროს მოსაზრებით მნიშვნელოვანია განიმარტოს რას გულისხმობდა საკასაციო სასამართლო სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით, რომელშიც საუბარია ახალი აქტის გამოცემის ვალდებულებაზე, რომლის შესაბამისად, სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს შეისწავლოს - ექცევა თუ არა მოსარჩელის შემთხვევა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულაციაში და უნდა გაიცეს თუ არა კომპენსაცია, თუ აღნიშნული პუნქტი შეიცავს პირდაპირ დავალებას მითითებული საფუძვლით კომპენსაციის გაცემის შესახებ.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სამინისტროსათვის მიმართვის დროს 2015 წლის 3 აგვისტოს განმცხადებელი - ლ. ე-ე ითხოვდა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის გაცემას, აღნიშნული მოთხოვნა გააჩნდა მას მოგვიანებით ყველა ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, სამინისტროსათვის დღის წესრიგში არ იდგა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო ხანდაზმულობის მოტივით უარს ეტყოდა განმცხადებელს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის გაცემაზე. განმცხადებლის მოსაზრებით სამინისტროს აღნიშნული პოზიციის მართებულობას დამატებით ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინება (საქმე №ბს-1040-1034(კ-17)), რომლითაც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციაზე სასამართლომ გაავრცელა ხანდაზმულობის ვადები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა დაწესდა 2005 წლის 20 აპრილის კანონით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ლ. ე-ეს, როგორც გ. ე-ის მემკვიდრეს, მიღებული აქვს ერთჯერადი კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო ითხოვს განიმარტოს თუ რას გულისხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, ხელახალ მსჯელობას - ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის მიღება თუ დავალებას კომპენსაციის გაცემის შესახებ. ამასთან, თუ უზენაესი სასამართლოს მიერ დავალებულია კომპენსაციის გაცემა, რა ოდენობის თანხა უნდა გაიცეს მოსარჩელეზე 1992 წელს არსებული რეგულაციების შესაბამისად არსებული 10 თვის ხელფასის ოდენობა თუ ამჟამად მოქმედი „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული 15000 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ლ. ე-ის 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებაზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტებაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული საკითხი - ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის მიღება, სცილდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხილულ დავის საგანს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ე-ის მიერ სარჩელი აღძრული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის №5/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოცემულ დავაში სარჩელი არ იყო აღძრული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების - კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული საკითხი საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი არ ყოფილა. რამდენადაც გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავოა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული, რომელი შემთხვევა ვრცელდება გ. ე-ის გარდაცვალებაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კი გამოცემული იყო მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაზე, რის გამოც საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ. ე-ის მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავდა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებასაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უმსჯელია. ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, მოსარჩელის მეუღლის - გ. ე-ის გარდაცვალება ვერ ექცეოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ლ პუნქტში, მაგრამ ლ. ე-ის მოთხოვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფულად დახმარებაზე უფლების დადგენის შესაძლებლობას, რაც არ ნიშნავს კონკრეტული შინაარსის აქტის გამოცემის დავალებას და იმპერატიულად ადგენს კანონის შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი სათანადოდ დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ განმცხადებლის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე