Facebook Twitter

#ბს-468-468(კს-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ზ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 14 ივნისს ზ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის #000449 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის #1-920 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

2017 წლის 16 ოქტომბერს ზ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის აღდგენა.

განმცხადებლის მითითებით, საპროცესო ვადის გაშვება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ე.წ „ადვოკატის“ ქმედებების გამო. შეცდომაშია შეყვანილი როგორც თავად, ასევე სასამართლო. ამდენად, ზ. მ-ი აფიქსირებს რა პატივისცემას სააპელაციო სასამართლოს მიმართ, ამავე დროს, ითხოვს აღუდგეს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 14 დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარზე საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ზ. მ-ს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... ქ. #10 და ჩაბარდა ზ. მ-ის სრულწლოვან შვილს ნ. მ-ს (პ/ნ ...) 2017 წლის 30 ივნისს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ნ. მ-ის ხელწერილით საქართველოს ფოსტის უკუგზავნილზე.

საქმეში ს.ფ. 88-ზე წარმოდგენილია ზ. მ-ის მიერ 2015 წლის 10 დეკემბერს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა მისი შვილის ნ. მ-ის (პ/ნ ...) სახელზე, რომლითაც მას ანიჭებს უფლებამოსილებას იყოს წარმომადგენელი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტი და ცნობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, ზ. მ-ის განცხადების საფუძვლიანობის შესამოწმებლად სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ს.ფ. 294-302-ზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია ზ. მ-ის მიერ, შევსების თარიღად კი მითითებულია 2017 წლის 20 ივლისი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს აღნიშნულ სააპელაციო საჩივარზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ზ. მ-ს, რადგან განმცხადებელს არ წარუდგენია სააპელაციო პალატისთვის აღნიშნულის დამადასტურებელი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ზ. მ-ის შვილს ნ. მ-ს, იმავე დროს ზ. მ-ის წარმომადგენელს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2017 წლის 30 ივნისს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 1 ივლისიდან და ამოიწურა 2017 წლის 14 ივლისს 24 საათზე. შესაბამისად, 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად, რაც სააპელაციო პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული.

ამასთან, ზ. მ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხელმოწერის თარიღად მითითებულია 2017 წლის 20 ივლისი, აღნიშნულით ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონცვენციით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე და მიუითია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისმა შვილმა ნ. მ-მა, მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ხელშეკრულება გააფორმა ადვოკატთან, რომელსაც უნდა შეედგინა და წარედგინა სააპელაციო საჩივარი და ყოფილიყო წარმომადგენელი. შემდგომ, გაირკვა, რომ ადვოკატი, რომელთანაც გააფორმეს ხელშეკრულება არ იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი და შესაბამისად, მას არ შეეძლო შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვინაიდან, მისი შვილი ხშირად უკავშირდებოდა და ეკითხებოდა წარადგინა თუ არა სააპელაციო საჩივარი, მან თავად მოაწერა ხელი ზ. მ-ის სახელით სააპელაციო საჩივარს და წარადგინა სასამართლოში ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია მისთვის ცნობილია, რომ კანონი ზოგადად არ ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენა/გაგრძელებას, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას საკუთრების უფლება კი არ შეეზღუდა, არამედ ფაქტობრივად დაკარგა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით ზ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ზ. მ-ს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... ქ. #10 და ჩაბარდა მის სრულწლოვან შვილს ნ. მ-ს 2017 წლის 30 ივნისს (ს.ფ. 292). სააპელაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 26 ივლისს (ს.ფ. 294). სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 1 ივლისს და ამოიწურა 2017 წლის 16 ივლისს, სსსკ-ის 61.2 მუხლის შესაბამისად. იმ ფაქტს, რომ მის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, ადასტურებს თავად ზ. მ-იც კერძო საჩივარში, თუმცა მიუთითა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო არა მისი ბრალით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ზ. მ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო და შემდგომ უარი უთხრა საპროცესო ვადის აღდგენაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა /სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი/, თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი