#ბს-583-583(კ-კს-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
დაინტერესებული პირები (მესაკუთრეები) - დ. გ-ი; ც. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 8 სექტემბერს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
განმცხადებელმა მოითხოვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის (მისამართი: ქ.თბილისი, ... ქ. # ..., ს/კ ...) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა და ც. ქ-ის უძრავ ქონებაზე. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთის ფართი ... კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები, მის: ქ. ჭიათურა, ... ქ. # ... განმცხადებელი ასევე ითხოვდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფო სახელით დარეგისტრირების მიზნით მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) უძრავ ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთის ფართი ... კვ.მ და მასზე არსებული შენობა - ნაგებობა და ნარგავები, მის: ქ. ჭიათურა, ... ქ. # ...; განმცხადებელს - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელმაც დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევა მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განმცხადებლისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, დ. გ-ის (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...), მდებარე - ქ. ჭიათურა, ... ქ. #... ექპროპრიაციის უფლების მინიჭების ნაწილში; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნული გადაწყვეტილება დ. გ-ისა და ც. ქ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...), მდებარე - ქ. ჭიათურა, ... ქ. #..., ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე მიექცა დაუყოვნებლივ აღსარულებლად.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ 2018 წლის 15 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 21 მარტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დ. გ-ის უფლებამონაცვლედ გ. გ-ის ცნობა და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინების გამოტანის შემდგომ, დ. გ-მა, იმავე დღეს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაასხვისა გ. გ-ეზე და ც. ქ-თან ერთად გახდა საექსპროპრიაციო ქონების თანამესაკუთრე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის - დ. გ-ის ფაქტობრივ გასვლას და მის შეცვლას უფლებამონაცვლით - გ. გ-ით.
განმცხადებლის მითითებით, ახალი მესაკუთრე (თუნდაც კეთილსინდისიერი შემძენის), „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, მაინც ექვემდებარება ექსპროპრიაციას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, ახალი მესაკუთრის უფლებები ანალოგიურად, როგორც დ. გ-ის, მითითებული აქტების საფუძველზე სრულფასოვნად და იდენტურად დაცულია, ახალი მესაკუთრე ექვემდებარება ქონების სანაცვლოდ სრულ და სამართლიან კომპენსაციას. უფლებამონაცვლის დადგენა და ახალი მესაკუთრის ჩანაცვლება, არ შეცვლის იმ საბოლოო სამართლებრივ შედეგს, რასაც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად უძრავი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობა.
დ. გ-სა და გ. გ-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით გ. გ-ეზე გადავიდა ის უფლებები და მოვალეობები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებითა და სააღსრულებო ფურცლით იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უძრავი ქონება (ს/კ ...; ... კვ.მ.) დაექვემდებარა ექსპროპრიაციას და ექსპროპრიატორად განისაზღვრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
განმცხადებელმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
განმცხადებლის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობა ნათელია. 2017 წლის 22 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები (ს/კ ...) არიან ც. ქ-ი და დ. გ-ი, ხოლო 2018 წლის 2 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ იმავე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან ც. ქ-ი და გ. გ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსპროპრიაცია არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად, საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დ. გ-ისა და ც. ქ-ის თანასაკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევის საფუძველი გახდა 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქ.ჭიათურაში 4 რევერსული გონდოლებიანი საბაგირო გზების რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება.
სააპელაციო პალატის მითითებით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეთა უფლებამონაცვლეობას, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მითითებულ დანაწესს ვერ გამოიყენებს, ვინაიდან სპეციალური კანონი, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, ადგენს სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ექსპროპრიაციის განხორციელების სპეციალურ წესებს, რაც დაუშვებელია სხვა კანონმდებლობით ჩანაცვლდეს. მოცემული განცხადების დაკმაყოფილება გამოიწვევს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის სავალდებულო დანაწესების უგულვებელყოფას და ახალი მესაკუთრის ჩანაცვლება შელახავს სწორედ მის უფლებას წარადგინოს შედავება საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთან, საკუთრების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებს მთელი რიგი პროცედურების განხორციელება, რომელიც უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარჩელის პრევენციულის გამოუყენებლობას, განმცხადებლის მიერ აღნიშნულთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის პრევენციული ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვა განმცხადებლის (მოსარჩელის) მხრიდან დისპოზიციურობის პრინციპის რეალიზაციას წარმოადგენს და სწორედ ის არის უფლებამოსილი მოითხოვოს კონკრეტული ღონისძიების გამოყენება, რითაც განმცხადებელს არ უსარგებლია და შესაბამისად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა არ გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, აღნიშნული კი ვერ გახდება უძრავი ქონების ახალი მესაკუთრის უფლებების უგულვებელყოფის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დ. გ-ის უფლებამონაცველდ გ. გ-ის დადგენა და ახალი მოვალის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობა არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პარაქტიკიდან, ვინაიდან, თავად სასამართლო აღიარებს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება ჩამოართვას მესაკუთრეს საკუთრება ექსპროპრიაციის გზით. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოიყენა რა მისთვის კანონით მინიჭებული ეს უფლება და მოახდინა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მოქალაქეების - დ. გ-ისა და ც. ქ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის ექსპროპრიაცია. ანუ სადავო ქონება უკვე იყო ექსპროპირებული საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში ამ ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებამდე დ. გ-მა მოასწრო და გაასხვისა იგი გ. გ-ეზე, არაფერს ცვლის სამართლებრივი თვალსაზრისით. ვინაიდან, დ. გ-ს დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ იმის უფლება, რომ ესარგებლა ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლით მინიჭებული უფლებით და თუ არ ეთანხმებოდა სადავო ქონების საბაზრო ღირებულებას და საკომპენსაციო თანხას, სარჩელი შეეტანა სასამართლოში სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ედავა ამ მიმართულებით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში გ. გ-ესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით დ. გ-ი გავიდა სამართლებრივი ურთიერთობიდან თუმცა აღნიშნული ურთიერთობიდან გასვლა არ ათავისუფლებს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარეს (გ. გ-ეს) იმ ვალდებულებისგან, რაც ,,აუცილებელი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული. აღნიშნული უძრავი ქონება საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ექვემდებარება ექსპროპრიაციას, რაც მიუთითებს, იმაზე, რომ საკუთრების უფლება საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით არ არის აბსოლუტური. იმის მიუხედავად მოხდებოდა თუ არა ქონების გასხვისება, საზოგადოებრივი საჭიროება ნებისმიერ შეთხვევაში იარსებებდა. ექსპროპრიაცა მიღებულია ქონებაზე და არა კონკრეტულ მესაკუთრეზე. ქონების გასხვისება არ აკარგვინებს უძრავ ქონებას საზოგადებრივი საჭიროების სტატუსს, რაც საფუძვლად დაედო ექსპროპრიაციას. დ. გ-სა და გ. გ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, იმის მაჩვენებალია, რომ არსებობს უფლებამონაცველობა მატერიალური სამართლის მიხედვით, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სახეზეა საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესაბამისად კი, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობის სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებას ან მოვალეობას. მხარის შეცვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით მოსაწესრიგებელი ურთიერთობაა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკუთრების ფლობა პირს არ აყენებს კანონზე მაღლა თუ: ა) სახელმწიფოს მიერ დადგენილი კონტროლი თვით საკუთრების ჩამორთმევამდე ემსახურება ,,საერთო ინტერესების“ უზრუნველყოფის მიზანს და ბ) დაცულია თანაზომიერება კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმის მოქმედებას და ამ სახის კონტროლის განხორციელებასა და მისაღწევ კანონიერ მიზანს შორის, ანუ მთავარია ამ შემთხვევაში თუ რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული ქვეყნის მთავრობა იმ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია ევროკონვენციის #1 ოქმის 1-ლი მუხლით. ერთ-ერთ ასეთ სტანდარტად მიჩნეულია კომპენსაციის გადახდა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვით მხარეებს შესთავაზა გონივრული თანხა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებდა მხარე ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვის შემდეგ. ვინაიდან, ,,აუცილებელი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაცია არის მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება საკომპენსაციო თანხის გადახდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) უძრავ ქონებაზე, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შემდგომ, დ. გ-ის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების გამო, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსარულებლად მიქცევის ეტაპზე საქმეში დ. გ-ის უფლებამონაცვლედ გ. გ-ის ჩართვის საკითხი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში ამომწურავი სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში განმცახდებელი, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ითხოვდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა და ც. ქ-ის უძრავ ქონებაზე. განმცხადებლის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფო სახელით დარეგისტრირების მიზნით მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) უძრავ ქონებაზე.
2017 წლის 22 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები (ს/კ ...) არიან ც. ქ-ი და დ. გ-ი (იხ. სფ. 68; ტ.2), ხოლო 2018 წლის 2 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ იმავე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები უკვე არიან ც. ქ-ი და გ. გ-ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 66; ტ.2). სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დ. გ-ის უფლებამონაცვლედ გ. გ-ის ცნობას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია შემდეგი საკითხების გაანალიზება: რა არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“. არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დეფინიცია. ეს არის აბსტრაქტული სამართლებრივი ტერმინი, რომელიც კონკრეტულ შინაარსს იძენს სხვადასხვა დროსა და ისტორიულ ვითარებაში, ცვალებადია განსხვავებული და დინამიური სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოთხოვნილებების ადეკვატურად. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს, სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე. საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს, კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში. ამავდროულად, აუცილებლად გასათვალისწინებელია თავად საკუთრების უფლების ობიექტის არსი, მისი შესაძლო სოციალური დატვირთვა. რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოების „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად“ მიჩნევის საკითხს. საკუთრების ჩამორთმევისას კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა, რაც განხორციელდა კიდეც დ. გ-ის მიმართ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობა, ვინაიდან, მსგავსი ტიპის დავებში დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, მოცემულ შემთხვევაში დ. გ-ის მიერ უძრავი ქონების გასხვისებით ქონების ახალ მესაკუთრეზე ავტომატურად არ გადადის მის მიმართ არსებული ყველა ვალდებულება. ის გარემოება, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ქ. ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, თანასაკუთრებაში არსებულ დ. გ-ისა (პ/ნ ...) და ც. ქ-ის (პ/ნ ...) უძრავ ქონებაზე, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი უფლება მას მიენიჭა აღნიშნული ქონების ნაწილის ახალი მესაკუთრის - გ. გ-ის მიმართაც, ვინაიდან, ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირი საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე და ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს მიდგომაზე. დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე იმავდროულად ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ: „...წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“. ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს დეტალურ დეფინიციას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობის, სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტის, ჩამოსართმევი ობიექტისა და იმ მესაკუთრის უფლებების თაობაზე, რომელსაც ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის სავალდებულო დანაწესების უგულვებელყოფა და ახალი მესაკუთრის ჩანაცვლება შელახავს სწორედ მის უფლებას წარადგინოს შედავება საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთან, საკუთრების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებს მთელი რიგი პროცედურების განხორციელება, რომელიც უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ უფლების დაცვის წინასწარი საშუალების მთავარი მიზანი დაინტერესებული მხარისათვის იმგვარი შესაძლებლობის მიცემაა, რომლითაც მას საკუთარი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული წარმოების ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების დამთავრებამდე შეეძლება, ანუ უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს აქვთ დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის გარანტიის ფუნქცია. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა არ გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, აღნიშნული კი ვერ გახდება უძრავი ქონების ახალი მესაკუთრის უფლებების უგულვებელყოფის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს კერძო საჩივარზე 03.05.2018წ. #03826 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება;
3. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 03.05.2018წ. #03826 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი