Facebook Twitter

#ბს-592-592(გ-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ რ. ქ-ე

მოპასუხეები _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 ივნისს რ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ნოემბრის #10/57728 წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 5 მაისის #1-1/196 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2017 წლის 24 ივლისს რ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის #10/66028 წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 19 ივლისის #1-1/225 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის გაერთიანდა მოცემული ადმინისტრაციული საქმეები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით რ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში რ. ქ-ის მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მოთხოვნით - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 9 ნოემბრის #10/57728 და 2017 წლის 29 დეკემბრის #10/66028 წერილები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 5 მაისის #1-1/196 და 2017 წლის 19 ივლისის #1-1/225 გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 9 ნოემბრის #10/57728 და 2017 წლის 29 დეკემბრის #10/66028 გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის #1-1/107 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულებაზე, რომლის თანახმადაც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრს წარმოადგენს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა). დასახელებული დებულების 1.1. მუხლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და ამ ბრძანების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართავს, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის ფუნქციები, კერძოდ, დასახელებული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში.

დასახელებული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობას თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის (მისამართი: ქ. რუსთავი, ვახუშტის ქ. #8) მიხედვით - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ.

სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33.2 მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ხსენებული მუხლის შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემულ აქტებს. მათი იურიდიული ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, მე-2 ნაწილის მიხედვით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხის ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალდებულების შესახებ განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად (2017 წლის 14 სექტემბრის #ბს-596-593(გ-17)).

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფლის მიხედვით - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა ნივთის ადგილსამყოფელს, არამედ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელია ქალაქო თბილისი.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 21.2 მუხლის შესაბამისად, არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში.

2018 წლის 25 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას მოცემული საქმის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო მათი იურიდიული მისამართია ქ. თბილისი და წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა.

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ ნივთობრივ განსჯადობას, რადგან წარმოდგენილი სარჩელით სადავოა არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.

გარდა ამისა, მითითებული ნორმის კონსტრუქცია იმგვარადაა ფორმულირებული, რომ მხარეს მინიჭებული აქვს სასამართლოს არჩევის უფლება- შეიტანს სარჩელს მოპასუხისა თუ უძრავი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, იმავე კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოსარჩელეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ ნივთობრივ განსჯადობას, რადგან სარჩელით სადავოა არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, არამედ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული აქტების კანონიერება, რის გამოც ვერც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით განსაზღვრული დებულებები იქნება გამოყენებული.

სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით გამორკვეულ უნდა იქნეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს გასაჩივრებული აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების იურიდიული ადგილსამყოფლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე რ. ქ-ის მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 9 ნოემბრის #10/57728 და 2017 წლის 29 დეკემბრის #10/66028 წერილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 5 მაისის #1-1/196 და 2017 წლის 19 ივლისის #1-1/225 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს ძირითადი აქტის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 9 ნოემბრის #10/57728 და 2017 წლის 29 დეკემბრის #10/66028 გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის #1-1/107 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულების თანახმად, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა). დასახელებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და ამ ბრძანების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართავს, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის უფროსი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის ფუნქციები, კერძოდ, დასახელებული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ერთეულის მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული დავის ტერიტორიული განსჯადობა სადავო აქტის გამომცემი ორგანოს, მოცემულ შეთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის მიხედვით წყდება.

დასახელებული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობას თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის (მისამართი: ქ. რუსთავი, ვახუშტის ქ. #8) მიხედვით - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33.2 მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ქ-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ დავაში განსჯად სასამართლოს განსაზღვრავს არა მხარე, არამედ - კანონი. საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი განსჯადობის სპეციალური ნორმაა, რომელიც ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლი კერძო-სამართლებრივი ბუნებისაა, რომელიც დამყარებულია მხარეთა თავისუფალ ნებაზე, შეთანხმების გზით დაადგინონ განსჯადი სასამართლო. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვანად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით. 21.2 მუხლის თანახმად, არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით და მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლოს ოქმში.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე თანახმაა საქმე განიხილოს არაგანჯადმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სასამართლოსთვის ეს თანხმობა არ უნდა იყოს რელევანტური და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, ადმინისტრაციული სასამართლოს განსახილველი საქმე არ უნდა იქნეს გადაგზავნილი არაგანსჯად სასამართლოში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი