Facebook Twitter

#ბს-637-637(კს-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი

) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ბ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; კახეთის რეგიონული ოფისი; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები - ნ. მ-ე; სსიპ შემოსავლების სამსახური; შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „…“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 20 ივნისს ბ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 იანვარსა და 2009 წლის 18 თებერვალს შპს „…“ სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლებისა და მასში ცვლილების რეგისტრაციების უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. სიღნაღში, … ქ. #... , საკადასტრო კოდი: #... , სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 მაისსა და 2014 წლის 8 მაისს განხორციელებული საკუთრებისა და იპოთეკის უფლების რეგისტრაციების უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. სიღნაღში, … ქ. #... , საკადასტრო კოდი: #... და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს NA12001156017/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2014 წლის 4 აგვისტოს ბ. მ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ 2008 წლის 18 იანვრისა და 2009 წლის 18 თებერვლის შპს „…“ სახელზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორცილებული საკუთრების უფლებისა და მასში ცვლილების რეგისტრაციებზე მიღებული გადაწყვეტილების უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. სიღნაღში, … ქუჩა N…, საკადასტრო კოდი: …; 2012 წლის 29 მაისის და 2014 წლის 8 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორცილებული საკუთრებისა და იპოთეკის უფლებების რეგისტრაციების უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. სიღნაღში, … ქუჩა N…, საკადასტრო კოდი: … (სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის თაობაზე 2012 წლის 29 მაისს მიღებული N… და 2014 წლის 8 მაისს მიღებული N… გადაწყვეტილებები), აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს NA12001156017/001 სააღსრულებო განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის N4912 და 2009 წლის 12 თებერვლის N319 მოწერილობების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 მაისისა და 2014 წლის 24 ივნისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ მიღებული N… და N… გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 ივლისის N… და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული აქტების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 იანვრის უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ფიზიკური პირის - ბ. მ-ის მიერ 2014 წლის 15 მაისის N… სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორცილების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 მაისის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე , სასამართლო დავის დასრულებამდე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ივნისის განჩინებით ბ. მ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 11 ივლისს ბ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისათვის … საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტაციის განხორციელების აეკრძალვა მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივლისის განჩინებით ბ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივლისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ბ. მ-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. მ-ე, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „…“, სსიპ შემოსავლების სამსახური და შპს „…“.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ბ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ბ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივლისის განჩინება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის N4912 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი …, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა შპს ,,…“ (100% სახელმწიფო წილი) სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 18.01.2008 წელი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 თებერვლის N319 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 თებერვლის N… გადაწყვეტილება, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი …, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა შპს ,,…“ სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი ბ. მ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2014 წლის 13 ივნისს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის N1170 დაკმაყოფილებაზე უარი. დანარჩენ ნაწილში ბ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ბ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლს გადაწყვეტილება აპელანტის ბ. მ-ის წარმომადგენელს - ი. აეს ჩაბარდა 2018 წლის 05 თებერვალს (იხ. ტ. 3, ს.ფ 84). მხარისათვის სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 6 თებერვლიდან და ამოიწურა 2018 წლის 19 თებერვალს 24 საათზე. ბ. მ-ის წარმომადგენელმა - ი. აემ სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 20 თებერვალს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული ბეჭდით (იხ. ტ.3, ს.ფ. 122). შესაბამისად, ბ. მ-ის წარმომადგენელს - ი. აის სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. მ-ის წარმომადგენელმა - ი. აემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად საფოსტო დაწესებულებას შპს ,,... (იგივე ...) ჩააბარა 2018 წლის 18 თებერვალს, ხოლო აღნიშნული სააპელაციო საჩივარი უკვე მეორე დღეს 2018 წლის 20 თებერვალს საფოსტო კურიერის (შპს ,,...“) მეშვეობით წარდგენილ იქნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რაც დადასტურებული იქნა 2018 წლის 23 მაისს შპს ,,...“ მიერ გაცემული #1511/18 ცნობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ბ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დასმულ ბეჭედს, საიდანაც ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია 2018 წლის 20 თებერვალს (იხ. ს.ფ. 122; ტ.5) გასაჩივრების ვადის დარღვევით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, სააპელაციო საჩივარი საფოსტო დაწესებულებას - შპს ,,...“ (იგივე ...) ჩააბარა 2018 წლის 19 თებერვალს, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული შპს „...“ ცნობით (იხ. ს.ფ. 22; ტ.6).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე - შპს „...“ იურისტის მიერ 2018 წლის 23 მაისს გაცემულ ცნობაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ბ. მ-ის წარმომადგენელმა ი. აემ გზავნილი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 19 თებერვალს, გზავნილი ზედნადების ნომრით #7455828 შპს „...“ მეშვეობით გაიგზავნა 2018 წლის 19 თებერვალს და მიმღებს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ჩაბარდა 2018 წლის 20 თებერვალს, ზედნადებში მითითებულ მისამართზე: სიღნაღი, … #15, ხელს აწერს ა. ბ-ი, კანცელარიის თანამშრომელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შპს „...“ ცნობა იძლევა საკმარის საფუძველს, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა აღნიშნული ცნობა. სააპელაციო სასამართლომ აპელაციის დასაშვებობის სტადიიდან უნდა გამოიკვლიოს მითითებული ფაქტობრივი გარემოება და ობიექტურად დაადგინოს დაცულია თუ არა აპელანტის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საფოსტო განყოფილებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და გამოიკვლიოს ნამდვილად 2018 წლის 19 თებერვალს მოხდა თუ არა შპს „...“ სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი