საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1059(კ-18) 22 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. ჩ-ისა და ც. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2018წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2018წ. განჩინებით თ. ჩ-ისა და ც. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თ. ჩ-ისა და ც. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.11.2017წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ჩ-ისა და ც. ჩ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 01.10.2018წ. განჩინებით თ. ჩ-ესა და ც. ჩ-ეს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 01.10.2018წ. განჩინება გაეგზავნათ თ. ჩ-ესა და ც. ჩ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, 03.10.2018წ. გზავნილი პირადად ჩაიბარა ერთ-ერთმა კასატორმა თ. ჩ-ემ, რომელიც არის აგრეთვე მეორე კასატორის - ც. ჩ-ის შვილი. კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, თუმცა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს საკასაციო პალატას ბ-1477-18 განცხადებით. განცხადებაზე თანდართულია …“ შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომლის თანახმად, გზავნილის კურიერისათვის ჩაბარების და გაგზავნის თარიღია 11.10.2018წ.. გასათვალისწინებელია, რომ კასატორებს განცხადების შედგენის თარიღად ასევე 11.10.2018წ. აქვთ მითითებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ჩ-ეს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 03.10.2018წ., ამდენად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო - 10.10.2018წ. (ოთხშაბათი), ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება კი ფოსტას ჩაბარდა - 11.10.2018წ., დადგენილი ვადის დარღვევით.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, თ. ჩ-ისა და ც. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2018წ. განჩინებაზე თ. ჩ-ისა და ც. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი