ბს-601-601(კს-18) 04 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, გ. ქ-ე
დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ქ-ემ 10.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, გ. ქ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კომისიის 28.03.2016წ. გადაწყვეტილების (N492ოქმი) ბათილად ცნობის და კომისიისათვის ქ. თბილისში, ... ქუჩაზე N01.14.14.002.107 საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. N70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას და წარმართავს მას, აგრეთვე ახდენს პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ხელშეწყობას მისი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სახელმწიფო იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მესაკუთრეა, რომლის საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა წარმოადგენს, მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილე არის სამინისტრო, რის გამოც სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო საქმეში მესამე პირად უნდა იქნას ჩაბმული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას. საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ქონების შემცირებას. სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ხდება კერძო პირის საკუთრება, აუცილებელია მსგავს დავებში მესამე პირის ჩართვა. ამასთანავე, მესამე პირად ჩართულ უნდა იქნეს ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე. სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვა ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებული ფუნქციებია. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციები. სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის შესახებ მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში. საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხორციელება არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან, რაც გამორიცხავს სამინისტროს მონაწილეობას მსგავს დავებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგა გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ქ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 28.03.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სწორედ აღნიშნული აქტის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს განსახილველი არსებითი დავის საგანს.
სააპელაციო პალატის 06.03.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო იმ დასაბუთებით, რომ დავა ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწას, ხოლო სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას და წარმართავს მას (საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. N70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ 2.2 მუხ. „ე“ ქვ.პ.). კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქმეში მესამე პირის ჩართვა უნდა მომხდარიყო, თუმცა მესამე პირად ჩართული უნდა ყოფილიყო არა სამინისტრო, არამედ - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის განმახორციელებელი სუბიექტი. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო არის საქართველოს მთავრობა (საქართველოს კონსტიტუციის 78.1 მუხ.), რომელიც ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების მეშვეობით („მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 4.1 მუხ.). სამინისტროები იქმნებიან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად (კანონის 14. 1 მუხ.). სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით, კონკრეტულ სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით. სახელმწიფო პოლიტიკა არის სახელმწიფო მიზნების, ამოცანების, პრიორიტეტების, ძირითადი პრინციპების, სტრატეგიული პროგრამებისა და გეგმების ერთობლიობა, რომელიც მუშავდება და რეალიზდება სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით. სახელმწიფო პოლიტიკა არის სახელისუფლებო ორგანოების მიზანმიმართულ ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს საშუალებას კონკრეტულ სფეროში მიაღწიოს წინასწარ განსაზღვრულ მიზნებს. სახელმწიფო პოლიტიკას ჰყოფენ მიმართულებებად იმის მიხედვით, თუ საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ხდება მისი შემუშავება და რეალიზაცია. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 5.7 მუხ., საქართველოს მთავრობის 11.02.2016წ. N70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ 2.2 მუხ. „ე“ ქვ.პ.), რომლის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა (დებულების 2.1 მუხ.). ამდენად, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი და სათანადოდ განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო სახელმწიფო პოლიტიკას, არამედ აგრეთვე კონკრეტული ქმედებების/გადაწყვეტილებების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში დასახულ მიზნებთან შესაბამისობას. აღნიშნულის გათვალისწინებით დაუსაბუთებელია სამინისტროს მოსაზრება, დავაში მესამე პირად მისი ჩართვის დაუშვებლობის შესახებ.
კერძო საჩივრის საფუძვლიანობას არ ასაბუთებს აგრეთვე სამინისტროს მითითება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის განხორციელებაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერება, რომლითაც უარი ითქვა სახელმწიფო ქონების განკერძოებაზე, დავა არ ეხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით განსაზღვრული პროცედურებით სახელმწიფო ქონების განკარგვის კანონიერებას. უფრო მეტიც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი საერთოდ არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვ.პ.), ამდენად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის დათქმა, რომ სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახდენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მე-6 მუხ.), არ არის განსახილველი დავისათვის რელევანტური, განსახილველი საკითხისათვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ქონების განკარგვას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, რადგან სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონიდან, არ ეფუძნება მის დებულებებს. ის, რომ საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, ასევე არ ასაბუთებს კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, რადგან სააგენტოს აღნიშნული უფლებამოსილება არ არის ყოვლისმომცველი და არ ვრცელდება სახელმწიფო ქონების განკარგვის უკლებლივ ყველა შემთხვევაზე, მაგ.: საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მიხედვით სახელმწიფო ქონების განკარგვას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო („წესის“ მე-3 მუხ.). ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის შესაბამისად („დებულების“ 1.1 მუხ.), სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში („დებულების“ 1.3 მუხ.). მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო ახორციელებს არა ნებისმიერი სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, არამედ თავისი დებულებით დადგენილ კონკრეტულ უფლებამოსილებებს განსაზღვრული სახელმწიფო ქონების მიმართ („დებულების“ მე-3 მუხ.). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში − ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მე-4 მუხ.), რომლის შემადგენლობაშიც სააგენტოს წარმომადგენლები შედიან რიგით წევრებად (საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 6.4 მუხ.). ამდენად, ის გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ფარგლებში ახდენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არ გულისხმობს სახელმწიფო ქონების განკარგვის ყველა შემთხვევაში სააგენტოს მონაწილეობის საჭიროებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც გადაწყვეტას საჭიროებს ისეთი პროცესუალური საკითხი, როგორიცაა საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მესამე პირად ჩაბმა, ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებისა და სტატუსის დასადგენად გამოყენებულ უნდა იქნეს საკითხის გადაწყვეტისას მოქმედი ნორმატიული აქტები, რადგან სწორედ არსებული კომპეტენციის მოცულობის, ფუნქციების, უფლებამოსილების ფარგლების და სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით წყდება საქმეში კონკრეტული ორგანოს მე-3 პირად ჩაბმის საკითხი. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (12 მუხ.). „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით კი, სახელმწიფო ზედამხედველობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერების და დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველყოფა (129.1 მუხ.), მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოა ის სამინისტრო, რომლის უფლებამოსილების დელეგირებაც განხორციელდა (130.2 მუხ.). ამასთანავე, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია არამარტო გამოითხოვოს ზედამხედველობისათვის საჭირო დოკუმენტაცია და გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია, არამედ შეაჩეროს ან გააუქმოს მუნიციპალიტეტის აქტი და ზოგ შემთხვევაში ჩაანაცვლოს კიდეც მუნიციპალიტეტი (133.2 მუხ.). ამავე კოდექსის 135.1 მუხლის მიხედვით, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მიზანშეწონილობა და მუნიციპალიტეტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ანგარიშვალდებულია დარგობრივი ზედამხედველის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე, რომელსაც წელიწადში ორჯერ ეგზავნება ანგარიში კომისიის საქმიანობის შესახებ (საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 5.3, 20.1 მუხ.), საკასაციო პალატა თვლის, რომ მართლზომიერია სააპელაციო პალატის 06.03.2018წ. განჩინება, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის შესახებ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითება, რომ სამეში მესამე პირად ჩართვით მას დაევალება ქვემდგომი ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ფუნქციების შესრულება და სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, არ არის დასაბუთებული. დავაში სამინისტროს მესამე პირად ჩართვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სამინისტრომ, როგორც კონკრეტულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელმა და წარმმართველმა ორგანომ მიიღოს სრული ინფორმაცია სახელმწიფო ქონების განკერძოების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში დააფიქსიროს თავისი პოზიცია კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და სახელმწიფო პოლიტიკასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი