Facebook Twitter

ბს-11-11(კ-18) 09 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 15.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების ცენტრის 16.06.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნ. მ-ისა და ნ. ჯ-ის ნაწილში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.01.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნ. მ-ისა და ნ. ჯ-ის ნაწილში და მოპასუხეთათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.2017წ. განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 16.06.2016წ. გადაწყვეტილება ნ. მ-ისა და ნ. ჯ-ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.01.2017წ. გადაწყვეტილება ნ. მ-ისა და ნ. ჯ-ის ნაწილში, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა“ და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს „...“ ნ. მ-ისა და ნ. ჯ-ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

კასატორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელემ ხელოვნურად გაზარდა ასანაზღაურებელი ხარჯი, ერთი სადაზღვევო შემთხვევა დაყო ორ შემთხვევად, რათა მიეღო მეტი ანაზღაურება. ანალოგიურ შემთხვევებს კლინიკა ყოველთვის ერთ შემთხვევად განიხილავდა. კასატორები თვლიან, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22.5 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ტარიფს უნდა მოეცვა პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილი ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებული ჩარევა, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულება. უდავოა, რომ პაციენტ ნ. მ-ესა და ნ. ჯ-ს არამარტო ოპერაცია ჩაუტარდათ, არამედ იმავე დღეს მოთავსებულ იქნენ რეანიმაციულ განყოფილებაში და გაუკეთდათ სისხლის ტრანსფუზია. მოსარჩელის მიერ თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე გაკეთდა შეტყობინება. კასატორის მოსაზრება, რომ სახეზეა ერთი შემთხვევა, თუმცა ანაზღაურების გაზრდის მიზნით იგი ხელოვნურად დაიყო, არ არის დასაბუთებული, რადგან 22.5 მუხლში მხოლოდ 2016 წლის 01 აპრილიდან ამოქმედებული ცვლილების შედეგად მიეთითა, რომ ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მათ შორის, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნებას. სადავო შემთხვევის დროს მსგავსი ჩანაწერი ნორმაში არ იყო, შესაბამისდ, პოსტანესთეზიური მოვლა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნება ცალკე პროგრამულ შემთხვევად განიხილებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი