Facebook Twitter

ბს-201-201(კ-18) 09 ოქტომბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ი-მა 26.08.2016წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.07.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისათის ქ. ახალქალაქში, სამხედრო ქალაქში, N496 სახლში მდებარე N17 ბინის მესაკუთრედ ლ. ი-ის აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 18.11.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.07.2016წ. ბრძანება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ქ. ახალქალაქში, ..., ... სახლში მდებარე N17 ბინის მესაკუთრედ ლ. ი-ის აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც გამგეობის უფლებამონაცვლის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის პირს უნდა ჰქონდეს არა მარტო კანონიერი სარგებლობის უფლებაწარმომშობი დოკუმენტი, არამედ უნდა დასტურდებოდეს ფართით ფაქტობრივი სარგებლობა. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ლ. ი-ი 2007 წლიდან სადავო ბინით აღარ სარგებლობს. ამასთანავე, 31.03.2006წ. გაფორმებული „სოჭის შეთანხმების“ თანახმად, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზაზე და დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურიდან რუსეთის სამხედრო ბაზის საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით. ბაზის გასვლისას ბაზის ხელმძღვანელობის მიერ შედგენილი და დამოწმებული იქნა იმ პირთა სია, რომლებიც კანონიერად ფლობდნენ დაკავებულ ბინებს და ბაზის გასვლის შემდეგ რჩებოდნენ ამ ბინაში საცხოვრებლად. მათ შორის დასახელებული არ ყოფილა ლ. ი-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ კანონიერი მოსარგებლისათვის ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია არა მარტო კანონიერი სარგებლობის უფლებაწარმომშობი დოკუმენტის არსებობა, არამედ ბინის ფაქტობრივი დაუფლების ფაქტიც, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ. ი-ის სახელზე 27.07.1992წ. გაცემულია N111 ორდერი, რომლის საფუძველზეც ლ. ი-ი სარგებლობდა სადავო ფართით, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. ამდენად, უფლებაწარმომშობი დოკუმენტის საფუძველზე ლ. ი-ი დაეუფლა სადავო ფართს, თუმცა მისი ფლობა შეწყდა 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფართი დაიკავა ვ. კ-მა. ამასთანავე, ვ. კ-ის მართლზომიერი ფლობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში დაცული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ლ. ი-ი - კანონიერი სარგებლობის უფლებაწარმომშობი დოკუმენტის ადრესატი, ვერ ფლობს სადავო ბინას მესამე პირის არამართლზომიერი მფლობელობის გამო. აღნიშნულ გარემოებაზე მითითება გაკეთდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2016წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში და ორგანოს დაევალა გაეთვალისწინებინა ლ. ი-ის მიერ ბინის ვერფლობის გამომწვევი გარემოებები, თუმცა გამგეობის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემულ 20.07.2016წ. სადავო აქტში ბინის ლ. ი-ის სახელზე პრივატიზებაზე უარის თქმის მთავარ საფუძვლად ისევ აღნიშნული გარემოება სახელდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი