Nბს-204-204 (გ-18) 18 ოქტომბერი, 2018წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ს. გ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
26.10.2015წ. ს. გ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 15.09.2015წ. #1032 ბრძანების და ს. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 30.09.2015წ. #1/კ-595 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასსა და სამეურვეო საბჭოს შორის 26.11.2014წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაბა ... რამოდენიმე მაცხოვრებლისგან განიცდიდა დევნას. ამ პირების მიერ საგანმანათლებლო რესუსცენტრში განცხადებების საფუძველზე გამოიცა განათლების და მეცნიერების სამინისტროს 15.09.2015წ. #1032 ბრძანება ... საჯარო სკოლის მიმართ გაფრთხილების თაობაზე, რომლითაც სკოლას განესაზღვრა 1 თვის ვადა აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის. 17.09.2015წ. სკოლის სამეურვეო საბჭოს #2 სხდომის ოქმით საბჭომ არ მიიჩნია საჭიროდ სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება. ბრძანებაში აღნიშნული ვადის გასვლამდე განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ს. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 30.09.2015წ. #1/კ-595 ბრძანება. მოსარჩელე თვლის, რომ აქტი უკანონოა, ვინაიდან ის კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი გახდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 10.09.2015წ. მოხსენებითი ბარათი და შიდა აუდიტის დასკვნა, რომლებიც ძირითადად ეფუძნებოდა დაბა ... მცხოვრების განცხადებებს, განცხადებებში მითითებული გარემოებები სრულად არ გამოკვლეულა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 18.03.2016წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2015წ. N1/კ-595 ბრძანება და ს. გ-ე აღდგენილ იქნა სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ს. გ-ის სასარგებლოდ უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან - 2015 წლის 30 სექტემბრიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 15.09.2015წ. #1032 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხოლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2016წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა, განსახილველი საქმიდან გამოიყო ს. გ-ის საააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოება და საქმე ამ ნაწილში განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ს. გ-ის საააპელაციო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2016წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.09.2017წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და დაინიშნა სასამართლო სხდომა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში იკვეთება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული დავის საგნის არსებობა. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანება გამოცემულია არა საქართველოს შრომის კოდექსის რომელიმე საფუძველზე მითითებით, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-61, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამინიტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლის შესაბამისად საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო, რაც გამომდინარეობს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების შესრულებიდან და შრომის კოდექსით რეგულირებული ურთიერთობიდან. ს. გ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების შემოწმებისათვის უნდა დადგინდეს საჯარო სკოლისათვის გაფრთხილების მიცემა გამოიწვევს თუ არა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შედეგს. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2015წ. N1/კ-595 ბრძანება წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, ხოლო ამ აქტის გაუქმებასთან დაკავშირებული საქმე ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხზე წამოიწყო დავა, რომლის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაუგზავნა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობაში არ იკვეთება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა, რამდენადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. განსახილველი დავის სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირების საჭიროებას პირდაპირ ადგენს კანონი, შესაბამისად სახეზეა კანონისმიერი განსჯადობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავოა ს. გ-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნით გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2015წ. N1/კ-595 ბრძანება (სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ), არ უნდა შეფასდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ დავად, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე გამოცემული ბრძანებით პირის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ს. გ-ის სარჩელი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 30.09.2015წ. #1/კ-595 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა ს. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 30.09.2015წ. #1/კ-595 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის ნორმების მითითება არ გულისხმობს დავის სამოქალაქო სასამართლო წარმოების წესით განხილვას, რადგან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს. ამდენად, განსახილველი დავის სამოქალაქო წესით განხილვის ვალდებულება კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა დოგმატურ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რომელსაც მხოლოდ კონკრეტული მართლწესრიგისათვის აქვს მნიშვნელობა, არ არსებობს უნივერსალური გამიჯვნის წესები. სხვადასხვა ქვეყნის ადმინისტრაციული იუსტიციის ორგანოების კომპეტენცია შედგება კანონებით და სასამართლო პრაქტიკით, ისტორიული მეტამორფოზებით დამკვიდრებული საერთო და საგამონაკლისო წესებისაგან, საგამონაკლისო წესები ზოგჯერ აფართოებენ ან ზღუდავენ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა მოცემულ შემთხვევაში არ იძლევა ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების იურისდიქციის გაფართოების შესაძლებლობას, საამისოდ საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა. შესაბამისად კანონისმიერ განსჯადობას ვერ შეცვლის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა სადავო აქტის ბუნების, სადავო აქტში აქტის გამოცემის საფუძვლად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მითითება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს სარჩელი წარმოებაში თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სსკ-ის 187-ე მუხლის თანახმად, არაგანსჯადობის გამო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს განჩინება და მიუთითოს განსჯადი სასამართლო. უწყებრივი ქვემდებარეობისაგან განსხვავებით, რომელსაც სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სამოქალაქო საქმეების განმხილველი სააპელაციო სასამართლოს პალატა სსკ-ის 377-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განსჯადობის საკითხს ამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ამდენად, განსჯადობაზე დავას, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, სამოქალაქო სამართლაწარმოებას აქვს არა იმპერატიული, არამედ უმეტესად დისპოზიციური ხასიათი. საქმის განსჯადობის საკითხის სადავოდ გახდომა სამოქალაქო კატეგორიის საქმეთა განმხილველ სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია აგრეთვე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის განმხილველი სასამართლოდან საქმის განსჯადობით განსახილველად გადაგზავნის შემთხვევაში, უკეთუ სამოქალაქო კატეგორიის საქმეების განმხილველი სასამართლო არ ეთანხმება მისთვის განსახილველად გადმოგზავნილი საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას, ასეთ შემთხვევაში სასკ-ის 26-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია სადავოდ გახადოს განსჯადობა და განსჯადობის შესახებ დავა გადასაწყვეტად გადაუგზავნოს საკასაციო სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოებაში მიღებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განსჯადობის საკითხი სასამართლოების მიერ არ დასმულა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ეხებოდა ს. გ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობით ადმინისტრაციული პალატისათვის განსახილებლად გადაცემას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2016წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა, განსახილველი საქმიდან გამოიყო ს. გ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოება და საქმე ამ ნაწილში განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2015წ. #1/კ-595 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის მოთხოვნას, სააპელაციო პალატის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სასამართლომ მხარეებს შესთავაზა განსჯადობის თაობაზე მოსაზრებების გამოთქმა, მხარეებმა განაცხადეს, რომ საქმე სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით უნდა განხილულიყო. ამდენად, სააპელაციო ინსტანციაში დავის განმხილველი სასამართლოს განსჯადობის საკითხი განსახილველ ნაწილში მხარეებს არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ, პირიქით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.12.2017წ. სხდომაზე მოსამართლემ, მხარეთა მითითების გარეშე წამოჭრა განსჯადობის საკითხი და იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარე მიიჩნევდა დავის სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით განხილვის საჭიროებას, საგნობრივი განსჯადობის საკითხზე პირდაპირი საკანონმდებლო რეგლამენტაციის („ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხ.) და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიუხედავად (იხ. სუს 28.03.2017წ. Nბს-934-926(გ-16) განჩინება), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმე განსახილველად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადასცა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა პალატის ქვემდებარეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ს. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2015წ. #1/კ-595 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი