ბს-212-212 (კ-18) 04 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
15.09.2016წ. მ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირების: სს „...“, დ. ე-ის და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 22.02.2016წ. #A15096715-017/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე ჩათვალეს მ. მ-ის ხელმოწერები ნამდვილად, რომ არ შეამოწმეს აღნიშნული საკითხი. არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. მ-ის შუამდგომლობა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. 25.12.2017წ. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან გაფორმებული დოკუმენტის ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექპერტიზის ჩატარების თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტზის ჩატარება გარკვეული ტექნიკური მიზეზით შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც ადასტურებს ხელმოწერების ნამდვილობის თაობაზე მსჯელობის დაუსაბუთებელობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის გარეშე მ. მ-ის ხელმოწერების ნამდვილად მიჩნევა გადაწყვეტილების უკანონობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარზე დართული 27.12.2017წ. პასუხი ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურიდან არ ადასტურებს მ. მ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას, კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს მ. მ-ის ხელმოწერის სიყალბეს. 27.12.2017წ. პასუხით მხარეს ეცნობა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარება და იგი არ შეიცავს რაიმე დასკვნას ხელმოწერების სიყალბისა თუ ნამდვილობის თაობაზე. გარდა ამისა, საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მ. მ-ის ინფორმირებულობა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე, მაგ.: იგი პირადად იღებდა მონაწილეობას 12.12.2015წ. აღმასრულებლის მიერ ქონების დაყადაღებასა და აღწერაში (ტ.1.ს.ფ.205-208), 13.01.2016წ. აღმასრულებლის მიერ მ. მ-ს პირადად ეცნობა უძრავ ქონებაზე აუქციონის დანიშვნის თაობაზე (ტ.1.ს.ფ.265-266). ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი არ ავალდებულებს აღმასრულებელს იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას თითოეული სააღსრულებო მოქმედების შესახებ აცნობოს მოვალეს (17.10; 25.8 მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინება;
3.ა. გ-ას (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.04.2018წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი